ეკა მიშველაძე – „მედიაზე ზეწოლის ნაციონალების პრაქტიკას ”ოცნებაც” წარმატებით აგრძელებს“

ეკა მიშველაძე - „მედიაზე ზეწოლის ნაციონალების პრაქტიკას ”ოცნებაც” წარმატებით აგრძელებს“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

13 აგვისტოს ტვ პირველის მიმართ კიბერშეტევა განხორციელდა. არხი რამდენიმე საათი გათიშული იყო. მოგვიანებით ტელეკომპანიამ მუშაობა განაახლა, თუმცა არქივის გარეშე. შესაბამისმა სამსახურებმა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყეს, თუმცა მოიტანს თუ არა ეს შედეგს, ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ეს იყო ცალკეული შემთხვევა თუ ეს უნდა განვიხილოთ მედიის წინააღმდეგ წარმოებულ ომში? – ეს არის მთავარი შეკითხვა, რაც საზოგადოების ერთ ნაწილს აწუხებს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ახალი თაობის“ კითხვებს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ყოფილი პრეს-სპიკერი ჟურნალისტი ეკა მიშველაძე პასუხობს.

_ კიბერშეტევა, რაც ტვ პირველთან მიმართებით ვნახეთ, არის უბრალო დამთხვევა თუ ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რაც მედიის მიმართ ბოლო თვეებში გვესმის და ვხედავთ?

_ რამდენადაც ვიცი, ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია. შსს-ს წარმომადგენლები ტელევიზიაში იყვნენ ამ კიბერშეტევის შემდეგ და ალბათ გარკვეული მოკვლევაც დაწყებული იქნება.

ახლა მტკიცებით ფორმაში რამის თქმა ძნელია, მაგრამ ეჭვები არსებობს. სწორედ იმიტომ, რომ მედიის მიმართ არის რაღაც შეტევა. ყოველ შემთხვევაში, დამოუკიდებელი მედია რომ არ მოსწონს ხელისუფლებას, ამას ხელისუფლების წარმომადგენლები თავადაც არ მალავენ. ამაზე ღიად საუბრობენ. ეს მხოლოდ რუსთავი 2-სა და ტვ პირველს არ ეხება.

_ რა გაქვთ მხედველობაში?

_ ეს არის ცალკეული ჟურნალისტების მიმართ ხოლმე და კეთდება მათ მიმართ სხვადასხვა გამონათქვამები. ეს არც დღეს დაწყებულა და არც გუშინ. ეს წინა ხელისუფლების დროიდან არის დაწყებული და მას ეს ხელისუფლებაც წარმატებით აგრძელებს.

არ შეიძლება დავივიწყოთ არაერთი გადაცემის დახურვა. მათ შორის ჩემი გადაცემის დახურვის, რომლის არანაირი მიზეზი არ არსებობდა. ასევე ინგა გრიგოლიას და კიდევ არაერთი გადაცემა დაიხურა და არაერთი ჟურნალისტის მიმართ იყო გაუგებარი ქმედებები.

შესაბამისად კითხვები ბევრია, თანაც მაშინ, როდესაც დაანონსდა რამდენიმე ახალი გადაცემის შექმნა და ამ დროს იწყება მედიაზე შეტევა. როდესაც დროში ემთხვევა ასე, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ეს ცუდია, პირველ რიგში კი თავად ხელისუფლებისთვის. იმიტომ, რომ წინაპირობები რომ არ ყოფილიყო, ასეთი კითხვის ნიშნები არ გაჩნდებოდა.

_ ეს აჩენს შთაბეჭდილებას, რომ 2020-თვის დაიწყო მზადება და ხელისუფლება გეგმავს დახუროს ყველა საშუალება, სადაც ალტერნატიული აზრი იქნება?

_ როგორც ვატყობ, არცერთ ხელისუფლებას არ მოსწონს მისგან დამოუკიდებელი მედია, 2020-ის არჩევნები ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანი არჩევნებია და, შესაბამისად, კონტროლირებადი მედია ხელისუფლებისთვის ძალიან მომხიბვლელია. ეს ყველაფერი შესაძლოა მართლაც 2020-ის არჩევნებს უკავშირდებოდეს.

მე შემიძლია ჩემი მოკრძალებული რჩევა მივცე ხელისუფლებას, ან ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პირიქით უკეთესია, როდესაც ბევრია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია. ეს აჩვენებს, რომ მით უფრო მეტია დემოკრატია და ხელისუფლებას მით უფრო კარგად მუშაობის საშუალება ეძლევა.

მედიის უპირველესი დანიშნულება ხელისუფლების კრიტიკაა. თუ აღარ დარჩა ქვეყანაში ისეთი მედია, რომელიც ხელისუფლებას გააკრიტიკებს და მიანიშნებს მის შეცდომებზე, მაშინ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?! რა დემოკრატიაზე, რომელ დემოკრატიულ განვითარებასა და რომელ ევროპულ მიმართულებაზე ვლაპარაკობთ?!

_ ჟურნალისტებს რა ბერკეტი გვრჩება და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ ვითარებაში?

_ პირველ რიგში სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ. მე ამას დიდი ხანია ვამბობ. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ჩემი გადაცემა დახურეს. მაშინ ყოველთვის ამას ვამბობდი და ეს არ არის მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც რაღაც მხოლოდ შენ გეხება, კონკრეტულ ადამიანს, ან კონკრეტულ მედიასაშუალებას.

იმისათვის, რომ თავი დავიცვათ, იმისათვის, რომ ვიყოთ უფრო ძლიერები, საჭიროა, რომ ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები ვიყოთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გაჩუმება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ფიქრი, რომ ეს მე არ მეხება _ მე ახლა თავს კომფორტულად ვგრძნობ და სჯობს, ჩუმად ვიყო და ჩემი ადგილი შევინარჩუნო.

ადრე თუ გვიან, ეს ხელისუფლება თუ სხვა ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს აკონტროლოს მედია და მედიის ვალია, რომ ამას ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი და ეს შესაძლებელია მხოლოდ ხმამაღლა ლაპარაკით და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით.

სხვა ბერკეტი ჩვენს ხელში არ არის.