ელენე ხოშტარია გლდანის ციხეში შევიდა

ელენე ხოშტარია  გლდანის ციხეში შევიდა„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 10 ადამიანის მოსანახულებლად გლდანის ციხეში უკვე შევიდა.

როგორც ხოშტარიამ გლდანის ციხეში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, მას დაკავებულების ჯანმრთელობის და მორალური და მდგომარეობის გაგება სურს.

როგორც მან აღნიშნა, ის თითოეულ დაკავებულ პირს ინდივიდუალურად გაესაუბრება.

„დღეს მოვინახულებ 10 პატიმარს. სამწუხაროდ, ეს სწორედ ის 10 ადამიანია, ვის შესახებაც შევძელი ინფორმაციის მოპოვება. ამ დღეებში კიდევ ორის შესახებ მოვიპოვე ინფორმაცია და დამატებით კიდევ შევალ მოსანახულებლად.

მნიშვნელოვანია ის, თუ რა აქვთ მათ სათქმელი ოჯახის წევრებისთვის. რამდენიმე მათგანს, მე როგორც ვიცი, შეზღუდული აქვთ ოჯახთან კომუნიკაცია სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო. ამიტომ აქ მე პირველ რიგში ვარ არა როგორც პარტიული წარმომადგენელი. თქვენ იცით, რომ აქ სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის ადამიანები არიან, ისინი არიან მოქალაქეები და როგორც პარლამენტის წევრმა, რომელსაც შემიძლია, რომ შევიდე და ვნახო, გადავწყვიტე მათი მონახულება და მხარდაჭერის ასე გამოხატვა”, – განაცხადა ხოშტარიამ.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სულ 19 ადამიანია დაკავებული.

“ზოგადად, როგორც ვიცით, არის 19 პატიმარი, მაგრამ ჭირს ყველას გვარების მოპოვება”, – აღნიშნა ხოშტარიამ.