ბათუმში 25 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა 4 აგვისტოს საღამოს 10 საათზე გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საშაურმეში მოხდა.
თვითმხილველის თქმით, რომელიც საშაურმეს თანამშრომელია, ტერასაზე ერთ მაგიდასთან რამდენიმე ქართველი ბიჭი იჯდა. მათ გვერდით ისხდნენ არაბი ტურისტები. მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, რაც შემდეგ კონფლიქტში გადაიზარდა. ამ დროს არაბმა დანა ამოიღო და ახალგაზრდა კაცი ფეხში დაჭრა.
დაჭრილი პირი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა ფეხში დაზიანებებით. დაზარალებულმა მათ უთხრა, რომ „მშენებლობაზე იყო და შიფერი დაეცა“.
მოგვიანებით შსს-მ 1 პირი დააკავა.
ფეხის არეში დაჭრილმა ბიჭმა კლინიკა დატოვა.
„ბათუმში, ღამით გორგილაძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 118 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პოლიციამ დაადგინა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, რომელიც გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”,- განაცხადეს შსს-ში.

