ალხას კვიცინია ქართველებთან ურთიერთობის განვითარების მომხრეა

ალხას კვიცინია ქართველებთან ურთიერთობის განვითარების მომხრეამარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
ოკუპირებულ აფხაზეთში ახლოვდება დეფაქტო საპრეზიდენტო არჩვევნები. არჩევნების წინა პერიოდი დაემთხვა 2.008 წლის მოვლენების 11 წლისთავს. ეს თარიღი საოკუპაციო რეჟიმმა თბილისის მიუღებელ პოლიტიკაზე სასაუბროდ გამოიყენა. ამ მხრივ აქტიური იყო მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რომელმაც ბოლო დროს კრემლმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.
ამ ფონზე კონტრასტულად გამოიყურება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, „ამცახარას“ ლიდერის ალხას კვიცინიას კომენტარი. კვიცინია აფხაზეთს სახელმწიფოდ მიიჩნევს, თუმცა ის ხაჯიმბასავით აგრესიული არ არის. ჟურნალისტის შეკითხვაზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ კვიცინია პასუხობს, რომ ორი სახელმწიფო ერთმანეთის მეზობელია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ურთიერთობის აწყობა ქართველებთან და პირველ რიგში, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა.
ალხას კვიცინიას მხარდაჭერისაკენ საზოგადოებას მოუწოდა პოზიციის კანდიდატმა ასლან ბჟანიამ, რომელიც საეჭვო გარემოებებში დაავადმყოფდა.
ალხას კვიცინია კვლავინდებურად აცხადებს, რომ ბჟანია, რომელიც კანდიდატად „ამცახარამ“ დაასახელა, მოწამლეს. „ამცახარა“ და ბჟანია ხუთი წელია, ერთად არიან. იგი იძულებული გახდა, მის მაგივრად ჩაბმულიყო საარჩევნო კამპანიაში.
კანდიდატების სიმრავლეს კვიცინია არჩევნების პოპულარობით ხსნის. მისი აზრით, არჩევნებში მონაწილეობას ვერ უნდა ბედავდეს ხაჯიმბა, რომელმაც აფხაზეთი დააქცია.
მისი შეფასებით, ხაჯიმბას პრეზიდენტობის შედეგად შეიქმნა უმძიმესი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, მოხდა ხელისუფლების დეგრადაცია, გაიზარდა კორუფცია, საზოგადოება გაიხლიჩა, დამნაშავეობამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია.
ამის დასაძლევად კვიცინია თავის გუნდთან ერთად, რომელშიც ბჟანიაც მოიაზრება, აპირებს ბჟანიას მიერ შემუშავებული პროგრამის განხორციელებას.
იგეგმება რეფორმები თითქმის ყველა სფეროში, მმართველობით დაწყებული, პოლიტიკით, ეკონომიკითა და სამართლადამცავი სისტემით დამთავრებული. გაბერილი შტატები შემცირდება და ასპარეზი ეხსნებათ ახალგაზრდებს.
აფხაზეთში დიდ მღელვარებას იწვევს ნახშირწყალბადების, განსაკუთრებით-ნავთობის მოძიება-მოპოვების საკითხები. საუბარია როგორც ზღვის შელფზე, ისე ხმელეთზე. საზოგადოების ნაწილი საერთოდ ამის წინააღმდეგია, ნაწილი კი რეგულაციებს მოითხოვს.
ალხას კვიცინია აღნიშნავს, რომ ნავთობის მოპოვების საკითხი სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს.
მისი აზრით, თუ ამ საქმიანობაში რუსეთის მხრიდან ჩართულია რომელიმე კომპანია, აფხაზეთის მხრიდან მისი პარტნიორი აუცილებლად სახელმწიფო უნდა იყოს.
მისი თქმით, ასეთი მიდგომის შემთხვევაში თავს ვეღარ წამოყოფენ საეჭვო ფირმები, რომლებსაც ანგარიშები ოფშორებში აქვთ გახსნილი.
რუსეთში ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას აფხაზეთის უძრავი ქონების პრობლემის მოუგვარებლობის გამო – ვინც აფხაზეთის მოქალაქე არ არის, მას რესპუბლიკაში უძრავი ქონების ყიდვა ეკრძალება. ხაჯიმბამ ეს საკითხი ვერ გადაჭრა. შესაძლოა, კრემლმა მას პრობლემის მოგვარების პირობა სამომავლოდ ჩამოართვა.
ალხას კვიცინია ამ სფეროს მოწესრიგების შესაძლებლობას უახლოეს ხანში ვერ ხედავს. მისი თქმით, მოსაწესრიგებელია მიწის კადასტრი და უძრავი ქონების სამართლებრივი ბაზა. როცა ეს საკითხები მოგვარდება, ეტაპობრივად შესაძლებელია უძრავი ქონების ბაზრის ამუშავება.
ცოტა ხნის წინ კვიცინიამ ისიც განაცხადა, რომ აფხაზეთი რესპუბლიკაში მცხოვრებ ყველა ეროვნებას ეკუთვნის და ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული.
კვიცინიას თქმით, დასაცავია აფხაზური ენა და კულტურა.
ქართველების დევნა-შევიწროება ხაჯიმბას დროს ყველასთვის თვალშისაცემი გახდა. ამ დღეებში დადგინდა ბინადრობის გაცემის წესები და ტარიფი. ქართველებს, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს აფხაზების წინააღმდეგ იბრძოდნენ ან ქართველებს ეხმარებოდნენ, ბინადრობის მოწმობასაც არ აძლევენ.