კორნელი კაკაჩია: “ოქრუაშვილის გარეთ ყოფნა “ოცნებას” არ აწყობს”

“ხელისუფლება კვირიკაშვილს სიგნალს უგზავნის, რომ პოლიტიკაში არ ჩაერიოს”

კორნელი კაკაჩია: "ოქრუაშვილის გარეთ ყოფნა "ოცნებას" არ აწყობს"გენერალურმა პროკურატურამ ყოფილი მინისტრების – დიმიტრი ქუმსიშვილის, ზურაბ ალავიძისა და დავით შავლიაშვილის წინააღმდეგ საქმეები განაახლა. სამივე ეს მინისტრი ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრად ითვლებოდა, ხოლო თავად კვირიკაშვილი პოლიტიკაში ახლახან ჩართული ბიზნესმენის მამუკა ხაზარაძის მეგობარია. შესაბამისად, გამოძიების განახლება პოლიტიკური ანგარიშსწორების თაობაზე აჩენს კითხვებს.

ჩნდება თუ არა პოლიტიკური შეფერილობის ეჭვები, მივა თუ არა საქმე კვირიკაშვილამდე, რას მოიტანს შემოდგომით სამთავრობო ცვლილებები და პოლიტიკური პროცესის როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ? – ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია საუბრობს:

– ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა მიუბრუნდა ყოფილი მინისტრების – ქუმსიშვილი-ალავიძე-შავლიაშვილის საქმეს. თქვენთვის რაზე მეტყველებს ეს, როდესაც გამოძიება საქმეს რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება?

– ერთადერთი ვარიანტი, რაც შეიძლება დავუშვათ, არის ის, რომ იქიდან გამომდინარე, რომ “ოცნება” კარგა ხანია გადავიდა ხელისუფლების შენარჩუნების რეჟიმზე, ცდილობს, პოტენციური მოწინააღმდეგეებისგან გათავისუფლდეს, ანუ იმ პოლიტიკურ თუ ფინანსურ ჯგუფს, რომელსაც შეუძლია, რაღაც გამოწვევა შეუქმნას მათ 2020 წლის არჩევნებისთვის, ამ ჯგუფების ნეიტრალიზაციას ცდილობენ. მათ შორის იყენებენ ისეთ მეთოდებს, თუკი აქვს რაიმე ხელჩასაჭიდი, თუნდაც ხაზარაძის შემთხვევა რომ ავიღოთ, თუნდაც სხვა შემთხვევები, ცდილობენ ამ ჯგუფების განეიტრალებას, რათა ეს ხალხი რეალურად პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერიოს და არ შეუშალოს მმართველ გუნდს ხელი გამარჯვებაში.

აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი იქნება, ფინანსური თუ სხვა, რომელმაც, შესაძლოა, ასეთი გამოწვევა შეუქმნას, ზუსტად ასეთი ჯგუფების წინააღმდეგ აქტიურდება გამოძიება, თორემ უამრავი ადამიანი თუ ჯგუფი შეიძლება არსებობდეს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ანალოგიური პრობლემა, მაგრამ მათი საქმეები თაროზე დევს და არც არავის აინტერესებს, იმიტომ, რომ ისინი არ მოიაზრებიან პოლიტიკურად პოტენციურ მოწინააღმდეგეებად.

– ეს მინისტრები ითვლებოდნენ კვირიკაშვილის გუნდის წევრებად. გაჩნდა ინფორმაცია, რომ ექსპრემიერსაც დაკითხავენ მოწმის სტატუსით. ვარაუდობთ, რომ, შესაძლოა, საქმე კვირიკაშვილამდეც მივიდეს?

