ეკა კვესიტაძე – „როცა გვარამიამ რუსთავი 2-ში მიმიყვანა, ნინო შუბლაძეს ამაზე ცუდი რეაქცია ჰქონდა“

ეკა კვესიტაძე - „როცა გვარამიამ რუსთავი 2-ში მიმიყვანა, ნინო შუბლაძეს ამაზე ცუდი რეაქცია ჰქონდა“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

რთული ვითარებაა რუსთავი 2-ში. არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ 20 აგვისტოს არხიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე ჟურნალისტები ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე და გიორგი გაბუნია. მანვე არხიდან გაუშვა პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილიც, რომელსაც დაახლოებით 2 კვირის წინ ჰქონდა გაცხადებული, რომ არხი დატოვა.

სალიას გადაწყვეტილების შემდეგ არხი პირდაპირ ეთერში დატოვეს “კურიერის” წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. არხი დატოვა პაატა იაკობაშვილმაც. არხიდან წასვლის შესახებ განაცხადეს ჟურნალისტებმა გიგლა თუმანიშვილმა, მაია ლომიძემ, თამარ ბაღაშვილმა და ეკო მაღრაძემაც. არხიდან ჟურნალისტების გადინების პროცესი გრძელდება. რუსთავი 2-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვება დიანა ჯოჯუას და მიხეილ სესიაშვილის განცხადების შემდეგ ეთერში არ გასულა. საინფორმაციო გამოშვება ეთერში არც გუშინ გავიდა.

რუსთავი 2-ში მიმდინარე პროცესების შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გადაცემა „კვირის აქცენტების“ წამყვანი ეკა კვესიტაძე საუბრობს.

_ შეაფასეთ რუსთავი 2-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილება თქვენი და არხის კიდევ რამდენიმე ჟურნალისტის გათავისუფლების თაობაზე. თუ იყო მოსალოდნელი ეს და თუ გაცნობეს ეს გადაწყვეტილება მის გამოცხადებამდე?

_ პირადად ჩემთვის არავის არაფერი უცნობებია. რასაკვირველია, ეს იყო რაღაცა მოგონილი ამბები. ჩემს სახელზე არ იყო გამოწერილი პრემიები და ამიტომ მოიგონა, რომ მე გავაკეთე განცხადება, რომ ნიკა გვარამიასთან ერთად ტელევიზიის გაკეთებას ვაპირებდი. ამ საბაბით გამომიშვა სამსახურიდან.

არც დამლაპარაკებია მანამდე და არც უკითხავს ჩემი გეგმების შესახებ არაფერი. რა თქმა უნდა, არავის არ ჰქონია ილუზია, რომ ისე იქნებოდა ვითარება, რა ზღაპრებსაც გვიყვებოდა. მხედველობაში მაქვს ის, რომ ის მოსვლისას ამბობდა, რომ ყველა გადაცემა იქნებოდა ბადეში. ზუსტად ვიცოდით, რომ გაგვათავისუფლებდნენ ყველას. ამის გარეშე პროცესის განვითარება ვერ წარმოგვედგინა. თავისთავად ცხადი იყო ეს. უბრალოდ ეძებდნენ საბაბებს.

საბაბი ყველა შემთხვევაში სხვადასხვა იყო. ზოგ შემთხვევაში მოიგონეს პრემიები, ზოგ შემთხვევაში რაღაც განცხადებები. სასაცილოა ის საბაბი, რაც ჩემს გათავისუფლებას დაედო საფუძვლად.

_ რელურად თქვენი გათავისუფლების საბაბი განცხადება გახდა და პრემიაზე თქვენს შემთხვევაში არაფერი თქმულა?

_ ჩემი გათავისუფლების საფუძველი გახდა ის, რომ მე გამიკეთებია განცხადება, რომ ნიკა გვარამიასთან ერთად გავაკეთებდი ტელევიზიას. ოფიციალურად ეს მიზეზი დაასახელეს ჩემს შემთხვევაში.

_ ასეთი განცხადება არ გქონდათ გაკეთებული თუ ესეც მოგონილი იყო?

_ ასეთი განცხადება გავაკეთე სასამართლოში, რომ ნიკა გვარამიას დაიჭერდნენ თუ არა, მისი გუნდი აუცილებლად მაინც გააკეთებდა ტელევიზიას მომავალში. მე არ ვმუშაობ იმ არხზე და არც ხელშეკრულება მაქვს გაფორმებული და არც მისი გაკეთების პროცესში ვარ ჩართული. ასე რომ, აბსოლუტურად მოგონილი საფუძველია.

გარდა ამისა ხელფასებს არ გვიხდის იმ სახეებს, ვინც გაგვათავისუფლა. ეს არის პირდაპირი დისკრიმინაცია და ამის გამო მას აუცილებლად მოუწევს პასუხისგება სასამართლოში.

_ ანუ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებთ?

_ რასაკვირველია. ცხადია, წავალ სასამართლოში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დახმარება შემომთავაზა.

