აბსოლუტურად ლოგიკურია ვთქვათ, რომ ეს გამოძიება უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ 2018 წლის აგვისტოში დაწყებულ საქმეზე მის გამოკითხვაზე დაბარებას.
მისივე თქმით, გამოძიების ფარგლებში სააგენტო მის „საქართველოს ფოსტაში“ მუშაობის პერიოდს იკვლევს, სადაც გეგიძე დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.
ამასთან, გამოძიების დაწყების მიზეზებზე საუბრისას, გეგიძემ რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მოღვაწეობისას ის კრიტიკულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს ყოველთვის საკუთარი თავისუფლების ხარისხიდან გამომდინარე იღებდა.
„ეს საკითხი ეხება ჩემს საქმიანობას წინა სამსახურში – „საქართველოს ფოსტაში“. იქ მე დირექტორის მოადგილე ვიყავი. აქედან გამომდინარე, მქონდა კონკრეტული პასუხისმგებლობები და კომპეტენციები, რომლის ფარგლებშიც ვახორციელებდი ჩემს საქმიანობას. ამის შემდგომ მე განვაგრძე პოლიტიკური საქმიანობა.
ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, მე ჯერ ვაკის მაჟორიტარი გავხდი, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და პატივია. 2018 წელს გავხდი ფრაქციის თავმჯდომარე და ამის შემდგომ გავხდი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი. მგონია, რომ აი, ამ პერიოდში ყველაზე კრიტიკულ თემებზე გადაწყვეტილებებს ყოველთვის ჩემი თავისუფლების ხარისხიდან გამომდინარე ვიღებდი.
როგორც გაირკვა, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო 2018 წლის ზაფხულში ანუ მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი და მქონდა ჩემი კრიტიკული ხედვები, პოზიციები და არგუმენტები პოლიტიკურ პროცესში. პარალელურად, 2018 წლის ივნისის შუა რიცხვებში მოხდა ის, რომ პრემიერ-მინისტრი, ჩემი მეგობარი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა, 2 აგვისტოს კი დაიწყო გამოძიება. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, ვთქვათ, რომ ეს გამოძიება უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას,“ – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.
მისივე ინფორმაციით, გამოძიების შესახებ მეტი დეტალი მას შემდეგ ეცოდინება, რაც გამოკითხვაზე მივა და სუს-თან კომუნიკაცია ექნება.
ბიძინა გეგიძე ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე დღეს იყო დაბარებული, თუმცა არ მივიდა.
“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის პარლამენტში წარმოდგენის შემდეგ გადავწყვეტ, დავტოვებ თუ არა უმრავლესობას”, – განაცხადა მან.
დეპუტატის თქმით, ის იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ სიას ყურადღებით გაეცნობა, თუმცა ამბობს, რომ ოპტიმიზმის საფუძველი არ აქვს.
„სია, რომელიც გამოაქვეყნა იუსტიციის საბჭომ, ჯერ შესწავლილი არ მაქვს, უნდა შევისწავლო. ვცდილობ, პასუხისმგებლობით მოვეკიდო ამ სიას. თუმცა, მთელმა ამ პროცესმა ჩემში ვერ გამოიწვია იმის ოპტიმიზმი, რომ ამ სიას მხარდაჭერა გამოვუცხადო. ვთქვი, რომ პროდუქტზე, რომელიც სიის სახით შემოვა პარლამენტში, მასზეა დამოკიდებული, დავტოვებ თუ არა უმრავლესობას. ამ სიტყვას არ გადავალ. თუ ვიტყვი, რომ ეს სია ჩემს მხარდაჭერას არ იმსახურებს, უმრავლესობიდან გავალ, მით უმეტეს, თუ ეს უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს“,- განაცხადა გეგიძემ.
რაც შეეხება კითხვას, უპირისპირდება თუ არა ბიძინა გეგიძე მმართველ გუნდს, ის აცხადებს, რომ მას კითხვები ხშირად ჰქონია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, თუმცა ამას დაპირისპირებად არ აფასებს.
„დიდი ხანია ჩვენი მოქალაქეები მკაფიოდ სვამენ კითხვებს, კითხვები მეც დამისვამს უმრავლესობის შიგნით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვუპირისპირდები იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც წარმოვადგენ“,- აღნიშნა გეგიძემ.

