კახა კალაძეს პრემიერობაზე გაუჩნდა პრეტენზია

კახა კალაძეს პრემიერობაზე გაუჩნდა პრეტენზიაშორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა
მმართველ პარტიაში შეგუებულები არიან, რომ სამთავრობო ცვლილებები გარდაუვალია. გადაწყვეტილია პრემიერის გამოცვლაც. “ქართულ ოცნების” ბაზაზე არსებული რამდენიმე დაჯგუფება ცდილობს, საკუთარი ფავორიტი გაიყვანოს პრემიერის პოსტზე.
თბილისის მერი “ოცნებაში” ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, კახა კალაძეს თავისი გუნდიც ჰყავს, მაგრამ ამ გუნდში ისეთი არავინაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეტყვის, კალაძე კარგი პრემიერი იქნებაო.
კახა კალაძემ “ოცნებას” თავი პრემიერად თავად შესთავაზა. ეს ცოტა ხნის წინ “ოცნების” დახურულ შეხვედრაზე მოხდა.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ მერმა პირდაპირ თქვა, ქალაქს ჩემი ხელი უკვე დავატყვე და ცუდი პრემიერი არ ვიქნებიო.
აქამდე მას შინაგან საქმეთა მინისტრობა უნდოდა, თანაც საშინლად, მაგრამ ივანიშვილმა ცოცხალი თავით არ გაუშვა ამ უწყებაში შვილის ნათელ-მირონი. უთხრა, ისიც გეყოფა, 2012 წელს სამინისტრო რომ გამოგიცვალეო.
ხელისუფლებაში “ოცნების” მოსვლის შემდეგ ივანიშვილმა კალაძე თავიდან ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშნა, მაგრამ მინისტრმა ქვა ააგდო და თავი შეუშვილა – ინფრასტრუქტურა ჩემი საქმე არ არისო.
დიდი წივილ-კივილით გადააყვანინა მან თავი ენერგეტიკის მინისტრად მთავარ მეოცნებეს. ენერგეტიკის სფეროში თბილისის მოქმედ მერს რომ ინტერესები აქვს, ეს ჯერ კიდევ იმ დროიდან იყო ცნობილი, როცა ის სააკაშვილთან დაახლოებული პირი იყო.
ის იმდენად ახლოს იყო სააკაშვილთან, რომ ნაციონალების ბელადი, ორი ვადის ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტად მისი კანდიდატურის დასახელებას აპირებდა. 2013 წლისთვის ქვეყანაში მთავარი პირი პრემიერი გახდებოდა, პრეზიდენტი კალაძე მას ხელს არ შეუშლიდა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობა კალაძემ თავად მოისურვა. იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იხსენებდა, რომ თბილისის მოქმედმა მერმა მათ უთხრა, რომ პრეზიდენტობა სურდა.
იმ დროს კალაძე ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი იყო. როგორც ადეიშვილი ყვება, მათ ეგონათ, რომ ფეხბურთელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურდა, მაგრამ როცა ჩააზუსტეს, გაიგეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტობა ნდომებია.
თავმდაბლობა კალაძემ არც ამ შემთხვევაში გამოავლინა და განაცხადა, რომ ცუდი პრემიერი არ იქნება. სხვა ჩინოსნებისგან განსხვავებით, ის რაღაცას მაინც აკეთებს და ბახტაძეზე უკეთესი პრემიერი მაინც იქნება. თან არც ივანიშვილზე იქნება თავიდან ბოლომდე დამოკიდებული.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, თბილისის მერმა თქვა, რომ გაპრემიერების შემთხვევაში მთავრობას თავისი გუნდის წევრებით დააკომპლექტებს და მათ მუშაობაზე იღებს პასუხისმგებლობას.
ჩვენი წყაროს თქმით, კალაძე ირაკლი კობახიძესაც უპირებს მთავრობაში დასაქმებას.