დავით ბერძენიშვილი – “ჩვენ გვჭირდება ამერიკის სამხედრო ბაზა საქართველოში”

დავით ბერძენიშვილი - "ჩვენ გვჭირდება ამერიკის სამხედრო ბაზა საქართველოში"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, უახლოეს ხანებში სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. თქვენ რას უკავშირებთ ამ ცვლილებებს?
– ცხადია, რომ ამ პრემიერითა და ამ სამთავრობო შემადგენლობით ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებზე ვერ გავა, მაგრამ როდის რა გადაადგილებას გააკეთებს და ვის სად წაიყვანს, ამას დიდი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
გახარია თან შინაგან საქმეთა მინისტრი რომ არის და ღარიბაშვილი ოთხწლიანი პოლიტიკური შვებულებიდან გამოძახებული პარტიაში გარკვეულ თანამდებობაზე, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილი არის არაფორმალური. დღეს ყრილობის მიერ არჩეულ პოლიტსაბჭოს ღარიბაშვილი თითს დაუქნევს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ივანიშვილის მიერ დანიშნული ჩინოვნიკია პარტიაში და არა – ყრილობის მიერ თუნდაც ფორმალურად არჩეული. ამხელა გავლენა აქვს ღარიბაშვილს პარტიაში.
– კიდევ ვის აქვს?
– ლაშა ნაცვლიშვილს, რომელსაც საერთოდ სტატუსი არ აქვს, მრჩეველია. ხალხს კარგად ახსოვს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში როგორ მოიკითხა, პრემიერი აქ არ უნდა იყოს?! პრემიერ-მინისტრი მოიკითხა ვიღაცამ, საერთოდ თანამდებობის არმქონე პირმა, არაფორმალურმა პირმა, მაგრამ ასეთია ბიძინა ივანიშვილის სტილი.
ამიტომ, რა მნიშვნელობა აქვს, ვის ექნება ფორმალური თანამდებობა და ვის არა. ვის ერქმევა პრემიერ-მინისტრი, ვის შინაგან საქმეთა მინისტრი და კიდევ პარტიის მრჩეველი და პარტიის პოლიტიკური მდივანი, ამას რა მნიშვნელობა აქვს.
ივანიშვილმა ვერ ისწავლა პარტნიორობა. მან იცის მხოლოდ პატრონობა. ვინც იცის პატრონობა, იმან იცის ყმობაც. ეს ელემენტარულია. თანაბარუფლებიანი ურთიერთობები მას არ შეუძლია. ვინც არ არის მის ყმობაზე თანახმა, მასთან აქვს აბსოლუტური მტრობა.
– ცქიტიშვილი თუ გახარია?
– ვერ გეტყვით. არც მგონია, რაიმე არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს.
– არჩევნებზე მთავარი წარმმართველი თავად ივანიშვილი იქნება?
– რა თქმა უნდა! როგორც არის ახლა, ისე იქნება.
– კიდევ ერთი საკითხი. რუსეთი მაინც აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ადამიანების გატაცებას. თქვენ რას უკავშირებთ რუსეთის ბოლოდროინდელ გააქტიურებას?
– რაც უფრო თავს დაუხრი ოკუპანტს, მით უფრო აგრესიული იქნება ის. ეს დასკვნა რით ვერ გამოიტანა ივანიშვილმა და მისმა მთავარობამ ამდენი წლის განმავლობაში, ეს კია გაუგებარი. აშკარაა, რომ ოკუპაციის ხაზზე დიპლომატების ჩასვლას რუსეთმა დაუყოვნებლივ უპაუხა საქართველოს დასჯით. მეორე წუთში საკმაოდ ბევრი ქართველი დააკავა. ეს იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი გზავნილი: თუ უცხოელ დიპლომატებს მიიყვანთ გამყოფ ხაზთან, ასე გიპასუხებთ.
ამ ფონზე პრეზიდენტს ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია. სიმართლე გითხრათ, ეს ცოტათი მამშვიდებს, მაგრამ იმუქრება, შეიძლება გავაკეთოო. პრეზიდენტი ოკუპაციასთან დაკავშირებით როგორ განცხადებებს აკეთებს, ეს კი არის შემაშფოთებელ-დამაფიქრებელი. იქნებ ახლა მაინც გონს მოეგოს.
– რა შეიძლება იყოს გამოსავალი?
– საქართველო ნატოში! ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ამ ჯოჯოხეთისგან ქვეყნის დაღწევის. საქართველო არ იქნება ნატოში ხვალ და ზეგ, მაგრამ თუ ამ მიმართულებით არ ვიღვაწეთ, არასდროს არ იქნება. ამიტომ, ამ მძიმე რეალობის საქართველოს გამარჯვებით დასრულება შეგვიძლია მხოლოდ იმით, რომ ქვეყანაში იყოს ამერიკული ბაზა განთავსებული.
საქართველო იქნება ამერიკის, ნატოს ქოლგის ქვეშ თუ საქართველო მიზანმიმართულად, მუდმივად დაადასტურებს, რომ ამისთვის მზად არის.
– ამერიკული ბაზა თუ ნატოს ბაზა? თქვენ რომლისკენ იხრებით?
– რომელიც უფრო მალე იქნება. მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა, სადაც ამერიკული ბაზებია განთავსებული. მაგალითად, სამხრეთ კორეის დედაქალაქში 15 ათასიანი ამერიკული ბაზაა და ასეა დაცული ამერიკულ პოლიტიკასთან ერთად.
შესაძლოა, საქართველო უშუალოდ ამერიკის სამხედრო პარტნიორი გახდეს და პარალელურად იღვაწოს, რომ ნატოს წევრი სახელმწიფო გახდეს. საქართველოს უსაფრთხოება დასავლურ სამხედრო მხარდაჭერაზე, ამერიკაზე, ნატოზე გადის, კეთილდღეობა კი – ევროკავშირზე.
– დასავლეთის გადაწყვეტილება რომ აყოვნებს?
– დარწმუნებული ვარ, შეიქმნება ისეთი საგარეო პოლიტიკური კონიუნქტურა, როდესაც ძალიან სწრაფად მოხდება საქართველოს ნატოში ინტეგრირება, როგორც ბალკანეთის ქვეყნების მოხდა. ამ ვითარებაში სხვა ალტერნატივა საქართველოს არ გააჩნია. სხვა ყველაფერი უბრალოდ მაამებლობაა და მეტი არაფერი. დანარჩენი არის მოკავშირე რესპუბლიკეობა, კრემლის სატელიტობა. არ გამოვა ვეზირობით ქვეყნის ინტერესების დაცვა. ეს ვერ გაიგო ივანიშვილმა.
რაც უფრო ინტენსიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, მით უფრო მეტი შანსი გვექნება, რომ შედეგს მივაღწიოთ. რაც უფრო შევამცირებთ ნატოს მიმართულებას, და დღევანდელი თავდაცვის მინისტრი წლებია, ამცირებს, მაშინ არაფერი არ გამოვა.
მე ვიცნობ ივანიშვილს და ვიცი, რომ მისთვის ნატო პრიორიტეტი არ არის. ჩვენ ვაიძულებდით მას, რომ “საქართველო ნატოში” ჩაწერილიყო სამოქმედო პროგრამაში.
როდესაც ჩვენ ერთმანეთისგან განვთავისუფლდით, მას მერე ივანიშვილს ნატოს მიმართ ყური წაგდებული აქვს. ნატოში ინტეგრირება არ არის მისი პრიორიტეტი. როგორც ჩანს, ის რუსეთს ეუბნება, არ შევალ ნატოში, შევაჩერებ ამ სვლას და ვიქნები ასე, როგორც ვარ, მაგრამ ან ხარ რუსეთის ქვეშევრდომი ან არ ხარ. სხვანაირად არ გამოდის.
ისტორიულ პერსპექტივაში კი რუსეთის ეკონომიკა დასავლეთთან მარცხისთვის არის განწირული. მე-20 საუკუნეში ორჯერ დაინგრა, 21-ე საუკუნეში მესამედ დაინგრევა, ეს გარდაუვალია. სანამ ხელახლა აღდგება რუსეთი, როგორც ბალტიისპირეთმა, სლოვენიამ, მთელმა აღმოსავლეთ ევროპამ სამშვიდობოს გააღწია, ასე უნდა გავაღწიოთ ჩვენც.
იმ პერიოდისთვის უნდა ვიყოთ მზად.