– რა თქმა უნდა. როგორც ცნობილია, გავრცელებული აზრი, რომ კვირიკაშვილი და მამუკა ხაზარაძე საკმაოდ კარგ ურთიერთობაში არიან. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ცდილობს, სიგნალი გაუგზავნოს კვირიკაშვილს, რომ ის არ ჩაერიოს პოლიტიკურ პროცესში, იმიტომ, რომ მან, როგორც ყოფილმა პრემიერმა, ძალიან ბევრი რამე იცის “ქართული ოცნების” შესახებ და არჩევნების წინ ნებისმიერმა ასეთმა ადამიანმა, რომელმაც, შესაძლოა, ხმა ამოიღოს, შეიძლება, სერიოზული პრობლემა შეუქმნას “ქართულ ოცნებას”. ამიტომ ცდილობენ, კვირიკაშვილის ჯგუფები გაანეიტრალონ და მიიღონ მისგან ის გარანტიები, რომ ეს ჯგუფები არ ჩაერიონ პოლიტიკურ პროცესებში და ეს საქმეები ისევ თაროზე დაბრუნდება, მაგრამ, თუ გარანტიებს ვერ მიიღებენ, ბუნებრივია, ეს საქმეები გააქტიურდება.

ეს საქმე მიძინების რეჟიმში იყო, იქიდან გამომდინარე, რომ კვირიკაშვილს არ გაუკეთებია განცხადებები. თუმცა, მან გააკეთა ერთი განცხადება 20 ივნისის მოვლენებზე, რაც იმის ნიშანია, რომ ხელისუფლებას ბოლომდე გარანტიები არ აქვს. აქედან გამომდინარე აქცევენ ამ თემებს ყურადღებას.

– პოლიტიკური დაჭერების მხრივ რას ელოდებით და ელოდებით თუ არა იმას, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე მაქსიმალურად გაწელავენ პროცესს 9 თვემდე, რის საშუალებასაც კანონმდებლობა იძლევა?

– დიახ, ალბათ, ასე მოხდება, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებას ამ ეტაპზე არ აწყობს ისეთი რადიკალური ჯგუფების აქტიურობა, როგორიც ირაკლი ოქრუაშვილია, რომლებმაც, შესაძლოა, რაღაც რადიკალიზმი შემატონ ოპოზიციურ მოძრაობას. ოქრუაშვილი შემჩნეულია ასეთ რადიკალური ქმედებებში და, ბუნებრივია, ასეთი ადამიანის გარეთ ყოფნა არ აწყობთ, რომელმაც, შესაძლოა, რაღაც “სიურპრიზები” მოუმზადოს.

– ანუ “ქართულ ოცნებას” ოქრუაშვილის ეშინია?

– პერსონალურად ოქრუაშვილის რომ ეშინოდეს, არა მგონია, იმიტომ რომ ოქრუაშვილს, გარდა მისი დადებითი იმიჯისა, აქვს თავზეხელაღებული პოლიტიკოსის იმიჯი, რომელიც ყველაფერზე წავა, მათ შორის რადიკალურ გზაზეც და ამ თვალსაზრისით ეშინია, ხვალ რომ დაიძაბოს სიტუაცია, ეს ისეთი ხალხია, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები, ამიტომ, თუ ისინი განეიტრალებული იქნებიან, იქ პრობლემას ადვილად მოაგვარებენ, ხოლო 2020 წლის არჩევნების შემდეგ ასეთი პრობლემა აღარ იქნება, ყოველ შემთხვევაში, მათი სცენარი ასეთია.

– თავად “ოცნებისთვის” რას ელოდებით? დაანონსდა, რომ თითქოს იგეგმება სამთავრობო ცვლილებები, პრემიერის შეცვლა და ა.შ. ეს თუ მოუტანს რამე შედეგს მმართველ გუნდს და გადახალისებას თუ ექნება ეფექტი?

– არა მგონია. “ოცნებას” აქვს ძალიან მოკლე რკალი და, ფაქტობრივად, ლიდერები, აღმასრულებელი ხელისუფლება განსაკუთრებით ბევრად უფრო უსუსურ მდგომარეობაშია. ვინც იქ არის, გახარიას გარდა, არც ერთს არ აქვს იმის უნარი, რომ რამე ახალი შესძინონ “ქართულ ოცნებას” ნარატივების დონეზეც კი, არათუ რაღაც კონკრეტული მოქმედებების დონეზე. ბუნებრივია, თვითონ გახარიას სიტუაციაც კარგად იცით, რომ მან არათუ პრემიერის პოსტი მიიღოს, არამედ შს მინისტრის თანამდებობაც კი ვერ შეინარჩუნოს, იმ პროტესტიდან გამომდინარე, რომელიც დღემდე გრძელდება. აქედან გამომდინარე, “ქართულ ოცნებას” ძალიან გაუჭირდება.

მმართველმა გუნდმა ელექტორალური და პოლიტიკური კაპიტალი დიდი ხანია დაკარგა და, არა მგონია, ასეთმა ცვლილებებმა რაღაცები მოიტანოს, მით უმეტეს, იმ სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, რომელიც ქვეყანაშია, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ეს ეხება ლარის კურსს. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ ისაუბროს ამის გამომწვევ მიზეზებზე, მთლიანად გადაბრალების რეჟიმშია და ხან ვის აბრალებს, ხან ვის, მაგრამ არა – საკუთარ თავს.

– თავად ივანიშვილის დაბრუნებას ხომ არ ელოდებით პრემიერის პოსტზე?

– არა მგონია, ივანიშვილმა ეს გაბედოს, მით უმეტეს იცის, რომ 2020 წლის არჩევნებზე, კაცმა არ იცის, ვინ გაიმარჯვებს, მით უმეტეს, მისი რეიტინგი საკმაოდ დაცემულია და ეს დაკავშირებულია ძალიან დიდ რისკებთან.

ივანიშვილი თავის დროზე, როდესაც პრემიერი იყო, მაშინაც არაფერი გაუკეთებია ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და მით უმეტეს, ის არ არის პოლიტიკოსი, რომ რაღაც ახალი ხედვები ჰქონდეს, რათა რაღაც შეცვალოს.

– ბახტაძის წასვლაც ისე ხომ არ იქნება შეფუთული, როგორც კვირიკაშვილის გადაყენების შემთხვევაში მოხდა, თითქოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო მძიმე და ამას დაჰბრალდა პრემიერის პოსტიდან მისი წასვლა?

– კი, მაგრამ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კარგა ხანია, უარესდება ბოლო 5-6 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი 1 წლის წინ დაჰპირდა ხალხს, რომ ძირეული ცვლილებები იქნებოდა და ხალხი იგრძნობდა შვებას სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, მე მგონი, პირიქით ხდება. მდგომარეობა უარესდება და ეს მიუთითებს იმ კრიზისზე, რომელიც ამ ტიპის მმართველობას აქვს და ალბათ 2020 წლის არჩევნებამდე როგორმე უნდა მიიტანოს თავი “ქართულმა ოცნებამ”, მერე რა მოხდება, ნამდვილად არავინ არ იცის, იმიტომ რომ, შესაძლოა, ახალი ხელისუფლება მოვიდეს, შესაძლოა, კოალიციური ხელისუფლება იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ იმ სახით, როგორიც დღეს არის, “ქართული ოცნება” ხელისუფლებას ალბათ ვერ შეინარჩუნებს.

– პროცესების განვითარების თქვენი მოლოდინი როგორია უკვე შემოდგომიდან?

– შემოდგომიდან ალბათ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება ამ მხრივ, იმიტომ, რომ რეალურად ზაფხულის პერიოდი აწყობს ხელისუფლებას. შემოდგომიდან, როგორც კი ხალხი დაბრუნდება ქალაქში და ხელახლა გააქტიურდება აქციები, ალბათ კიდევ უფრო გართულდება “ქართული ოცნებისთვის” სიტუაცია. როგორი და რა სახის პროცესები იქნება, ამის წინასწარ თქმა რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ მმართველ გუნდს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დალხენილი ცხოვრება არ ელოდება, იმიტომ, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის უკვე მიუღებელი გახდა ეს ხელისუფლება და, აქედან გამომდინარე, ეს საპროტესტო მოძრაობა ალბათ არ შეწყდება.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა