ლაურა ღაჭავას ნახევარი მილიონის გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. მოსამართლემ ღაჭავას 500 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. ამასთან, ბიზნესმენს ასევე ეკრძალება საზღვრის გადაკვეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე.

ლაურა ღაჭავას ადვოკატის, კობა ამბარდნიშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ამბარდნიშვილმა აღნიშნა, საქმე ეხება 2013 წლიდან დღემდე მიმდინარე ფინანსურ ოპერაციებს.

„აღკვეთის ღონისძიების სახით 500 ათასი ლარის გამოყენება ჩვენთვის მიუღებელი იყო. არც ველოდით ასეთი თანხის გაჟღერებას, რადგან სახელმწიფო ბრალდებამაც იცის, რომ ლაურა ღაჭავას დაყადაღებული აქვს ყველა ქონება და აქტივი. არ აქვს ლაურა ღაჭავას იმის საშუალება, რომ 500 ათასი ლარი შეიტანოს, ეს იგივე პატიმრობის მოთხოვნაა და გავასაჩივრებთ. ვინმეს ვთხოვთ მის მეგობრებს, რომ უძრავი ქონებით მაინც შევიდეთ, რადგან ამ თანხას ვერ გადავიხდით, თუ ეს აღკვეთის ღონისძიება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა”,- განაცხადა ამბარდნიშვილმა.

შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2.160.955 ლარს.

ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი