ბაჩუკი ქარდავა – “გახარიას პრემიერად დანიშვნას ვერ გაბედავენ”

ბაჩუკი ქარდავა - "გახარიას პრემიერად დანიშვნას ვერ გაბედავენ"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ბაჩუკი, შემოდგომიდან ქვეყანა წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში გადავა. თქვენი მოლოდინი როგორია, ხელისუფლებას აგრესიული კამპანია ექნება თუ 20 ივნისის შემდეგ თავშეკავებით მოიქცევა?
– 20 ივნისის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ჩამოყალიბდა როგორც რეჟიმი. ხელისუფლება ქვეყნას გაუგებარი მომავლისკენ მიაქანებს ამ ქაოსით, ამ რეპრესიებით, კანონების საკუთარ თავზე მორგებით. არ მუშაობს ინსტიტუციები. კონსტიტუცია ფეხქვეშ არის გადებული. კონსტიტუციაც და სახელმწიფო ინსტიტუტებიც ჩვენს ქვეყანაში ერთი ადამიანი გახდა – ბიძინა ივანიშვილი.
შემოდგომაზე საზოგადოების პროტესტი ძალიან მწვავე იქნება. წრამოუდგენელია, 21-ე საუკუნეში ქართველმა ხალხმა ვინმეს უფლება მისცეს, ერთი მხრივ, ქვეყანაში დიქტატურა დაამყაროს და მეორე მხრივ, ქვეყანა რუსულ ორბიტაზე გადაიყვანოს.
– შემოდგომაზე ფართომასშტაბიანი აქციები იგეგმება?
– შემოდგომაზე ძალიან მწვავე პროტესტს უნდა ველოდოთ და სწორედ ამისთვის უნდა ემზადოს ხელისუფლება.
– რა მოთხოვნა ექნება ოპოზიციას?
– მე კონკრეტულ აქციას არ ვაანონსებ ამ შემთხვევაში. მე ვსაუბრობ საზოგადოების იმ განწყობაზე, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება და ეს შეუიარაღებელი თვალით ჩანს.
ადამიანები ფაქტიურად შიმშილობენ, არ აქვთ წამლის ფული, ლარი რა მდგომარეობაშიც არის, გასაგებია. ეს ყველაფერი იწვევს ადამიანებში უკმაყოფილებას და გაბრაზებას, რომელიც აკუმულირდება, გროვდება და შემდეგ ერთ დიდ პროტესტად გადაიქცევა ხოლმე.
– საპროტესტო განწყობა იზრდება?
– დიახ, იზრდება, მე სწორედ ამაზე ვსაუბრობ. რაც შეეხება სექტემბერში დაანონსებულ დიდ აქციას, რამდენადაც ვიცი, ახალგაზრდების მიერ, “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” მიერ არის დაანონსებული, რომელიც შეიძლება არ იყოს ერთადერთი აქცია.

– 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებზე რა შანსები აქვთ ხელისუფლებას და ოპოზიციას? “ქართული ოცნება” არჩევნების მოგებას აპირებს.
– ივანიშვილი არჩევნებს ვერ მოიგებს და თუ მოიპარავს არჩევნებს, მაშინ ამომრჩევლისგან პასუხსაც მიიღებს. საპრეზიდენტო არჩევნებზე რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ტოტალური მოსყიდვა და თუ იგივეს გაიმეორებს ამჯერადაც, მაშინ მიიღებს იმას, რასაც დასთესს.
დღეს ადამიანების განწყობა ხელისუფლების მიმართ ნეგატიურია. ამ განწყობით ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს ვერ მოიგებს, რადგან “ქართულ ოცნებას” მხარდაჭერა არ აქვს. მას მხარს უჭერს ამომრჩევლის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებისგან იკვებება, თუ შეიძლება ასე ითქვას.
საზოგადოების ამ განწყობის პირობებში ნებისმიერი მცდელობა არჩევნების გაყალბების, მოპარვის და ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნებისა, პასუხგაცემული იქნება. ეს შეიძლება არ იყოს პოლიტიკური ოპოზიციის არჩევანი, მაგრამ მოვლენების განვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას.
– სამთავრობო ცვლილებებზე მინდა გკითხოთ, პრემიერად გახარია თუ ცქიტიშვილი, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
– გახარიას არათუ პრემიერ-მინისტრად დაწინაურება, მისი შინაგან საქმეთა მინისტრად დარჩენაც კი ავანტიურაა, რადგან ხალხის მოთხოვნაა მისი გადადგომა.
ამ ფონზე გახარიას გაპრემიერება სერიოზული გამოწვევა იქნება. არა მგონია, ეს გააკეთონ.