ლაურა ღაჭავას ბრალი წაუყენეს – გამოძიება მას 2 მილიონს ედავება

ლაურა ღაჭავას ბრალი წაუყენეს - გამოძიება მას 2 მილიონს ედავებაბიზნესმენ ლაურა ღაჭავას საგამოძიებო უწყებაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

როგორც ლაურა ღაჭავამ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმის მასალების 15 ტომი, თავისი აუდიოჩანაწერებით უკვე გადაეცა, რისი გაცნობის შემდეგაც ის კომენტარს გააკეთებს.

„ბრალთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. 15 ტომი გამოგვატანეს და 15 ტომის კიდევ დისკებია. ასე სწრაფად ამას ვერ გავეცნობოდით. გაცნობამდე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან არის საქმის მასალები, რისი საქმის კურსშიც საერთოდ არ ვარ. აზრზე არ ვარ, რა ხდება და როგორ არის. პოლიტიკური მოტივი არის გამორიცხული“, – განაცხადა ღაჭავამ.

მისივე თქმით, საქმე 2013 წელს ეხება და რატომ გახდა დღეს აქტუალური, მისთვის გაუგებარია.

„მე ყველაფერი წესრიგში მაქვს. უნდა გავეცნო. დღეს რატომ გახდა ეს საქმე აქტუალური, ამას ვერ გეტყვით. მე არ მქონდა იმის უფლება, ეს მეკითხა“, – განაცხადა ღაჭავამ.

მისმა ადვოკატმა კობა ამბარდნიშვილმა თქვა, რომ ამ საქმის გამოძიება 4 თუ 5 თვეა, მიმდინარეობს.

„ბევრს ვერ მოგახსენებთ, რადგან მასალებს არ გავცნობივარ. ძალიან ბევრი მასალაა, 15 ტომია, დაახლოებით ამდენივე დისკებზეა. გაცნობის შემდეგ უფრო დავკონკრეტდები. გამორიცხულია პოლიტიკური მოტივი, კატეგორიულად გამოვრიცხავ. პოლიტიკური შინაარსის კითხვები არ ყოფილა დასმული. 2013 წლიდან დღემდე მოდის ეს საქმე“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

„დრო მაქვს თქო, რომ გითხრათ საქმის მასალების გაცნობის, დაიჯერებთ?! ამ მასალას კარგად რომ გავეცნოთ და გავფილტროთ, 2 თვე დაგვჭირდება. წინასასამართლო სხდომამდე მოვასწრებთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2.160.955 ლარს.

ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

იპნ