გიორგი ლაფერაშვილი – „პაატა სალიას მოადგილეობას მთავაზობდნენ“

გიორგი ლაფერაშვილი - „პაატა სალიას მოადგილეობას მთავაზობდნენ“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

როგორ აფასებს რუსთავი 2-ში მიმდინარე პროცესებს, რით ხსნის იმას, რომ არხი დაახლოებით 2 კვირის დატოვებული ჰქონდა, მაგრამ პაატა სალიამ მაინც თქვა, რომ რუსთავი 2-დან ისიც გაუშვა და სად აპირებს კარიერის გაგრძელებას? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ რუსთავი 2-ის ყოფილი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი საუბრობს.

_ შეაფასეთ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო პაატა სალიამ და რუსთავი 2-ის ახალმა მენეჯმენტმა. ელოდით ასეთ გადაწყვეტილებას და ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ რუსთავი 2 იმ მედიასაშუალებების რიგში, ვინც ხელისუფლების სამსახურშია?

_ რამდენად მოგვწონს ან არ მოგვწონს, ვეთანხმებით თუ არა, ან გვინდა თუ არა, ფაქტია, რომ რუსთავი 2 18 ივლისს დამთავრდა. მას შემდეგ იყო მცდელობები, რომ მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო ის, რისი შენარჩუნებაც შესაძლებელი იყო. ფაქტობრივად, ხელოვნურ სუნთქვაზე იყო არხი და ამის მცდელობა ჰქონდათ რუსთავი 2-ზე დარჩენილ ჩემს კოლეგებს, რომ რამენაირად გადაერჩინათ რუსთავი 2.

თუმცა, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებით საზოგადოებაში ალბათ ეჭვი არავის აღარ ეპარება იმაში, თუ რასთან გვაქვს საქმე. პრინციპში ეს არის ის, რასაც ვამბობდით. ბოლო 1 თვის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ უკვე, რამდენი პირობა დაარღვია ახალმა მენეჯმენტმა და ახალმა მფლობელებმა.

_ რა გაქვთ მხედველობაში?

_ ჯერ ამბობდნენ, საერთოდ არავის არ ეხებიან და არაფერი არ იცვლება. მერე ამბობდნენ, რომ რამდენიმე ადამიანს შეეხება ცვლილება, შემდეგ თქვეს, რომ ყიდიან არხს, მერე გვითხრეს, რომ აღარ ყიდიან. ეს იყო სრული აბსურდი, რაც ლოგიკურად დასრულდა იმით, რომ ფაქტობრივად კურიერის გუნდი ჩამოიშალა.

_ ანუ გგონიათ, რომ არხის გაყიდვა-არგაყიდვის თემაც თამაში იყო?

_ არ მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ და მაგ დეტალების შეფასებას ვეღარ დავიწყებ. მთლიანობაში ჩემთვის გასაგებია, რაც იცვლება. საბოლოო ჯამში, ეს დღეც დადგება, რომ რუსთავი 2 დაიხურება.

_ თქვენ გქონდათ გაკეთებული განცხადება, რომ რუსთავი 2 დატოვეთ, თუმცა პაატა სალიამ 20 აგვისტოს რამდენიმე სხვა ჟურნალისტებთან ერთად გაგათავისუფლათ მაინც. რა იყო ეს?

_ სასაცილოა ეს თემა უბრალოდ. ცოტა ვერ გავიგე ეს საკითხი. ჩემმა ხელქვეითებმა ყველამ იცოდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. „კურიერშიც“ ყველამ იცოდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.

უშუალოდ პაატა სალია არ მინახავს, მაგრამ პაატა სალიას უფროსებს ასევე შევუთვალე, რომ წამოვედი ტელევიზიიდან. ეს მაშინ მოხდა, როდესაც სალიას მოადგილეობის თაობაზე შეთავაზებას მიკეთებდნენ, ასე ვთქვათ, კრედიტების დაფარვის, ხელფასის მატების და ნათელი მომავლის და ყველაფერი კარგის შესახებ. თუმცა, მაშინ ვუთხარი, რომ მე უკვე წასული ვიყავი რუსთავი 2-დან და არა მგონია, რომ სწორად მესაუბრებოდნენ ამ თემაზე. ეს იყო და იყო ეს.

მას შემდეგ რამდენიმეჯერ მომივიდა მოკლეტექსტური შეტყობინება, რომ რაღაც პროგრამული თათბირი იყო. ყველა ჯერზე გადავრეკე და ვუთხარი, რომ წასული ვარ და მესიჯები მაინც აღარ გამომიგზავნოთ-მეთქი. თუმცა, ამის შემდეგ სალიასგან გავიგე, რომ თურმე გამათავისუფლეს. შვებულებაში ვარ და მაგიტომ მათავისუფლებენ, უკვე გამათავისუფლეს თუ რა იყო, ვერ გავიგე. თურმე უნდა მიჩივლონ. კი ბატონო, რაც უნდათ, ჭრან და რაც უნდათ, კერონ.

_ მათი მხრიდან დემონსტრირება ხომ არ იყო იმის, რომ აი, თვითონ კი არ წავიდა, ჩვენ გავუშვითო?

_ თუ ვინმეს ჰგონია, რომ პოტენციური დამსაქმებლები, ადამიანები ვინც ამ სფეროში არიან ან მაყურებელი ვერ ხვდება, რაშია საქმე და ხელშეკრულება რა პუნქტით არის დარღვეული, ძალიან სასაცილოა. ამით თუ იმის პრევენციას აკეთებენ, რომ სასამართლოში არ წავიდე, ესეც სასაცილოა და ღმერთმა ხელი მოუმართოთ.

მე ნაკლებად მაინტერესებს რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტის ფიქრები იმასთან დაკავშირებით რას და როგორ აკეთებს.

_ სასამართლოში წასვლას აპირებთ?

_ ჩემთვის ეს ტელევიზია დამთავრდა. მაგასაც მოვიფიქრებ, წავალ თუ არა სასამართლოში. მე მაინც მგონია, რომ ჩემს პატივსა და ღირსებას ცოტა ისე შეეხნენ, როგორც არ უნდა შეხებოდნენ. იყო რაღაცა საუბრები თანხების მოპარვასა და გაფლანგვაზე და რაღაც სისულელეებზე. ვნახოთ, არაფერს არ გამოვრიცხავ.

_ გაბუნიას გათავისუფლების გამო რუსეთში, პუტინის კონტროლირებად მედიაში სიხარულია ატეხილი. ამაზე როგორია თქვენი შეფასება?

_ რა შეფასება უნდა?! რეალურად იმავე ეთერის შემდეგ გამოჩნდა, რომ ”ქართული ოცნების” ტროლები და რუსული სახელისუფლებო მედია ერთნაირად ლაპარაკობდა. მეტიც, ვნახეთ ხელისუფლების გაკეთებული გაურკვეველი განცხადებები გვიან ღამით და ერთი ერთში იმეორებდა რუსული სახელისუფლებო მედიის აზრს.

მე მგონი, ყველამ ყველაფერი ნათლად დაინახა.

_ როგორც მახსოვს ნათქვამი გაქვთ, რომ კეზერაშვილის არხზე გააგრძელებთ მუშაობას. საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეთ, სადაც გააგრძელებთ მუშაობას?

_ ნათქვამი არაფერი არ მაქვს. უბრალოდ ვთქვი, რომ რამდენიმე შემოთავაზება მაქვს. ეს იყო ბოლო კომენტარი, რაც ამ თემაზე გავაკეთე. ძალიან მალე გაიგებთ დეტალებს იმის შესახებ, სად ვიქნები და რას გავაკეთებ.

_ ანუ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ გაქვთ?

_ მოდით, ამ ეტაპზე უკომენტაროდ დავტოვებ ყველა ამ თემას, რაც, შესაძლოა, ჩემს სამომავლო საქმიანობას უკავშირდებოდეს.