დავით ზურაბიშვილი – “ივანიშვილმა ვერ გაიგო, რომ ქვეყნის მართვა არ შეუძლია”

დავით ზურაბიშვილი - "ივანიშვილმა ვერ გაიგო, რომ ქვეყნის მართვა არ შეუძლია"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა, რუსთავი 2 გაყიდოს. თუ მართლაც ასე მოხდა, თქვენთვის ეს რისი მანიშნებელი იქნება?
– ქიბარ ხალვაში რეალურად არაფრის გაყიდვას არ აპირებს. თუ გაყიდის, ალბათ ბიძინა ივანიშვილი იყიდის. თუ არა, ისეთ ფასს დაადებენ, რომ ვერავინ იყიდის. რეალურად ერთი ჯიბიდან მეორეში გადავა. ეს იქნება აბსოლუტურად ფორმალობა.
– მიმდინარე პროცესებს როგორ შეაფასებთ? 2012 წელს, როდესაც თქვენც იყავით ხელისუფლების ნაწილი, ელოდით, რომ შეიძლებოდა მოვლენები ასე განვითარებულიყო?
– არა, მე უფრო ოპტიმისტური სცენარი წარმომედგინა. თუმცა, არ გამოვრიცხავდით, რომ შეიძლება ყველაფერი ისე არ წასულიყო.
– რამდენად უშვებთ, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდეს?
– არა, ამას აბსოლუტურად არ ვუშვებ. მე ამ ხელისუფლებისგან არანაირ პოზიტიურს არ ველოდები. ამ ხელისუფლებას შვიდი წელი ჰქონდა საიმისოდ, რომ რაღაც შემოებრუნებინა. ამჯერად ხელისუფლება აშკარა კრიზისშია. მას ამოწურული აქვს პოზიტიური რესურსი.
2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვდიოდით, ბიძინა ივანიშვილმა ბევრი რამ პოლიტიკაში არ იცოდა. არ ესმოდა, მაგრამ იყო მოლოდინი, რადგან კოალიცია დგებოდა, ბევრი რამ გაწონასწორდებოდა, მაგრამ მან ვერ ისწავლა პოლიტიკა. არ ესმის პოლიტიკა. ბიზნესში ძალიან მაგარია, მაგრამ პოლიტიკა და ქვეყნის მართვა სხვაა. ქვეყნის მართვას სულ სხვა უნარები სჭირდება, რომლებიც მას არ აქვს.
პრობლემა იმაშია, რომ ივანიშვილმა ვერ გაიგო, რომ მას ეს უნარები არ აქვს. ის ფიქრობს, რომ აქვს და ცდილობს, ქვეყანა მართოს. ეს არის პრობლემა.
– დღეს ვის ენდობა ივანიშვილი?
– კოალიციის დროს მას ჰქონდა ერთგვარი კომპლექსი, რომ მან არ იცის ბევრი რამ პოლიტიკაში. ამ თვალსაზრისით მაშინაც რთული იყო მასთან ურთიერთობა, მაგრამ უფრო უჯერებდა ვიღაც ვიღაცეებს. თუმცა, გამარჯვების შემდეგ დაიჯერა, რომ მას პოლიტიკაში ყველაფერი ესმის და ძალიან მაგარია, როგორც პოლიტიკოსი. ამის შემდეგ ცოტა გართულდა მასთან ურთიერთობა ბევრი მიმართულებით.
– დღეს რა ხდება?
– დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ ვინც მას გარშემო არტყია, იმათ შორის ჭკუა მხოლოდ მას მოეკითხება. დანარჩენები ის ხალხია, რომლებიც ცდილობენ, როგორმე გამოიცნონ, რა უნდა ბიძინა ივანიშვილს, რომ მერე ის უთხრან. მას სიამოვნებს იმის მოსმენა, რაც თვითონ უნდა, რომ მოისმინოს.
– მრჩევლები?
– მითხარით, ვინ არის მის გარშემო მრჩევლები?! ასე არ იმართება ქვეყანა. ქვეყანა იმართება ინსტიტუტებით. სახელმწიფოში ინსტიტუტები არის ასაშენებელი, რომ შემდეგ ინსტიტუტებმა მართონ ქვეყანა და არა – ერთმა კაცმა.
ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი ასევე ბიზნესიდან არის მოსული. მანაც არ იცის პოლიტიკა. ბევრ საოცრებას იძახის, მაგრამ ინსტიტუტები აბალანსებს. ძალიან ძლიერია სასამართლო სისტემა, ძლიერია თვითმმართველობა, ძლიერია სამოქალაქო საზოგადოება. ყველა ინსტიტუტი მუშაობს და ტრამპის საოცარ იდეებს აბალანსებს, ამიტომ ქვეყანას ის ვერ დაანგრევს.
საქართველოში, სადაც სისტემა არ მუშაობს, სადაც ინსტიტუტები არ გვაქვს, ეს ყველაფერი სახიფათოა.
2012 წელს სასამართლო სისტემის მიმართულებით, ასევე სხვა მიმართულებით რაღაც ნაბიჯები თითქოს უკეთესობისკენ გადაიდგა, მაგრამ მერე ისევ შემოტრიალდა ყველაფერი.
ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ყველაფერი მის პირად დაქვემდებარებაში უნდა იყოს. პროკურორიც მისი უნდა იყოს, სასამართლოც მისი უნდა იყოს. ასეთი ტიპის მმართველობა გაცილებით საშიშია ჩვენნაირი ქვეყნისთვის, სადაც ინსტიტუტები ჯერ კიდევ ასაშენებელი გვაქვს.
– 2020 წლის არჩევნების შემდეგ როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?
– მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად შეიცვლება ეს ხელისუფლება და არ მოვა ნაციონალური მოძრაობა ერთპიროვნულად ხელისუფლებაში. კოალიციური ხელისუფლება იქნება.
– “ქართული ოცნება” იქნება ამ კოალიციაში?
– “ქართული ოცნება” არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი კოალიციით მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ კოალიცია რომ სდომოდა, ასე იქნებოდა 2016 წელსაც და მერეც, მაგრამ ეს არც უნდა და არც შეუძლია. ამიტომ, მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ “ქართული ოცნება” რეალურ კოალიციურ ურთიერთობაზე წავიდეს. ეს რომ შეეძლოს, აქამდეც იზამდა ამას.
ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს, ხელიდან გაუშვას სასამართლო, პროკურატურა, უშიშროება. ამის გარეშე კი კოალიციური ურთიერთობები არ გამოვა.