გიგა ბუკია – “20 ივნისის ღამეს ხალხის დაშლა არ იგეგმებოდა”

გიგა ბუკია - "20 ივნისის ღამეს ხალხის დაშლა არ იგეგმებოდა"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადზე მეტი ხანია დარჩენილი, თუმცა პოლიტიკურ წრეებში უკვე განიხილება მომავალი საპარლამენტო უმრავლესობისა და შესაძლო კოალიციური მთავრობის კონტურები. ამ საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა დღევანდელი პარლამენტის უმრავლესობის “კონსერვატორების” ფრაქციის თავმჯდომარე გიგა ბუკიას.
გიგა ბუკია:
– მომავალი არჩევნები მაჟორიტარების გარეშე გაიმართება. პროპორციული სისტემის დროს უფრო იზრდება მოსახლეობის დამოკიდებულების მნიშვნელობა ამა თუ იმ პარტიის მიმართ. ამომრჩეველი წყვეტს, ვის ანდობს ქვეყნის ბედს, ვინ რა რაოდენობით შევა პარლამენტში. ამაზეა აწყობილი ის, თუ როგორი იქნება კოალიცია და ვინ ვისთან ითანამშრომლებს.
– დღევანდელი პოლიტიკური სურათი რისი მანიშნებელია?
– დღევანდელი სურათით, თუ ხელისუფლებას არ მივიღებთ მხედველობაში, იკვეთება ნაციონალური მოძრაობის აქტიურობა. ნაცმოძრაობა ცდილობს, იყოს დომინანტი და თავის გარშემო შემოიკრიბოს ოპოზიციურად განწყობილი პირები და პარტიები. კარგად გვახსოვს, რა მეთოდებით მართავდა სახელმწიფოს სააკაშვილი. მისი პარტია ოპოზიციაში ყოფნისას ასევე ზოგიერთ აპრობირებულ ხერხს იყენებს. მაგალითად, სიცრუეს, დემაგოგიას.
– დემაგოგია პოლიტიკისთვის ტიპური მოვლენაა.
– ეს არჩევანის საქმეა. დემაგოგიას ყველა არ იყენებს. ნაცმოძრაობისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნაციონალებს ხშირად შეცდომაში შეჰყავთ მოსახლეობა. ისინი თავიანთ განცხადებებს აგებენ სიცრუეზე და თამაშობენ ხალხის გრძნობებზე. მათი განცხადებების 80% ტყუილზეა აწყობილი. ოპოზიციაში ყოფნისას სადამსჯელო და რეპრესიულ მანქანას ვეღარ იყენებენ. ახლა ისინი ხალხით მანიპულირებენ.
– რეპრესიული მანქანის ამუშავებას დღეს საზოგადოება “ქართულ ოცნებას” საყვედურობს. 20-21 ივნისის შემდეგ ამ ხელისუფლებასაც უწოდეს “სისხლიანი”.
– ამ ხელისუფლების შედარება ნაციონალების რეჟიმთან არ შეიძლება. სააკაშვილს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ჰქონდა გამოცხადებული. მისი უწყებები ხალხს აწამებდნენ. მშვიდობიან მომიტინგეებს სასტიკად უსწორდებოდნენ, დარბევისას დახოცილებს სახურავებზე აწყობდნენ.
20 ივნისის ღამეს ხალხს დაშლაც არ იგეგმებოდა. მოგვიანებით, როცა მიტინგი მშვიდობიანობის ფარგლებს გასცდა, სამართალდამცველები იძულებული გახდნენ, მიეღოთ ზომები. მოქალაქეებს აქვთ თავისუფლების უფლება, მაგრამ სახელმწიფოსაც აქვს თავისი ვალდებულებები. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს წესრიგი და სტაბილურობა.
რუსი დეპუტატი გავრილოვი რომ ამ დროს პარლამენტში ყოფილიყო, მომიტინგეების რადიკალიზმი გასაგები იქნებოდა. გავრილოვი იმ დროს საქართველოდან წასული იყო და პარლამენტში შეჭრის მცდელობასა და აგრესიას გამართლება არ აქვს. სამწუხაროა, რომ დაშავდნენ ადამიანები, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით, ახლანდელი ხელისუფლება ამ მოქალაქეებზე ზრუნავს. ამ მოვლენების შემდეგ გამოჩნდა, რომ ოპოზიციას ძალიან უნდა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის დარღვევა.
– ოპოზიციიდან გაისმის, რომ საქართველოში შესაძლებელია მოლდოვას სცენარის გამეორება. მოლდოვაში პრორუსული და პროდასავლური ოპოზიცია შეიკრა ოლიგარქ პლახოტნიუკის წინააღმდეგ და ის ქვეყნიდან გააქცია.
– თუ ამას ეგრეთ წოდებული მედასავლეთეები ამბობენ, ისინი ამით საკუთარ თავის ლუსტრაციას უკეთებენ. ისინი აღიარებენ, რომ ნებისმიერს შეეკვრებიან, ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ნაცმოძრაობასა და ევროპულ საქართველოში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც 90-იან წლებში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის საქმეს აკეთებდნენ. მათგან ახლაც არაფერი გამიკვირდება. შესაძლოა, ასეთებს მოლდოვას სცენარის გადმოტანა უნდათ. არა მგონია, მიზანს მიაღწიონ.
– ახალი ძალებიც შემოდიან პოლიტიკაში.
– ახალი ძალების გამოჩენას მივესალმები. პოლიტიკაში შემოსვლა ადვილია, დამკვიდრება კი რთული. რამდენიმე წლის წინ გავხდით იმის მოწმე, როგორი ბაქიბუქითა და ხმაურით გამოჩნდნენ პოლიტიკაში წარმატებული ადამიანები. მათ დიდი გეგმები ჰქონდათ, მაგრამ მალე გაქრნენ ასპარეზიდან. საზოგადოება ასეთ საკითხებს გონივრულად უდგება. ალბათ, ხალხიც ფიქრობს, რომ იმას, ვინც პოლიტიკაშია, უნდა ჰქონდეს პოლიტიკური წარსული, გამოცდილება, ხედვები და გეგმები. არჩევნი ამის მიხედვით კეთდება.
– მომავალი არჩევნებისათვის ამომრჩეველს დიდი არჩევანი ექნება?
– როცა პარლამენტი მიიღებს შესაბამის ცვლილებებს, იქნება ნულოვანი ბარიერი პროპორციულ სისტემაში და აიკრძალება საარჩევნო ბლოკები. ეს მისცემს ნაკლები რესურსის მქონე პარტიებს შანსს, გადალახონ ბუნებრივი ბარიერი და პარლამენტში იყოლიონ ერთი, ორი, სამი ან მეტი წარმომადგენელი. რაც მეტ ხმას მიიღებს პარტია, მეტი მანდატი ექნება.
ზოგიერთ პარტიას მძლავრი წარმომადგენლობა ეყოლება. ეს არის პოზიტიური და დემოკრატიული ცვლილება. ნაციონალური მოძრაობა ამისი წინააღმდეგია. ნაციონალურ მოძრაობას ის უნდა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია თავის გარშემო გააერთიანოს და ისე იმოქმედოს.
სააკაშვილმა იცის, რომ ნაციონალები არჩევნების გზით ვერ დაიბრუნებენ ძალაუფლებას. ამიტომ, ის სხვადასხვა მეთოდს ამუშავებს.