ადვოკატი გაბუნია – ”თამარ საძაგლიშვილს არ ახსოვს, რომ ბავშვს დანა დაარტყა”

ადვოკატი გაბუნია - ”თამარ საძაგლიშვილს არ ახსოვს, რომ ბავშვს დანა დაარტყა”პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს ბრალი წაუყენეს არასრულწლოვნის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და მისი დის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობისთვის.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა, ალექსი გაბუნიამ განუცხადა.

დაკავებულ ქალს ბრალი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გააცნეს. მისი ადვოკატის თქმით, საძაგლიშვილმა სახლიდან წასვლა, პეკინზე ყოფნა გაიხსენა, თუმცა მომხდარი ფაქტი ფსიქიკური პრობლემის გამო არ ახსოვს.

“ბრალი წაუყენეს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის და ასევე, ასეთი დაზიანების მცდელობისთვის. მისი პოზიცია არის ასეთი, რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია, მსგავსი არაფერი ახსოვს. მან გამომძიებელს ჩვენება მისცა და თქვა, რომ იმ დროს პეკინის ქუჩაზე იმყოფებოდა, მაგრამ მსგავსი რამ არ ჩაუდენია.

კადრებში შეიძლება ჩანს, მაგრამ მას ეს ფაქტი არ ახსოვს. ჩემი ვარაუდით, ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ახსოვს, რომ პეკინზე მაღაზიებს ათვალიერებდა, რომ სახლიდან წამოვიდა, ისიც ახსოვს, რომ მაღაზიებში შესვლასაც აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და შემდეგ არაფერი ახსოვს.

დანის ქონას კატეგორიულად უარყოფს, არ მქონიაო, ამბობს. ბრალის დადგენილებით დაზიანება დანით არის მიყენებული. საბოლოოდ ექსპერტიზა განსაზღვრავს, დაზიანება მძიმე არის თუ არა”, – აცხადებს გაბუნია.

თუკი გამოძიება საძაგლიშვილის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას არ დანიშნავს, ამას თავად მოითხოვს.

“მოგეხსენებათ, გამოძიება ახლა დაიწყო. ჩვენთვის უცნობია, დაინიშნა თუ არა ექსპერტიზა. თუ გამოძიება არ დანიშნავს, ჩვენ დავნიშნავთ. მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოვითხოვთ, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დევნა არც უნდა დაწყებულიყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი მასალები უნდა მოკვლეულიყო. სისხლის სამართლის კოდექსი ასეთ შემთხვევაში გამორიცხავს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოდუნებულია, შეიძლება ითქვას, რომ არაადეკვატურია, იმიტომ, რომ ლაპარაკიც უჭირს, ვერ საუბრობს”, – განაცხადა გაბუნიამ.

ადვოკატის თქმით, ის ბოლოს მკურნალობის მიზნით კლინიკაში 2017 წელს იყო მოთავსებული.

“მკურნალობდა და ახლაც მკურნალობს, საკმაოდ მძიმე პრეპარატებს იღებს. პატიმარს დღეს პირველად შევხვდი, 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, მეტი ინფორმაცია არ მაქვს. მას დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რამდენიმე ათეული წელია. სამედიცინო დაწესებულებაშიც იწვა, სხვადასხვა დაწესებულებაში. ბოლოს ფსიქიკური პრევენციის ცენტრში 2017 წელს რამდენიმე დღე იწვა და პრეპარატები აქვს დანიშნული”, – აცხადებს გაბუნია.

იპნ