გრიგოლ ვაშაძე – “ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსეთის პოლიტიკასთან თანხვედრაშია”

გრიგოლ ვაშაძე - "ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსეთის პოლიტიკასთან თანხვედრაშია"“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” ბრალდებებს უპასუხა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მმართველმა გუნდმა აგვისტოს ომის თარიღი გამოიყენა იმისთვის, რომ დაეწყო საარჩევნო კამპანია და თავს დასხმოდა ოპოზიციას.

„გუშინ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი იყო. 7 აგვისტო, როდესაც დაიწყო რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო ტერორისტული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ამ თარიღს გამოიყენებდა იმისთვის, რომ მადლობა ეთქვა ჩვენი გმირი სამხედროებისთვის, ელაპარაკა ოკუპანტ სახელმწიფოსადმი პრინციპულ მიდგომებზე და ეზრუნა იმისთვის, რომ ერი და საზოგადოება გაეერთიანებინა. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ “თვალსაჩინო” პირებმა ეს თარიღი იმისთვის გამოიყენეს, რომ დაეწყოთ საარჩევნო კამპანია, დასხმოდნენ თავს ოპოზიციას და 2008 წლის აგვისტოს ომის პასუხისმგებლობა საკუთარ სახელმწიფოსთვის დაეკისრათ. აი, ამ მიდგომას შეიძლება საქართველოსთვის სრულიად გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა და არც იმპროვიზაცია არ არის, ეს არის „ქართული ოცნების“ კარგად მოფიქრებული პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკასთან არის სრულ თანხვედრაში” – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.