გურამ ჩალაგაშვილი – „ირაკლი ოქრუაშვილი რუსთავი 2-თვის ისევ იბრძოლებს”

გურამ ჩალაგაშვილი - „ირაკლი ოქრუაშვილი რუსთავი 2-თვის ისევ იბრძოლებს”იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის უფროსი და მეგობარი კობა კოშაძე სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობაში დატოვეს. პარტიაში ამბობენ, რომ მათ მტკიცებულებები წარადგინეს, თუმცა მოსამართლემ დაკვეთა შეასრულა და მტკიცებულებები საკმარისად არ მიიჩნია.

გასაჩივრების გარდა რა პოლიტიკურ ბერკეტს დაუპირისპირებენ ამ გადაწყვეტილებას? რას ფიქრობს მედიის თვალსაზრისით მიმდინარე პროცესებზე? რუსთავი 2-ის დასაბრუნებლად გააგრძელებენ თუ არა ბრძოლას? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი საუბრობ.:

_ კობა კოშაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. არაერთხელ გითქვამთ, რომ ის პოლიტპატიმარია და რეალურად ირაკლი ოქრუაშვილის ანგარიშსწორების მიზნით დაიჭირეს. როგორია თქვენი პოლიტიკური გეგმა ამ საკითხზე?

_ რა თქმა უნდა. ჩვენ ადრეც განვაცხადეთ, რომ როდესაც ოქრუაშვილი არ იყო საქართველოში, მას შეუთვალეს, რომ არ ჩამოსულიყო, თორემ მას აუცილებლად დაიჭერდნენ. ხელისუფლებას არ აწყობდა მისი გააქტიურება და ის, რომ მას მონაწილეობა მიეღო ქართულ პოლიტიკაში.

ირაკლიმ იქიდან შემოუთვალა გასაგებ ენაზე, რომ არ აპირებს დამალვას და ა. შ. ამის შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა _ კობა კოშაძეს ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი. ეს დადასტურებულია იმითაც, რომ გამომძიებელი ამბობს, რომ 11-ის 15 წუთისთვის მიმდინარეობდა მასზე ოპერატიული თვალთვალი და კოშაძე მოძრაობდა აღმაშენებლის ხეივანზე და მისი დაკავება მოხდა 11-ის 20 წუთზე.

ჩვენ სასამართლოში წარვადგინეთ მაგთის ამონაწერი, სადაც ფიქსირდება, რომ ჯერ კიდევ 11-ის ნახევარზე კოშაძე იმყოფებოდა კასპის მუნიციპალიტეტში. ამის მიუხედავად, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ეს ყველაფერი და შეასრულა ის დავალება, რაც მას მიღებული ჰქონდა.

_ მიზეზად რა არგუმენტი დაასახელა?

_ არაფერი არგუმენტი არ უთქვამს. თქვა, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ დაპატიმრების გადაწყვეტილება არ მიეღო. სხვა მოლოდინი არავის ჰქონდა. ყველამ კარგად იცის, რომ კოშაძე ოქრუაშვილის უახლოესი ადამიანია, 15 წელია ერთად მუშაობენ, მისი მეგობარია და იციან, რომ ოქრუაშვილისთვის ძალიან მტკივნეული თემაა ის, რომ კობა კოშაძე დაკავებულია.

ამის მიუხედავად, კობაც და ირაკლიც მხნედ არიან, ასე რომ, თუ ეს ხელისუფლება ფიქრობს, რომ გაგვაჩერებენ, ან რამეზე უკან დავიხევთ, შევშინდებით და ა. შ. ეს გამორიცხულია და ჩვენ ჩვენს საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

_ პოლიტიკური გეგმების მხრივ რას აპირებთ?

_ ადრეც ვისაუბრეთ, რომ საქართველოში გვყავს პოლიტპატიმრები. პოლიტპატიმარია კოშაძეც, ოქრუაშვილიც და არსებობს 20 ივნისის პოლიტპატიმრები. ამ თემაზე ყოველგვარი პარტიული ნიშნის გარეშე შექმნილია პოლიტპატიმრებზე ორგანიზაცია და ამის საშუალებით ჩვენ ყველას დავანახებთ, რომ საქართველოში დიქტატურაა. ივანიშვილის პოლიტიკა არის რეპრესიული. რაც ხდება ქვეყანაში, ეს არის რეპრესიები.

დაიწყეს ოქრუაშვილით, გააგრძელეს ხაზარაძით, რუსთავი 2 დაშალეს, აგერ უკვე ტვ პირველს მიადგნენ. დაიბარეს დაკითხვაზე ჯერ ტვ პირველის დამფუძნებელი, არაფერი გამოუვიდათ და შემდეგ უკვე მამამისს მიადგნენ და ბრალი წაუყენეს, სურვილი აქვთ, რომ ამ ტელევიზიამაც აღარ იარსებოს.

_ ის, რაც გამოუვიდათ კურიერის გაჩერების მხრივ, გამოუვათ ტვ პირველთან მიმართებითაც?

_ ვერ გეტყვით. მე ვნახე ტვ პირველის დირექტორის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ეს ხელისუფლება ვერ ეღირსება იმას, რომ ტვ პირველი გაჩუმდეს და ჩაქრეს.

_ ასეთი განცხადებები გვესმოდა გვარამიასგანაც, მაგრამ დავინახეთ სულ სხვა შედეგი.

_ კი ბატონო, გვარამიასგან გვესმოდა ასეთი განცხადებები, მაგრამ გვარამია არ ყოფილა რუსთავი 2-ის მეპატრონე, ის იყო დირექტორი, შესაბამისად, არხის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში, რომლის სასარგებლოდაც მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება, გახდა ბიძინა ივანიშვილის გოშია და გააკეთებინეს ის, რაც უნდოდათ. ამ შემთხვევაში კი ტვ პირველის მეპატრონე არის წერეთელი და ის არ აპირებს დათმობას და იმას, რომ არხმა აღარ იარსებოს, შესაბამისად, ეს ხელისუფლება ვერ მიაღწევს იმას, რაც უნდა.

ასევე სულ მალე ეთერში იქნება მთავარი არხი, სადაც პრაქტიკულად რუსთავი 2-ის გუნდი სრულად იმუშავებს და პრაქტიკულად ჩვენ მივიღებთ ახალ რუსთავი 2-ს, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მთავარი ტელევიზია, შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობა გაიგებს ობიექტურ ინფორმაციას.

_ თქვენ ბარიერების შექმნას არ ელოდებით ამ არხისთვის?

_ თუ საბოლოოდ ეს ხელისუფლება წავა იმ გზით, რომ ვცხოვრობთ ჩრდილოეთ კორეაში, გამორთავენ ინტერნეტს, გააჩუმებენ ტელევიზიებს და ა. შ. მაშინ მოსახლეობა ვერ მიიღებს ინფორმაციას, მაგრამ მიიღებს იმას, რისიც ყველაზე ძალიან ეშინია ხელისუფლებას.

ქართველი ერი არ არის ისეთ, რომ წლების განმავლობაში ასე მორჩილად უყურებდეს რაც ხდება. ახალ ველოდისიპედს ივანიშვილი ამ კუთხით ვერ შექმნის და თუ ის გზით წავა გაიზიარებს იმ დიქტატორების ბედს, რასაც დიქტატორები იზიარებენ ხოლმე და რომლებიც გაცილებით ძლიერ ქვეყნებს მართავენ, ვიდრე საქართველოა.

_ იმ რისკსაც ხომ არ ხედავთ, რომ ტოტალურ კონტროლზე გადავიდნენ და დაიწყონ პრესისა და განსაკუთრებით ინტერნეტის გაკონტროლება, რომელიც 21-ე საუკუნეში ინფორმაციის თვალსაზრისით ყველაზე მძლავრი იარაღია?

_ როდესაც ხელისუფლებას არჩეული აქვს გზა დიქტატურა და ძალადობა, არაფერია გამორიცხული. ეს ადამიანები ეცდებიან, რომ ყველანაირი კუთხით შეზღუდონ ინფორმაციის საშუალებები და ყველანაირი გზით ეცდებიან, რომ მოსახლეობამდე არ მივიდეს ობიექტური ინფორმაცია. ეს ნიშნავს იმას, მათი მთავარი სამიზნე იქნება ტელევიზიები, შემდეგ უკვე რიგში იქნება ინტერნეტ-გვერდები და შემდეგ უკვე გაზეთებსაც მიადგებიან.

ეცდებიან, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მოსპონ ობიექტური ინფორმაციის გავრცელების საშუალება. ამის მაგალითებს უკვე ვხედავთ _ ერთი ტელევიზია, მეორე ტელევიზია, პოლიტპატიმრების თემა… მეტი რაღა უნდა გააკეთონ?!

იმედია, სახლებში არ ჩამოგვივლიან და ვერ დაგვხვრეტენ, ალბათ აქამდე ვერ მივლენ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ბევრიც არაფერი აკლიათ.

თუ ეს ყველაფერი გაუვიდათ და არ ამოვიღეთ ხმა, რამდენიმე თვეში ჩვენ მივიღებთ ჩვეულებრივ ჩრდილოეთ კორეას, რუსეთსაც კი არა, პირდაპირ ჩრდილოეთ კორეას, სადაც არანაირი აზრის გამოხატვის საშუალება არ არის, მაგრამ, დარწმუნებული იყავით, რომ ამას ვერ მიაღწევენ.

_ რუსთავი 2-ის თემაზე თქვენ ითხოვდით ოქრუაშვილისა და ხალვაშის ხელმოწერის ხელმეორედ ჩატარებას და არ ენდობოდით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას. ახლა როგორც განვითარდა პროცესები რუსთავი 2-ში, გააგრძელებთ თუ არა ბრძოლას ბოლომდე?

_ რა თქმა უნდა. რუსთავი 2 არის ბრენდი, რომელიც დღეს ქიბარ ხალვაშისა და ბიძინა ივანიშვილის ხელშია, მაგრამ მოვა დრო და ის დაუბრუნდება მის მფლობელს, ირაკლი ოქრუაშვილს.

რაც შეეხება ხელმოწერის თაობაზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ვინ არის ადამიანი, ვინც დასკვნას აწერს ხელს. ეს თავის თავზე აიღო ადამიანმა, რომელიც არის რიგითი სპეციალისტი, არათუ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უფროსმა, ან მოადგილემ, სამმართველოს უფროსმაც კი არ ამოაწერა ამას ხელი. ჩვეულებრივ რიგით სპეციალისტს მოაწერინეს ხელი, მერი ჯოხაძეს, რომელიც არის საკმაოდ ასაკიანი.

ის იყო ვაკის რაინის პროკურორი და უცებ მან დაიწყო ექსპერტიზის ბიუროში მუშაობა. რა თქმა უნდა, ამ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი თავის დროზე დადგება.

მის გარდა კიდევ სამი დასკვნა დევს, მათ შორის პარიზის სასამართლოს დასკვნა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამიტომ ქალბატონ ჯოხაძეს მოუწევს, რომ პარიზის სასამართლოს დაუმტკიცოს, რომ თავად მართალია და ფრანგი ექსპერტები არ არიან მართლები, ასევე ის 2 ქართველი ექსპერტიც, რომლებმაც ასევე დადეს დასკვნა, მათ შორის ერთ-ერთი ქართული ექსპერტიზის კორიფეა.