ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი დაკავებულია – ვიდეო

პოლიციამ დააკავა ქალი, რომელმაც 27 აგვისტოს საღამოს, თბილისში, პეკინის გამზირზე ცივი იარაღით დაჭრა მცირეწლოვანი ბავშვი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.“

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე. სისხლის სამართლის კოდექსით, მსგავსი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ამ ზოგადი ინფორმაციის გარდა, შსს ჯერჯერობით არაფერს ამბობს.

პეკინის გამზირზე ქალის მიერ დაჭრილ ბავშვს 27 აგვისტოს ღამით, ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს ჟვანიას სახელობის კლინიკაში.

ყბა-სახის ქირურგმა, ნათია ვასაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „პაციენტს აღენიშნებოდა ღრმა, ნაკვეთი ჭრილობები ცხვირის და მარჯვენა ლოყის მიდამოში.” ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი