არჩილ თალაკვაძეს ბეგლარ სიორიძემ გუბერნატორობა მოსთხოვა – რა მოხდა ბახმაროში

არჩილ თალაკვაძეს ბეგლარ სიორიძემ გუბერნატორობა მოსთხოვა - რა მოხდა ბახმაროშიპარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა, კურორტ ბახმაროში, ფერიცვალების ტრადიციულ დღესასწაულზე, ტრადიციული დოღის მიმდინარეობისას მიაყენეს.

“გურიის მოამბის” ინფორმაციით, დოღის მიმდინარეობისას, საპატიო სტუმრებისათვის ფინიშთან აღმართული სახელდახელო კარავიდან პარლამენტის თავმჯდომარე სასაუბროდ გვერდზე ქალაქ ოზურგეთის ყოფილმა მერმა, ბეგლარ სიორიძემ გაიყვანა.

საუბარი მალევე ხმამაღალ კამათსა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

ახლომახლო მყოფ დამსვენებელთა ინფორმაციით, სიორიძე არჩილ თალაკვაძისაგან დაპირებულ გუბერნატორობას მოითხოვდა.

“ვიღაც თავგადაპარსული ბრგე კაცი, რომელიც დღესასწაულის დროს ვანო ჩხარტიშვილის ირგვლივ ტრიალებდა, პარლამენტის თავმჯდომარეს გუბერნატორის მოხსნასა და მის დანიშვნას სთხოვდა, კარგად გავიგონე სიტყვები “დაპირებას შესრულება უნდა, ძმაო” – გვიყვება ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც დღესასწაულზე დასასწრებად ბახმაროში ქალაქ ბათუმიდან ჩამოვიდა.

იმავე წყაროს ინფორმაციით, თალაკვაძემ საუბარი სიტყვიერი შეურაცხყოფისთანავე შეწყვიტა და კარავში დაბრუნდა.

“გურიის მოამბემ” ამ ინფორმაციის გადამოწმება ორივე მხარესთან სცადა, ბეგლარ სიორიძის გარემოცვის წევრმა კამათი დაადასტურა, თუმცა, სიტყვიერი შეურაცხყოფა გამორიცხა.

არჩილ თალაკვაძეს კი კომენტარი არ გაუკეთებია.