ბიძინა გუჯაბიძე – “კეზერაშვილის საქმეზე პროკურატურამ რაღაც იმაიმუნა”

ბიძინა გუჯაბიძე - "კეზერაშვილის საქმეზე პროკურატურამ რაღაც იმაიმუნა"გულიკო ბალაძე, ახალი თაობა

პარლამენტის ყოფილი წევრი ბიძინა გუჯაბიძე “ახალი თაობის” კითხვებს პასუხობს.
– ბატონო ბიძინა, ბოლო დროს გახშირდა დაპატიმრებები. ზოგს გირაოთი უშვებენ, ზოგს პატიმრობაში ტოვებენ. ეს პროცესი საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილებასაც იწვევს. თქვენ რა აზრი შეგექმნათ?
– საერთოდ, მე დაპატიმრებისა და რაღაც მსგავსი სანქციების მომხრე არ ვარ ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მაგრამ სახელმწიფოს თავისი კანონები აქვს და ნებისმიერი ხელისუფლება იმ კანონების შესაბამისად უნდა მოქმედებდეს. ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, მან პასუხი უნდა აგოს. ეს არის აქსიომა.
– ზოგიერთ საქმეს უსაფუძვლოდ რომ მიიჩნევენ?
– არა მგონია, გაჩალიჩებული იყოს და რამეს სპეციალურად უთხზავდნენ.
– ბოლო პერიოდში ვინც დააპატიმრეს?
– ბოლო პერიოდში ვინც დააპატიმრეს, როგორც ჩანს, პატიმრობას ექვემდებარებიან. ზოგის მიმართ გირაოს გამოყენებაც ხდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ირაკლი ოქრუაშვილი ამას იმსახურებს, პატიმრობაში რომ დატოვეს. დაველოდოთ გამოძიებას და დრო გვიჩვენებს.
– “ოცნების” ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად კეთდება. უნდათ, პოლიტიკურად აქტიური პირები პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოაცილონ და 2020 წლისთვის პოლიტიკური სივრცე გაისუფთავონ.
– ამ აზრის მომხრეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პოლიტიკოსობა ინდულგენცია არავისთვის არ არის. ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ თუ დანაშაულს ჩაიდენ, პასუხისმგებლობა არ დაგეკისრება. პოლიტიკოსს უფრო მეტი მოეთხოვება. სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაწყებულია.
ხელისუფლებას მოსახლეობა აყვედრიდა, ესა თუ ის პოლიტიკური ფიგურა რატომ არ დასაჯეთ, რატომ ახორციელებთ შერჩევით მართლმსაჯულებასო. სამართლიანობის აღდგენა დაიწყო. დანაშაული არავის ეპატიება. სამართალმა უნდა იზეიმოს.
– ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, რაც მეტ ოპოზიციონერს დაიჭერს ხელისუფლება, მით უფრო დაახლოვდება მისი აღსასრული. თქვენი პოლიტიკური გამოცდილება დღევანდელ სიტუაციაზე მსგავსს არაფერს გეუბნებათ?
– ჩემი პოლიტიკური გამოცდილება, რა თქმა უნდა, პატიმრობის გამოცდილებასაც გულისხმობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, როდესაც სახელმწიფოა, კანონის წინაშე დამნაშავემ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი არ უნდა აგოს. კანონის წინაშე ნებისმიერმა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.
ხელისუფლების შეცვლის მოახლოება ამით არ ხდება. მოსახლეობის უმრავლესობა სამართლიანონის აღდგენას მოითხოვს, რაც ნაწილობრივ დაწყებულია. ასე რომ, არავითარი ხელისუფლების აღსასრული ამით არ ჩანს.
ოპოზიციას უნდა, ასე წარმოაჩინოს. ამ განცხადებებით ხელისუფლებას აშანტაჟებენ. ნუ დაგვიჭერთ, თორემ თქვენი აღსასრული მოვაო. ამიტომ ასეთი განცადებები, გარკვეულწილად, შანტაჟია.
– კეზერაშვილს ბევრი ბრალდება ჰქონდა წარდგენილი დაუსწრებლად. ის დააპატიმრეს საფრანგეთში, მაგრამ საქართველოდან არ გაიგზავნა შესაბამისი მტკიცებულებები. მაშინ გაჩნდა კითხვა, აქ საბოტაჟს ხომ არ ჰქონდა ადგილი. ის ახლა ტელევიზიას აკეთებს. თქვენი აზრი როგორია ამასთან დაკავშირებით?
– კეზერაშვილთან დაკავშირებით მაშინ, მგონი, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა რაღაც იმაიმუნეს. რა მოხდა, რატომ ვერ მიაწოდა საქართველოს პროკურატურამ მტკიცებულებები, ყველა შემთხვევაში დასადგენია, რადგან ახლა კეზერაშვილი პატიმრობაში უნდა იყოს. რაღაც რომ მოხდა, ცხადია. რა მოხდა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მე მგონი, ეგეც გაირკვევა.
– კეზერაშვილმა თქვა, რომ თანაუგრძნობს იმ აქციებს, რომლებიც იმართებოდა და იმართება პარლამენტის წინ. ეს ტენდენცია რას გვეუბნება?
– სიმართლე გითხრათ, კეზერაშვილის ბიოგრაფიას თვალს არ ვადევნებ. საიდან მოიპოვა მან ასეთი თავისუფლება, ჩემთვის, ჯერჯერობით, ამოცანაა. როგორ დაიძვრინა კეზერაშვილმა თავი, ჯერ არ ვიცი. დასადგენია, ვინ შეუწყო ხელი.
– 4 საქმეზე თავი დაიძვრინა, მაგრამ, მგონი, ერთ საქმეზე მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება არ დასრულებულა.
– თუ კეზერაშვილი უდანაშაულოა, ჩამობრძანდეს და დაამტკიცოს. ის ინტერპოლის ძებნილი იყო. იქიდან როგორ დაიხსნა თავი, ეს არის დასადგენი.
– ახლახანს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა ქადაგიძემ პარლამენტის წინ აქციაზე განაცხადა, რომ ეროვნულ ბანკში ბევრია ისეთი, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას თანაუგრძნობს. ეს განცხადება რას გაფიქრებინებთ?
– ზუსტად ისეთივე განცხადებაა, როგორც ოქრუაშვილს ეგონა, რომ თავის სასარგებლოდ ლაპარაკობდა და შემდეგ მის საწინააღმდეგოდ გამოვიდა. სწორედ ასეთი რამ თქვა ქადაგიძემ. თუ ეროვნულ ბანკში ისეთი ხალხია, რომელიც აქციას თანაუგრძნობს, ეს საბოტაჟის ნიშნებია. ამას ყურადღების მიქცევა უნდა. ხელისუფლებამ ამაზე უნდა იმუშაოს.
– ყურადღების მიქცევა როგორ უნდა?
– ქადაგიძის მხრიდან ეს არის გათქმა. ამას ჰქვია ქადაგიძის მხრიდან თავისი პოლიტიკური ძალის მომხრეების დანაშაულის გათქმა. დანარჩენი ხელისუფლებაზე და გამოძიებაზეა. როგორ მოქმედებენ, რას აკეთებენ ეროვნულ ბანკში, რატომ ვერ ინარჩუნებს ლარი თავის მყარ ნიშნულს. სავსებით შესაძლებელია, მათი მხრიდან საბოტაჟი ხორციელდებოდეს.
– ქადაგიძემ თქვა, დამერწმუნეთ, რომ თანაგიგრძნობენო, ანუ ქადაგიძე ამას დარწმუნებით ამბობდა და არა ვარაუდით.
– ამ განცხადებით ქადაგიძე აქციის მონაწილეებს აგულიანებს, რა პროცესებიც მიდის, ხელისუფლების ბრალია, რომ ხელისუფლება ლარს ვერ ამყარებს, თქვენ კი ეროვნული ბანკის წარმომადგენლები თანაგიგრძნობენო. სინამდვილეში, ქადაგიძემ თავისი კავშირი გათქვა. არ არის გამორიცხული, ლარის გაუფასურების მექანიზმებსა და ბერკეტებზე მას ხელი მიუწვდებოდეს, შესაბამისად, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გარკვეული სეგმენტი საბოტაჟის ქვეშ იყოს.