ლაშა ჩხარტიშვილი – “გახარიას გაპრემიერება სააკაშვილის დანაშაულის გამეორება იქნება”

ლაშა ჩხარტიშვილი - "გახარიას გაპრემიერება სააკაშვილის დანაშაულის გამეორება იქნება"ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი პასუხობს.
– ლაშა, როგორ აფასებთ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს?
– მოსალოდნელიც იყო, რომ ივანიშვილს მოუწევდა სისხლიან რეჟიმად გარდაქმნა საკუთარი მმართველობის, რისი დასტურიც იყო 20 ივნისის მოვლენები. მას ჰქონდა ერთადერთი არგუმენტი, რითაც ის ცდილობდა საზოგადოებაში უკეთ წარმოეჩინა თავი, ვიდრე იყო სააკაშვილის რეჟიმი და ეს კოზირიც მან გაუშვა ხელიდან, იქიდან გამომდინარე, რომ სხვა გზა აღარ დარჩა.
როცა ქვეყანაში არის აუტანელი სოციალური მდგომარეობა, რაც გამოწვეულია ხელისუფლების თავგასულობით, კორუფციული ვაქხანალიითა და მფლანგველობით, როცა არანაირი პროგრესული ცვლილებები არ ხორციელდება, როცა საზოგადოებას ჩაგრავენ, როცა გეტოდ გადააქციეს საქართველო, ასეთ დროს ხელისუფლებას ყოვეთვის უწევს მიმართოს ძალადობას.
– ივანიშვილი შეეცდება, ძალისმიერი მეთოდებით შეინარჩუნოს ხელისუფლება?
– თუ ივანიშვილი შეეცდება, რომ ძალით შეინარჩუნოს ხელისუფლება, მას მოუწევს ძალადობრივ რეჟიმად ჩამოყალიბება, რისი პირველი ნიშანი და მნიშვნელოვანი დასტურიც იყო 20 ივნისი. მან დაიწყო კიდეც რეპრესიები, მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ ეს არ გამოუვა. ვნახეთ ჩვენ ყოვლად მიუღებელი შერჩევითი სამართალი. როცა არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა 20 ივნისის საქმეზე, 20-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე, ამ საქმის გამო დაკავებული, დღემდე ციხეშია და მათ პატიმრობა ელოდებათ.
ასევე ვნახეთ ჩვენთვის სიმპატიური თუ არასიმპატიური ადამიანების მიმართ გამოტანილი პოლიტიკური განაჩენები და მათთვის წაყენებული ბრალი, იქნება ეს ხაზარაძე, ოქრუაშვილი თუ სხვანი.
– არის ეს პოლიტიკური დევნა და ტერორი?
– რა თქმა უნდა, არის! ივანიშვილი სულ უფრო და უფრო მიექანება პოლიტიკური ჯოჯოხეთისკენ, რასაც ქვია სისხლიანი რეჟიმი. ის ცდილობს, რომ დააშინოს საზოგადოება, დააშინოს პოლიტიკური კლასი, დააშინოს მედია, დააშინოს არასამთავრობო ორგანიზაციები და ამის ნიშნები დღეს აშკარად სახეზეა.
– რას იტყვით მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე?
– პირდაპირ გეტყვით, რომ არანაირი მნიშვნელობა საკადრო ცვლილებებს არა აქვს. დღეს ყველამ კარგად იცის, რომ პრეზიდენტიც, პარლამენტის თავმჯდომარეც, პრემიერიც, თვითგამოცხადებული მეფეც და იმპერატორიც არის ერთი კაცი – ბიძინა ივანიშვილი! ამიტომ რომელ მარიონეტს დასვამს ამა თუ იმ სკამზე, ამით არაფერი იცვლება და ეს ყველამ კარგად იცის.
ბახტაძე იხვეწებოდა, ჩემი გადაყენება მოითხოვეთო, 20 ივნისის შემდეგ, მაგრამ არავის მოსვლია თავში აზრად, პრემიერ-მინისტრი, რომელიც ფორმალურად პირველი პირია, დაედანაშაულებინა რაიმეში. იმიტომ, რომ არავის არაფერი არ ეკითხება ამ ქვეყანაში, გარდა ივანიშვილისა.
– გახარიას შესაძლო გაპრემიერებაზე რას იტყვით?
– თუ ივანიშვილი ამას გაბედავს, ეს იქნება მორიგი ცინიკური და აგრესიული ნაბიჯი საზოგადოების წინააღმდეგ. რითაც ის შეეცდება, დაგვანახოს თავისი ძალა და თქვას, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს საზოგადოების მოთხოვნას.
ასე ეგონათ სააკაშვილსაც და მერაბიშვილსაც, მაგრამ დღეს სად არის მერაბიშვილი, ყველამ კარგად ვიცით. ის იხდის სასჯელს და მისი გვერდითა საკანი ელოდება გახარიას! სწორედ დასე ასრულდება ეს ამბავი.
– არის ვარაუდი, რომ დღეს ვანო ჩხარტიშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი უგეგმავენ ივანიშვილს დღის წესრიგს და ეს საკადრო ცვლილებებიც მათი ინიციატივით ხდება.
– ვანო ჩხარტიშვილი არის მსხვილი დამნაშავე, მსხვილი ოლიგარქი, შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის შემდეგ ყველაზე მსხვილი, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში დაკავებული იყო ქონების მოხვეჭით. ძირითადად საზოგადოების ხარჯზე და ანაბრების თემა შემიძლია გავახსენო საზოგადოებას.
ის მოერგო ყველა მმართველს – შევარდნაძეს, სააკაშვილს და ივანიშვილს. ასეთი ადამიანების ადგილი წესით და რიგით უნდა იყოს ციხეში! ის, რომ ივანიშვილმა გვერდზე დაიყენა ჩხარტიშვილი, ოქრიაშვილი და კიდევ სხვა ოლიგარქები, კიდევ ერთხელ დასტურებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ფულის გავლენა, ფულის გაყოფა დამნაშავეებთან და არა – საზოგადოებრივი ინტერესები.
დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ ოლიგარქების პარპაში და ისინი აღმოჩნდებიან ციხეში!
– ხაზარაძეს და ჩხარტიშვილს შორის დაპირისპირება ყველასთვის ცნობილი იყო. ივანიშვილმა ჩხარტიშვილის მხარე დაიჭირა და ხაზარაძე რა დღეშიც აღმოჩნდა, ყველა ხედავს. ამის თაობაზე რას იტყვით?
– მამუკა ხაზარაძის მიმართ განსაკუთრებული სიმპატიებით ნამდვილად არ გამოვირჩევი. მასაც საკმაოდ მძიმე წარსული აქვს. ბანკების ყაჩაღობა და მათი მონოპოლია ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს აქვს მასთან ბრძოლის უფლება. ადრე თუ გვიან, ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი, ყველა ოლიგარქს, მაგრამ არა – ივანიშვილის პირობებში, იმ ივანიშვილის, რომელიც მშვენივრად გრძნობდა თავს ხაზარაძის გვერდით, როცა ის იყო მის მხარეს.
როგორც კი პოლიტიკური დაპირისპირება გაჩნდა, როგორც კი ტვ პირველი შეიქმნა, სწორედ მაშინ გაახსენდა ივანიშვილს რაღაც აბსოლუტურად გაურკვეველი დარღვევა. ხაზარაძესთან დაპირისპირებით ივანიშვილმა ჩაშალა ამერიკული პროექტი, ვგულისხმობ ანაკლიის პორტს. ამ პროექტის ნაწილი იყო ხაზარაძეც. მან წინა პლანზე დააყენა რუსული გავლენები და პუტინის ინტერესები.
– საუბარია, რომ ივანიშვილი იქმნის სასათბურე პირობებს და ამ გზით ცდილობს ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენას. ასეა?
– იმედია, ივანიშვილს ცოტა გონიერება ეყოფა და მის მიერ დამშეულ ქვეყანაში დიქტატურის დამყრებას არ შეეცდება. იქ, სადაც არ არის არც პური და არც სანახაობა, როგორც წესი, ვერც დიქტატურა მუშაობს.
ამ ქვეყანაში არ არის არც პური, არც სანახაობა და არც დემოკრატია. თუკი ივანიშვილი წავა ამ საბედისწერო ნაბიჯზე, შესაძლოა, სულ რამდენიმე თვე გაძლოს და ეს ყველფერი მისთვის უმძიმესად დამთავრდება. ჩვენი საზოგადოება, რომელიც არ შეგუებია არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის ავტორიტარიზმს, არც ივანიშვილს მისცემს ამის უფლებას.
– ანუ რაც უნდა ჭკვიანი იყოს გახარია, ვერც ის უშველის ივანიშვილს?
– მითი გახარიას ჭკუის და შესაძლებობის შესახებ გადამეტებულია. მას ივანიშვილი თავზე გადაახტა 20 ივნისსაც, თავზე გადაახტა პანკისშიც. ივანიშვილმა ორივე შემთხვევაში მას შეტენა პასუხისმგებლობა.
გახარია ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის დამნაშავე გამოდის და ამის გამო მან პასუხი უნდა აგოს. ამიტომ გახარიას დანიშვნა კი არ უშველის ივანიშვილს, არამედ უფრო დაამძიმებს მის მდგომარეობას, იმიტომ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი შეურაცხყოფა ქართველი საზოგადოების, რომელსაც აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა იმაზე, რომ გახარია არის ივანიშვილის ჯალათი და სისხლის სამართლის დამნაშავე.
როგორც 7 ნოემბრის და 26 მაისის გამო პასუხი მოეთხოვა მერაბიშვილს, ასევე უნდა მოეთხოვოს პასუხი გახარიასაც! გახარიას გაპრემიერება იქნება ერთი ერთში სააკაშვილის დანაშაულის გამეორება, რომელმაც ამ დარბევების შემდეგ ვანო მერაბიშვილი გააპრემიერა.
როგორ დაამთავრეს სააკაშვილმა და მერაბიშვილმა, ვნახეთ და თუ ამას არ გაითვალისწინებს ივანიშვილი, ის კიდევ უფრო მძიმედ დაამთავრებს!