ხატია დეკანოიძე – ”ივანიშვილი არჩევნებზე თავისივე ჩადებულ ნაღმებზე უნდა აფეთქდეს“

ხატია დეკანოიძე - ”ივანიშვილი არჩევნებზე თავისივე ჩადებულ ნაღმებზე უნდა აფეთქდეს“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკანონო ბორდერიზაციის თემაზე განცხადება გააკეთა, რომელშიც იგივე გაიმეორა, რაც კურიერის ჟურნალისტებს უთხრა, სანამ კურიერი ჯერ კიდევ ეთერში იყო. მან ახლაც თქვა, რომ პრეზიდენტი პროვოკაციებს არ უნდა წამოეგოს, სხვისი დღის წესრიგით არ უნდა მუშაობდეს და ა. შ. მან ასევე თქვა, რომ ის არასოდეს შეეგუება ოკუპაციასა და უკანონო ბორდერიზაციას და ამ მიმართულებით მუშაობს.

რას ნიშნავს პრეზიდენტის ეს განცხადებები და რამდენად საკმარისი რეაგირება იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან და იქ რამდენიმე საერთაშორისო დამკვირვებლის ჩასვლასთან დაკავშირებით? _ აღნიშნულ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე საუბრობს.

_ შეაფასეთ პრეზიდენტის განცხადება, სადაც ის საუბრობს, რომ პრეზიდენტი პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს და სხვისი დღის წესრიგით არ უნდა მუშაობდეს. თქვენთვის ეს რას ნიშნავდა?

_ პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მართლაც ძალიან უსახურია, როდესაც პრეზიდენტი დახურულ შეხვედრას აწყობს და პრესას არ უშვებს შეხვედრაზე. მხედველობაში მაქვს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებული მიღება, ეს მეტყველებს ძალიან ბევრ რამეზე და მეტყველებს იმაზე, რომ ის არ არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც უნდა ერქვას საქართველოს პრეზიდენტი.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს ახალი არაფერი უთქვამს. რეალურად, მას უნდა ახსოვდეს, რომ მისი ეს მავნებლური პოლიტიკა, რომელსაც არა-მიზანმიმართულს ნამდვილად ვერ ვუწოდებ, პირველ რიგში საქართველოს უსაფრთხოებას და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ვნებს.

მას კარგად უნდა ახსოვდეს ერთი რამე, რომ მასთან შეხვედრას ითხოვდნენ ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზთან. ამიტომ, როდესაც ის პროვოკაციას უწოდებს ამ ყველაფერს, ეს არის იმის გამოხატულება, რომ იგი არ წარმოადგენს საქართველოს ინტერესების დამცველს და ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება პრეზიდენტთან ერთად ერთ კალაპოტში მიდის ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ რუსეთთან.

ეს არის ყველაზე უფრო სამწუხარო და საგანგაშო მოვლენა. რასაკვირველია, მაშინ როდესაც ივანიშვილი რუსეთის ინტერესების დაცვით საქართველოს ტერიტორიაზე ცდილობს ძალაუფლებაში დარჩენას და ჰგონია, რომ ეს დატოვებს მას ძალაუფლებაში, რეალურად ეს ავნებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

_ ასევე თქვა, რომ ის არ შეეგუება ოკუპაციას, უკანონო ბორდერიზაციას და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს და უკვე მუშაობს ამ თემაზე. თუ ხედავთ, რომ რაღაცას აკეთებს ამ თვალსაზრისით?

_ არა, არაფერს არ აკეთებს ამისთვის. არსებობს მთელი რიგი ქმედებები, თუ რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ და განსაკუთრებით პირველმა პირებმა. როდესაც უკანონო ბორდერიზაცია ხდება, იქვე უნდა ყოფილიყვნენ, მოვლენების ეპიცენტრში, ჩაეყვანათ საერთაშორისო ჟურნალისტები, დაერეკათ მსოფლიო ლიდერებთან. არ მინდა ეს სიტყვა ვახსენო, მაგრამ ამის გამო ნამდვილად განგაში და პანიკა უნდა აეტეხათ.

მაგალითად, მე რომ ვყოფილიყავი მათ ადგილას, ან საქართველოს ნებისმიერი სხვა მოქალაქე ყოფილიყო, იქვე ვიქნებოდი გუგუტიანთკარში რაზმაძეების სახლთან აღმართულ ბოძთან. იქიდან ფეხს არ მოვიცვლიდი და ეს მიიზიდავდა თავისთავად საერთაშორისო ყურადღებას. ხანდახან ამაზე კომენტარის გაკეთება მიჭირს ხოლმე, როდესაც პრეზიდენტი საცურაო აუზიდან არ ამოსულა მაშინ, როდესაც ამ ადამიანების ტრაგედია იყო.

არავინ არ ჩასულა. რამდენიმე მასწავლებელი ცხოვრობს მიტოვებულ სკოლაში და განათლების მინისტრი არ ჩასულა. პრემიერი ღამე ჩავიდა, რომ რუსებისგან რაღაცა გაღიზიანება არ გამოეწვია. ამიტომ, ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა რუსული ინტერესების გატარება იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.

_ რეალურად რუსების ეშინიათ და ამას უფრთხიან?

_ იცით რა? ეს არის უფრო ის, რომ ბიძინა ივანიშვილს მეტი არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ ჰქონდეს პუტინის მხარდაჭერა იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. უკვე ძალიან მალე იქნება საპარლამენტო არჩევნები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ჩატარდება პროპორციული სისტემით. ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის საზოგადოების ნეგატიური განწყობა მის მიმართ, შესაბამისად ფიქრობს, რომ პუტინის მოკავშირე თუ იქნება, ეს მას დატოვებს ძალაუფლებაში.

_ როგორ? რას უშველის პუტინი იმ ვითარებაში, როცა ამომრჩეველი აღარ დაუჭერს მხარს?

_ ფიქრობს, რომ მოაძლიერებს პრორუსულ პარტიებს, შექმნის ახალ სატელიტ პარტიებს, რომელთაც, დავუშვათ, თვითონვე მისცეს რაღაც დაფინანსების წყარო, ამიტომ ის ფიქრობს პუტინის მოკავშირეობაზე. ის არის ოლიგარქი და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი აზროვნების მეთოდი არ არის თანამედროვე აზროვნების მეთოდი. საქართველოს უდგება ისე, როგორც საკუთარ კორპორაციას და ფიქრობს, რომ ნებისმიერი თამაშით, ფსონების აწევა-დაწევით შესაძლებელია საკუთარი ინტერესების შენარჩუნება.

ამიტომ, ჩვენი პირველი ინტერესი უნდა იყოს ის, რომ არჩევნებში პროდასავლურმა ძალებმა გაიმარჯვონ და ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა ხელისუფლებას ჩამოშორდეს.

_ ხომ არ ელოდებით რაღაც მანიპულაციებსა თუ მაქინაციებს არჩევნებზე პუტინის ჩარევის შედეგად. აშშ-ის არჩევნებში იყო რაღაც ჩარევა და ჩვენც ხომ არ უნდა ვიყოთ მზად ამისთვის?

_ რასაკვირველია, ყველაფერს უნდა ველოდოთ. რეალურად ეს არის ადამიანი, რომელიც არ ფიქრობს დემოკრატიის საწყისებსა და დემოკრატიულ პროცესებზე. ეს არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს და უზურპირებული აქვს ძალაუფლება. ამიტომ, რეალურად ყველაფერს უნდა ველოდოთ, მაგრამ ერთიანი იდეების დეკლარირებით ასევე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ იმ ნაღმებზე, რომელთაც ჩადებს ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში და შემდეგ, თვითონვე აფეთქდეს და ჩვენ, პროდასავლურმა ოპოზიციამ, შეცდომები არ უნდა დავუშვათ.

_ ოკუპირებულ აფხაზეთში არჩევნები ჩატარდა, დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ გვითხრა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები არიან ჩასულები. საქართველოს ხელისუფლებისგან ციხელაშვილმა გააკეთა განცხადება და იყო რამდენიმე კომენტარიც, მაგრამ უმაღლეს დონეზე არ მოგვისმენია მწვავე შეფასებები. ეს რაზე მიანიშნებს?

_ პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს არის უკანონო არჩევნები, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტარდება და ამაზეც შესაბამისი რეაგირება უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რაც სამწუხაროდ ვერ მოვისმინე. არ ყოფილა ღია და განგაშის შემცველი რეაგირება.

რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს, რამდენიმე ქვეყნიდან იყვნენ და ამასთან დაკავშირებითაც მხოლოდ ირიბი და არაპირდაპირი განცხადებები მოვისმინეთ. ამაზე უნდა იყოს მწვავე რეაგირება, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

ამისთვის საჭიროა ჩვენი საელჩოების აქტიური მუშაობა, თუმცა ამაზე იწერებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ალბათ თქვენც საქმის კურსში ხართ. აპირებდნენ იქ ჩასვლას და ამას დეკლარირებას უკეთებდა მარიონეტული რეჟიმი. იგივე გრძელდება. მე რაღაც განსაკუთრებულ რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან ვერ ვხედავ. ისინი აგრძელებენ რეალურად ძალიან მძიმე ნაბიჯებს, რომლებიც არ მიიყვანს საქართველოს უსაფრთხოებას და ეროვნულ ინტერესს კარგ დასასრულამდე.