რუსთავი 2-ს რაც შეეხება, შიგნით ძალიან მძიმე პროცესებია. ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა დატოვა არხი, ბევრი ტოვებს და ამ ტელევიზიისგან ცოტა ხანში მარტო პატარა ტელევიზია დარჩება, რომელსაც ან ის ჟურნალისტები დააკომპლექტებენ, რომლებიც დათანხმდებიან ივანიშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ან მოიყვანენ სხვებს და რომელიც იქნება რაღაცა უღიმღამო პროსახელისუფლებო მედია. ყველასთვის ცხადია ეს. ამას ძალიან დიდი ანალიზი არ სჭირდება.

_ ნოდარ მელაძემ თქვა, რომ მასთან მივიდა ივანიშვილთან დაახლოებული პირი და წინაპირობები წაუყენა. თუ იყო ეს თქვენთვის ცნობილი და თქვენთანაც ხომ არ ყოფილა ანალოგიური პრივატული მოლაპარაკების მცდელობა?

_ ნოდარ მელაძემ მე მითხრა ამის შესახებ, როდესაც მასთან იყვნენ მისულები. ვიცოდი ამის შესახებ და მოსალოდნელიც იყო ეს.

პირადად მე არავინ დამკავშირებია. ალბათ ზუსტად იციან, რომ ამას არანაირი აზრი არ ჰქონდა, ამიტომ მცდელობაც არ ყოფილა. ინდივიდუალურად ჟურნალისტებთან იქნება ამ ტიპის კავშირები, რასაკვირველია, მაგრამ ყველა ინდივიდუალურად გადაწყვეტს, რა გააკეთოს.

ამ შემთხვევაში მელაძე უკიდურესად ღირსეულად იქცეოდა და იქცევა მთელი ამ ხნის განმავლობაში და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან ღირსეული ადამიანია, იმის გარდა, რომ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია.

_ თქვენ რას აპირებთ, სად გააგრძელებთ მუშაობას? ნიკა გვარამიას არხზე მიხვალთ თუ კეზერაშვილის არხზე?

_ მე დაველოდები პროცესებს, შევხედავ ვითარებას. მე ცალსახად ნიკა გვარამიას გუნდში ვარ და, რასაკვირველია, ნიკასთან ვიქნები ბოლომდე. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. დანარჩენი ვნახოთ.

_ არსებობს ინფორმაცია, რომ ნინო შუბლაძესთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა ის გახდეს ნოდარ მელაძის შემცვლელი. იცნობთ შუბლაძეს და როგორ დაახასიათებდით მას?

_ მე არ მქონია პროფესიული შეხება ნინო შუბლაძესთან. უფრო მეტიც, როდესაც ნიკა გვარამიამ მიმიყვანა არხზე სამუშაოდ, უფრო სწორად, როდესაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, მას ჰქონდა ცუდი რეაქცია. როდესაც მე მივედი არხზე სამუშაოდ, ძალიან მალე შუბლაძე წავიდა ტელევიზიიდან და პროფესიული გადაკვეთა არ მქონია, ამიტომ მისი დახასიათება არ შემიძლია.

რასაკვირველია, ამაზე იყო საუბარი. სალიამ პირდაპირ უთხრა ჟურნალისტებს, რომ ნინო შუბლაძეს მოიყვანს არხზე სამუშაოდ, თუ ამაზე თანხმობა იქნება შიგნით გუნდიდან. ყველას ინდივიდუალური გადასაწყვეტი საკითხია, როგორ მოიქცეს, თუმცა ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რაზე მიდის. შუბლაძე თუ ამაზე წავიდა, მას მოუწევს იმ რეაქციის ატანა, რაც ამ გადაწყვეტილებას ჩვენი მხრიდან მოჰყვება.

_ შუბლაძესთან ერთი ეპიზოდია მნიშვნელოვანი. საუბარი მაქვს ფარულ ჩანაწერზე, რომელიც ხორციელდებოდა კაბინეტში მისი და ნიკა გვარამიას საუბრის დროს , რის შემდეგაც ის წავიდა. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მასზე ზემოქმედების ბერკეტი აქვს?

_ არ ვიცი, ვერ გეტყვით ამის თაობაზე, რადგან დეტალები არ ვიცი. მეც ზოგადად ვიცი ამ ჩანაწერის შესახებ, თუმცა უფრო მეტ კომენტარს ამის თაობაზე ვერ გავაკეთებ.

_ გაბუნიას ეპიზოდთან დაკავშირებით ჟრიამული ატყდა პუტინის კონტროლირებად რუსულ მედიასაშუალებებში. ეს თქვენთვის რას ნიშნავს?

_ ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება პირდაპირ იმ დაკვეთას ასრულებს, რაც რუსეთიდან მოდის, ან რაც აწყობს რუსეთის სახელისუფლებო წრეებს და პირადად პუტინს მოეწონება. დავალება მიღებულია და დაკვეთა შესრულებულია.