ექსპერტიზის ბიურო – “ხელმოწერა ქიბარს ხალვაშს არ ეკუთვნის”

ექსპერტიზის ბიურო - "ხელმოწერა ქიბარს ხალვაშს არ ეკუთვნის"2010 წელს გერმანიაში გაფორმებული დოკუმენტი და ქიბარ ხალვაშის სადაო ხელმოწერა – ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ცნობილია. დასკვნაში ნათქვამია, რომ გამოსაკვლევი ხელმოწერა შეთანხმებაზე შესრულებულია არა ქიბარ ხალვაშის, არამედ სხვა პირის მიერ.

საქმე ეხება დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც  ირაკლი ოქრუაშვილის „რუსთავი2“ -ის წილებზე დაობს.

„გამოსაკვლევი ხელმოწერის გამომუშავების ხარისხი საშუალოზე მაღალია. ასოების ზომა დიდი, გაქანება საშუალო და დიდი, უმნიშვნელოდ მარჯვნივ დახრილი, დაწოლის ძალა საშუალო დიფერენცირებული, ხელმოწერის ფუძის ხაზის ფორმა სწორხაზოვანი, მიმართულება აღმავალი.

აღნიშნული ხელმოწერის გამოკვლევითა და შედარებით ქიბარ ხალვაშის ხელმოწერებთან, დადგენილი იქნა განსხვავებები ზომასა და გაქანებაში და შემდეგი ვარიანტის კერძო ნიშნებში:

ასო „შ“ -ს შესრულებისას გამოსაკვლევი ნიმუშებისაგან განსხვავებით გამარტივებულია მესამე ელემენტი.

– მოძრაობის ფორმა ასო „ქ“-ს მეორე ელემენტის საწყისი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით უკუქცევით-სწორხაზოვანი.

– მოძრაობის ფორმა და მიმართულება ასო „ქ“-ს პირველი ელემენტის დამამთავრებელი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით კუთხოვანი მიმართული მარცხნივ,“-ნათქვამია დოკუმენტში.

ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ექსპერტიზის შედეგებს ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელები გამოეხმაურნენ.

კოტე კემულარია ამბობს, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა პოლიტიკური პროცესების გაგრძელებაა და ეს ყველაფერი ოქრუაშვილის მიერ “რუსთავი 2”-ის წილებზე პრეტენზიის გამოთქმას უკავშირდება.

„ბოლოს და ბოლოს გახარიას ექპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე თითქოს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის. ეს დასკვნა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, არის ნახევარგვერდიანი, ანუ ძალიან ზედაპირულად ექსპერტი წერს, რომ ასო „ვ“ და ასო „შ“ თურმე თავის დახრილობით და ნიუანსებით არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ ვაწყდებით ქიბარ ხალვაშის ექსპერიმენტულ ნიმუშებში და ეს იძლევა თურმე კატეგორიული  დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ეს ხელმოწერა ხალვაშის მიერ არ არის შესრულებული,“ – ამბობს კოტე კემულარია.

ოქრუაშვილის მტკიცებით, დოკუმენტი ადასტურებს, რომ „რუსთავი2“ არა ქიბარ ხალვაშს, არამედ მას ეკუთვნის, რასაც 2010 წლის 4 თებერვალს გერმანიაში შედგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა ადასტურებს.

კვლევის ობიექტს სწორედ ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობა წარმოადგენდა.

რუსთავი 2