იტალიაში ახალი სამთავრობო კოალიცია შეიქმნა

იტალიაში მემარცხენე ცენტრისტული „დემოკრატიული პარტია“ და „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ. კოალიცია შექმნა ორმა პარტიამ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთთან მკვეთრად იყვნენ დაპირისპირებული. ამ გადაწყვეტილებამდე ისინი რამდენიმედღიანი რთული მოლაპარაკებების შემდეგ მივიდნენ.

„მიგვაჩნია, რომ ეს ვარიანტიც უნდა მოვსინჯოთ“, – განაცხადა „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნულმა მდივანმა ნიკოლა ძინგარეტიმ, მას შემდეგ რაც ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა და მას ახალი კოალიციის შექმნა აცნობა.

პარტიები შეთანხმდნენ, რომ „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ჯუზეპე კონტე პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩება, ხოლო დემოკრატიული პარტია რამდენიმე მნიშვნელოვან პორტფელს მიიღებს. არსებული გეგმით, კოალიცია დროებითი არ არის და მან იტალია 2023 წელს დაგეგმილ მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა მართოს.

ამ გადაწყვეტილებით მოგვარდა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც წინა სამთავრობო კოალიციიდან მემარჯვენე პარტია „ლიგას“ გასვლამ გამოიწვია. „ლიგას“ ლიდერს მატეო სალვინის ვიცე-პრემიერისა და შინგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. ბოლო პერიოდში მისი პარტიის რეიტინგი გაორმაგდა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებმაც დაადასატურა. მატეო სალვინი კოალიციიდან გავიდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების და შესაბამისად პრემიერის სავარძელში გადანაცვლების იმედით. სხვა პარტიების აზრით, შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნების ჩატარება ქვეყნის ინტერესებში არ შედიოდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი