საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბიძინა გეგიძეს მოწმის სახით კითხავენ.
საქმე 2014-2016 წლებში მის „საქართველოს ფოსტაში“ საქმიანობას ეხება.
როგორც ბიძინა გეგიძემ უწყებაში შესვლამდე განაცხადა, მან არ იცის რა საქმეზე უნდა დაიკითხოს და მისი საქმიანობის რომელი ეტაპითაა დაინტერესებული სუს-ი.
„ეს არის პოლიტიკური პროცესი,“ – განაცხადა მან.
უწყებაში შესვლამდე გეგიძეს დეტალებზე აღარ უსაუბრია, თუმცა, ისევ გაიმეორა, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია და გამოძიება პოლიტიკურია.
„მე ვარ პოლიტიკოსი, ჩემი პასუხისმგებლობა სხვა პასუხისმგებლობებს შორის არის ის, რომ ვიყო, რაც შეიძლება ვიყო მაქსიმალურად საჯარო, გავასაჯაროვო ჩემთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ყველა თემა. სოციალურ ქსელში დავდე და როდესაც საკმაოდ აქტიური ინტერესი იყო, ამიტომაც დავნიშნე ბრიფინგი,“ – განაცხადა გეგიძემ.

