დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი სცემეს

დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი სცემესეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ვაჟი, ირაკლი ქუმსიშვილი სცემეს. “კურიერის” ინფორმაციით, საქმეში სამართალდამცველებიც ფიგურირებენ. ქუმსიშვილის შვილისთვის მიყენებული დაზიანებები კი იმდენად მძიმე იყო, რომ მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

“კურიერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა ღუდუშაურის კლინიკაში გადაღებული ფოტო, რომელზეც დიმიტრი ქუმსიშვილი ჩანს. ფაქტები, როგორც შს სამინისტროში, ისე ღუდუშაურში დავაზუსტეთ. კლინიკაში ინფორმაცია დაადასტურეს.

ძალოვანი უწყებიდან კი შეგვატყობინეს, რომ ჩხუბი პეტრიაშვილის ქუჩაზე, რესტორან “ღვინის ქარხანა გალერია”-ში მოხდა. ირკვევა,რომ ქუმსიშვილის ვაჟს და მის მეგობარს უთანხმოება დაცვის სამსახურთან მოუვიდა, ადგილზე გამოძახებულ პოლიციას კი წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც პოლიციამ ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

„საპატრულო პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე რესტორან ღვინის ქარხანა გალერია-ში მოხდა ჩხუბი. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამართალდამცველები. გაირკვა, რომ 1994 წელს დაბადებულ ვ.ხ-სდა 1996 წელს დაბადებულ ი.ქ-ს კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოუვიდათ შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ვ.ხ.-მ და ი.ქ.-მ გაუწიეს წინააღმდეგობა. სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცველების მიერ დაკავებული ორივე ახალგაზრდა მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა“,- აცხადებენ შსს-ში.

რუსთავი 2