ოპოზიციის ლიდერები და „20 ივნისის მოძრაობა – პოლიტპატიმრები“ დღეს გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ხაზთან გამეგზავრნენ, სადაც საოკუპაციო ძალა ე.წ „ბორდერიზაციის“ პროცესს ახორციელებს. ისინი გუგუტიანთკარში ვითარების ადგილზე გასაცნობად და მოსახლეობისთვის სოლიდარობსი გამოხატვის მიზნით მიდიან.
ედპ-ს თავმჯდომარის ბაჩუკი ქარდავას თქმით, 200 წლოვანი ომი რუსეთთან დღესაც გრძელდება ამ პირობებში კი აუცილებელია იმ ადამიანებისთვის სოლიდარობის გამოცხადება, რომლებიც რუსი ოკუპანტების პირისპირ არიან აღმოჩენილები:
„ის რომ ხელისუფლება არ ჩადის გასაგებია რატომაც არ ჩადის, ეს ხელისუფლება ფაქტობრივად უკვე გაცხადებულად გახდა რუსეთის მარიონეტი რეჟიმი საქართველოში. ბიძინა ივანიშვილი არ აძლევს უფლებას მინისტრებს რომ იქ ჩავიდნენ, იმიტომ რომ არ გაღიზიანდეს პუტინი. ამ ვითარებაში პოლიტიკოსებს, რიგით მოქალაქეებს, საზოგადოებაში აქტიურ ადამიანებს ვალდებულება გვაქვს ელემენტარული, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ და არიან გაუსაძლის პირობებში, არიან შეშინებულები, უმძიმეს სოციალურ პირობებში იმყოფებიან. მეორე, საქართველოს დავანახოთ, რომ 200 წლოვანი ომი რუსეთთან დღესაც გრძელდება.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს, „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი, მისი თქმით, ხელისუფლების უმოქმედობით რუსი ოკუპანტები ცოტა ხანში ცენტრალურ მაგისტრალზე აღმოჩნდებიან, საქართველოს ხელისუფლება კი მცირეოდენ აღშფოთებას გამოხატავს და შემდეგ დასასვენებლად და გასარუჯად წავა
„უნდა გავაპროტესტოთ ეს ყველაფერი, ვნახოთ რა ხდება, ადამიანები საკუთარ სახლებს თავისი ხელი ანგრევენ, ასეთი რამე ჯერ მსოფლიოში არ მომხდარა მე მგონი. ნელ-ნელა 10-10, 20-20 მეტრობით მოვლენ ცენტრალურ მაგისტრალზე, გადაგვიკეტავენ და რასაც მოისურვებენ იმას გააკეთებენ. ჩვენი ხელისუფლება იტყვის „ნწ,ნწ როგორ შეიძლება ასეთი რაღაცების კეთება, აღშფოთდებიან, წავლენ მერე, გაირუჯებიან და დაამთავრებენ ამით. აი აქ ვცხოვრობთ დღეს ჩვენ.“- განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

