ჯელალ ქიქავა – “ივანიშვილზე ბევრი ოპოზიციონერი მუშაობს”

ჯელალ ქიქავა - "ივანიშვილზე ბევრი ოპოზიციონერი მუშაობს"შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა
ვინ ჩაუშვა ოპოზიცია ივანიშვილთან, ვის გამოაქვს ინფორმაციები ოლიგარქის სასახლიდან, რატომ არ წავა “ოცნება” უსისხლოდ? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ნაციონალური მოძრაობის წევრი ჯელალ ქიქავა ესაუბრება.
– “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ 22 ივნისს ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან გაქცევას აპირებდა, მაგრამ რუსეთმა ამის უფლება არ მისცა. ამასთან დაკავშირებით თქვენ რაიმე ინფორმაციას თუ ფლობთ?
– გაგონილ ამბავზე და ჭორზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ჩემი მხრიდან არასერიოზული იქნება. ძნელად დასაჯერებელია, რომ ის 22 ივნისს საქართველოდან აპირებდა გაქცევას. ეს ჭორი მის სასახლეში სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენას მოჰყვა.
დანამდვილებით გეუბნებით, რომ ის გაქცევას არ აპირებდა და არ ვიცი, ვინ მოიგონა ეს აბსურდი, სამაგიეროდ ვიცი, რატომაც შეიყვანა მან სახლში სპეცრაზმი. ეს ძალიან საყურადღებო და საგანგაშო ფაქტია.
– გვეტყვით ამის შესახებ?
– აუცილებლად. გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ ერთ-ერთ დიდ კაბინეტში გაიმართა ადამიანების შეხვედრა, სადაც აქტიურად განიხილებოდა საკითხი, მოეწყოთ თუ არა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია. ზოგიერთი სოლოლაკის სასახლესთან პიკეტის მოწყობასაც ითხოვდა.
ამ შეხვედრის მონაწილეთა სახელები და გვარებიც ვიცი და ისიც, თუ ვინ რას ამბობდა.
შეხვედრა სულ რაღაც 20 წუთის დასრულებული იყო, რომ ივანიშვილამდე მივიდა ინფორმაცია, ოპოზიცია შენს სახლთან აქციის მოწყობას აპირებსო.
– კაბინეტში მოსასმენი აპარატურა იყო დამონტაჟებული?
– არა, შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, დახურული შეხვედრის დასრულებისთანავე, ივანიშვილს მიაწვდინა ხმა, შენს სახლთან აპირებენ აქცია-პიკეტის მოწყობასო.
ამ ინფორმაციიდან ერთ საათში “ოცნების” ლიდერმა საკუთარ რეზიდენციაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
– საგანგებო მდგომარეობაში რეზიდენციაში სპეცრაზმის შეყვანას გულისხმობთ?
– ეგ ამბავია სწორედ. დაიძინა თუ არა ივანიშვილმა იმ ღამეს სპეცრაზმთან ერთად, არ ვიცი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ოპოზიციაში ძალიან ბევრი მუშაობს “ოცნებაზე” და კონკრეტულად მის ლიდერზე.
– გინდათ თქვათ, რომ მთავარმა მეოცნებემ თავისი ხალხი ჩანერგა?
– ზოგი ჩანერგა, ზოგი დააშანტაჟა, ზოგი საკუთარი სურვილით თანამშრომლობს ოლიგარქთან. გამცემლობა არის ქართველი ხალხის ავადმყოფობა და როცა ამით ვართ ავად, იქ რაიმე წარმატების მიღწევის დიდი იმედი არ უნდა გქონდეს. თუმცა გამონაკლისებიც ყოფილა.
ამ სენის გამომწვევი პირველი მიზეზი არის გაჭირვება. გაჭირვებული ადამიანების მართვა ძალიან იაფად და ძალიან იოლად შეიძლება.
ვინც ბიძინა ივანიშვილს პიკეტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მას თავისი ინტერესი აქვს. მეორე დღეს მივიდოდა მასთან და სადღაც 5.000 დოლარს აჩუქებდა. შეიძლება მანქანაც აჩუქოს. უპატივცემულოდ ნამდვილად არ დატოვებდა.
– ივანიშვილი რომ რაღაცას აჩუქებდა, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ვინ ან რას ჩუქნის იმ ხალხს, ვისაც “ოცნების” კულუარებიდან გამოაქვს ინფორმაციები?
– ეს ადამიანები თვლიან, რომ ოპოზიციას ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. ან ცდილობენ, რომ მათი კეთილგანწყობა მოიპოვონ, რათა ხვალ ხელისუფლება რომ შეიცვალოს, თავი ქუდში ჰქონდეთ.
“ოცნებიდან” ამბების გამოტანაზე “ოცნებამ” იდარდოს, მე იმაზე ვდარდობ, რომ ოპოზიციიდან ჟონავს ინფორმაციები.
ზოგს ოპოზიციონერობა ის ჰგონია, რომ ხელისუფლებას უნდა ევაჭროს. ასე ბევრი ფიქრობს და მაგიტომაც არის ქვეყნის საქმე უკან წასული. ძალიან ცოტაა ისეთი ოპოზიციონერი, რომელიც მართლა იდეისთვის და საქართველოს კეთილდღეობისთვის იბრძვის.
იცით, რამდენი მეჩხუბება, რატომ ხარ ოპოზიციაშიო? ძალიან ბევრი მსაყვედურობს, მანდ რა გინდაო.
– და რატომ არ უნდა იყოთ, თქვენი ნაცნობების აზრით, იქ, სადაც ახლა ხართ?
– იმიტომ, რომ იციან ჩემი მდგომარეობა.
– მდგომარეობაში რას გულისხმობთ?
– ჩემს ქონებრივ დეკლარაციას რომ ჩახედოს ვინმემ, აუცილებლად იტყვის ჩემზე, ეს უბედური სულელია, რა აყვირებსო.
– რა ქონებრივი დეკლარაცია გაქვთ ამისთანა, შეიძლება გვითხრათ?
– გეტყვით. არაფერი მე არ მაკლია, იახტები, მანქანები, სახლი-კარი, “დაჩა”. მოკლედ, ყველაფერი მაქვს, რაც შეიძლება ადამიანს ნორმალური ცხოვრებისთვის ჰქონდეს.
ამიტომ უკვირთ, ყველაფერი გაქვს და რატომ იბრძვიო, მაგრამ მარტო მე ხომ არ ვარ ამ ქვეყანაში? მე ნორმალურ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, რომელიც დამოუკიდებელი იქნება და კანონი იკანონებს.
ზოგი მხოლოდ თავისი მუცლისთვის იბრძვის. ასეთები ოპოზიციურ ფლანგზე მრავლად არიან.
– თქვენ გარდა, სხვამაც ხომ იცის, რომ ოპოზიციაში ასეთი ხალხია?
– რა თქმა უნდა, იციან.
– გაფილტვრას არ აპირებენ?
– გაფილტვრა იქნება და თან ძალიან სერიოზული – უახლოეს 2-3 თვეში დაიჭერენ იმ ხალხის ნახევარზე მეტს, რომლებიც ხელისუფლებასთან ფარულად თანამშრომლობენ.
იმ ხალხის 70-80%, რომლებიც ხელისუფლებისკენ მიისწრაფვიან, გისოსებს მიღმა მოხვდება.
– ვინ დაიჭერს ამ ადამიანებს?
– ვინ უნდა დაიჭიროს? ხელისუფლება დაიჭერს.
– რატომ უნდა დაიჭირონ, მადლობის მაგიერია? ინფორმაციებს აწვდიან თურმე.
– მარტო ინფორმაციების მიწოდებაში არ არის საქმე, ეს ხალხი ძალიან მოწადინებულია, რომ ხელისუფლებაში მოხვდეს. ამ სურვილს ციხით გაუნელებენ.
55 წლის კაცი ვარ და პოლიტიკაში ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და რაღაცებს ეგრევე ვხვდები. ბათუმის მაგალითიც საკმარისია იმის სათქმელად, რომ ძალიან მძიმედ არის საქმე. ოპოზიციიდან ბევრი ცდილობს საკუთარი ცხოვრების მოწყობას.
– თქვენი პროგნოზი თუ გამართლდა, ბევრი ოპოზიციონერი წავა ციხეში. გააპროტესტებს თუ არა ამას ხალხი?
– არ გააპროტესტებს. მე წინა ინტერვიუშიც გითხარით, რომ თუ ლიდერი არ გამოჩნდა, ხალხი ქუჩაში არ გამოვა. 1992 წლიდან 2003 წლის ჩათვლის 14 ლარი იყო პენსია, დენი საერთოდ არ მოდიოდა, მაგრამ სანამ 2003 წლის ნოემბერში სააკაშვილი არ გამოჩნდა, კაციშვილი არ გამოსულა ქუჩაში.
არავის ეგონოს, რომ ხალხს ქუჩაში გაჭირვება გამოიყვანს. რაც მეტად გაჭირვებულია ადამიანი, მით უფრო ძნელია მისი ქუჩაში გამოყვანა. ჩვენნაირ ქვეყნებში ქუჩაში ძირითადად ფულიანები გამოდიან.
– ფულიანები რატომ გამოდიან ქუჩაში?
= იმიტომ, რომ შეიძლება რაღაც დაკარგოს. გაჭირვებულ ადამიანს კი დასაკარგი არაფერი აქვს, ამიტომაც გამოდის ძალიან ძნელად გარეთ – მისთვის სულერთია, რა მოხდება ქვეყანაში.
– თქვენც იმიტომ გამოდიხართ, რომ ფულიანი ხართ?
– მე იმიტომ გამოვდივარ, რომ ჩემი ქვეყნის განვითარება მინდა. ფულიანი ყველა კორუმპირებული კი არ არის. სამწუხაროდ, საქართველოში ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც ქვეყნის კეთილდღეობისთვის იბრძვის.
ის ხალხი მართლა გულწრფელია, ვინც ჩვენთან ერთად შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან მართავს აქციებს. თბილისშიც ბევრი წესიერი ადამიანი დგას აქციაზე, მაგრამ რაკი მე შეკვეთილის ფრონტზე ვარ, ამ მიმართულებაზე გესაუბრებით.
– შეკვეთილის აქციები ახსენეთ და გაგიჭირდებათ ამ მიმართულებაზე, ვნახეთ, რომ მთავარმა მეოცნებემ სახლთან ზღვა მიიყვანა და ის გზასაც ყიდულობს, რომლითაც რეზიდენციამდე შეიძლება მისვლა.
– კიდევ სხვა დაბრკოლებებიც გვაქვს, გურიის სამხარეო პოლიცია ძირითადად ჩვენ დაგვსდევს. ასეთი კორუმპირებული პოლიციელები მე კარგა ხანია, არ მინახია.
რაც შეეხება სახლამდე ზღვის მიყვანას, ეს ჩვენ ვერ შეგვაჩერებს. ოლიგარქის გულის გასახეთქად ვნახულობთ 2-3 მეტრიან კუნძულებს, იქ ვდგებით და იქიდან ვყვირივართ: “გახარია, წადი”.
– ეგ თქვენი ყვირილი ამაო ხომ არ არის? თქვენი მასპინძელი აბასთუმანშია.
– დამიჯერეთ, მაგას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, სად იქნება ივანიშვილი. კაცმა ზღვა მიიყვანა სახლთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი აქცია აწუხებს.
ჩვენთვის მთავარია, რომ პროტესტის ტალღა არ გაქრეს. შემოდგომამდე აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ საპროტესტო ნაკვერჩხალი.
მერე რა, რომ აბასთუმანშია, ისე გავანერვიულეთ, შეცდომას შეცდომაზე უშვებს. მიწა იყიდა, გზა იყიდა. შეკვეთილში ძალიან ბევრი რამე არ არის მისი საკუთრება, მაგრამ შემოღობილი აქვს და რასაც უნდა, იმას აკეთებს.
არაერთი ვიდეო დავდე და საზოგადოებას ვანახე, რომ სანაპიროზე სპეცრაზმი განათავსა. ხალხს ატყუებენ, ვითომ მაშველები არიან.
– იქნებ მართლა მაშველები არიან?
– რაის მაშველები? იმნაირები არიან, კი არ გიშველიან, იქეთ დაგახრჩობენ. ჩვეულებრივი სპეცნაზია, დაკუნთული ბიჭების.
ეს ფაქტიც მაფიქრებინებს, რომ ეს კაცი უსისხლოდ არ წავა ხელისუფლებიდან. ერთი სისხლი ისედაც უკვე დაღვარა.
– რას გულისხმობთ?
– 20-21 ივნისის ღამეს. სისხლი უკვე დაღვარა, მაგრამ, სამწუხაროდ, კიდევ მეტი იქნება.
– თქვენთან ბევრი ინტერვიუ ჩამიწერია, მაგრამ ასე პესიმისტურად განწყობილი არ მახსოვხართ.
– იმიტომ ვარ პესიმისტურად განწყობილი, რომ გამოცდილი პოლიტიკოსი ვარ. ვიცი, რას რა მოსდევს. სხვა თუ არაფერი, სამ რევოლუციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული.
ივანიშვილისნაირი ადამიანები ძალაუფლებას იოლად არ დათმობენ. ისინი არც სისხლის დაღვრას მოერიდებიან. არც ოლიგარქი მოერიდება, ბოლო წუთამდე იბრძოლებს, მაგრამ მაინც წააგებს. და მისი პოლიტიკური ფინალი იქნება ძალიან ცუდი.
ადრე თუ გვიან ხალხი მას ყველაფერზე მოსთხოვს პასუხს.