გია ვოლსკი – “მამუკა ბახტაძეს არ მოხსნიან!”

გია ვოლსკი - "მამუკა ბახტაძეს არ მოხსნიან!"მე გეუბნებით, რომ სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის განცხადებით, მამუკა ბახტაძე არის ინტელექტუალური, ენერგიული და ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელსაც მართვა შეუძლია.

“დიდი ხანია, რაც მედია კითხვას სამთავრობო ცვლილებების შესახებ სვამს. როდესაც არის საკვაძნო, გარდამტეხი პერიოდი, ქვეყანაში რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, დგება წინასაარჩევნო წელიწადი, მედიასაშუალებების წარმომადგენლები ყოველთვის სვამენ კითხვას მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე და გარკვეულ პროგნოზებს აკეთებენ. მე გეუბნებით, რომ სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის! მამუკა ბახტაძეს ძალიან საინტერესო პროგრამა აქვს. საქმე ხალხის ცვლაში არ არის. უნდა მოხდეს პროექტების დაჩქარება, საკითხების განხილვის ინტენსიფიკაცია, უნდა შეიცვალოს მართვის ხარისხი და გაძლიერდეს მართვის ვერტიკალი. მამუკა ბახტაძეს საკმაოდ დიდი ინტელექტუალური რესურსი და ენერგია გააჩნია იმისთვის, რომ აღნიშნული საკითხები მოაგვაროს. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი საკითხი იქნება ნათელი, როდესაც პრემიერ-მინისტრი კონკრეტული პროგრამით პარლამენტის წინაშე წარდგება“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გია ვოლსკიმ.

სხვადასხვა მედიასაშუალებები სამთავრობო ცვლილებების შესახებ ვერსიებს ავრცელებენ. ამ ვერსიის თანახმად, პრემიერის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის თანამდებობაზე კი ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნება.