”ბიჭები წმინდა გიორგის ეკლესიაში შუადღეს წავიდნენ და შემდეგ აღარავის უნახავს” – ახალუბანში საქართველოს 7 მოქალაქე გაუჩინარდა

”ბიჭები წმინდა გიორგის ეკლესიაში შუადღეს წავიდნენ და შემდეგ აღარავის უნახავს” - ახალუბანში საქართველოს 7 მოქალაქე გაუჩინარდაგამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის მცხოვრები 7 ადამიანი, სავარაუდოდ, რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ამის შესახებ ქართლი.გე-ს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ტარიელ ვათიაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, მათ შორის 18 წლის ბიჭია, ხოლო დანარჩენები 33-38 წლისები არიან.

,,7-ვე მათგანთან სატელეფონო კონტაქტი გაწყვეტილია. თუ ჩამოართვეს ტელეფონი, ბუნებრივია, ვეღარ დავუკავშირდებით” – აცხადებს ვათიაშვილი.

მისი განმარტებით, ეკლესიის ტერიტორიაზე ტელეფონს მიღება აქვს და ამიტომაც მოსახლეობა
ფიქრობს, რომ ისინი დააკავეს.

ჯერ-ჯერობით, სხვა ინფორმაცია მოსახლეობას არა აქვს.

ტარიელ ვათიაშვილი ამბობს, რომ წმინდა გიორგის ეკლესიაში ბიჭები შუადღეს წასულან:

,,დღეს არანაირი დღესასწაული არაა, თუმცა, როგორც ჩანს, მოიწადინეს ასვლა”.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას უკვე ფლობენ და მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება.

“ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გაუჩინარებულია 7 ადგილობრივი. ყველა უწყებას მივაწოდეთ ინფორმაცია, მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. ვიდრე დამატებითი ინფორმაცია არ გვექნება, დეტალებზე საუბარი რთულია”, – განაცხადა ერასტი ელიჯარაშვილმა.

„დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაგვაჩნია, თუმცა ვიცით, რომ ჩვენი სოფლის მცხოვრებლები, აღნიშნული პირები, ვისი ადგილსამყოფელიც ამ დროისთვის უცნობია, იმყოფებოდნენ ახალუბნის მიმდებარედ, წმინდა გიორგის სალოცავის სიახლოვეს. აქედან გამომდინარე, არსებობს ვარაუდი, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს. თუმცა ჯერჯერობით არავინ დაგვკავშირებია და ეს გახლავთ მხოლოდ დაუზუსტებელი ინფორმაცია”, – განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ტარიელ ვათიაშვილმა.

ამასთან, სოფელშიც აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, ახალუბნელები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებულები არიან.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს.