ლევან ჩაჩუა – “ღარიბაშვილი კოაბიტაციას რომ ახსენებს, სასაცილო არ არის?!”

ლევან ჩაჩუა - "ღარიბაშვილი კოაბიტაციას რომ ახსენებს, სასაცილო არ არის?!”მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერ ლევან ჩაჩუას.
– “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებენ რეპრესიებსა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში. რას იტყვით?
– პირველ რიგში, ნება მომეცით, მოვიხსენიო 11 წლის წინ ომში დაღუპული ჩვენი ბიჭები. ღმერთმა აცხონოს მათი სულები.
ბოლო დროს ბევრი საშინელება მოხდა, რასაც შეიძლება ვუწოდოთ რეპრესია. თვალების დათხრაზე გამოხატული მაქვს პოზიცია. რას შეეება სიტყვის თავისუფლებას, მედიაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა და ცდილობს ყველა ხელისუფლება. იმის ძახილი, რომ ამჟამად საქართველოში სიტყვის თავისუფლება არ არის, სიცრუეა. აზრის გამოხატვის საშუალება არსებობს და სამწუხაროდ, ლანძღვა-გინება, ბილწსიტყვაობა და დეზინფორმაციაც ვრცელდება. ეს ტელევიზიებს ეხება. პოლიტიკოსისათვის არამომგებიანია, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ამაზე აუცილებელია რეაგირება.
– თუ რეგულაციებს უჭერთ მხარს, საზოგადოების დიდი ნაწილის რისხვა არ აგცდებათ.
– კონტროლი საჭიროა ბილწსიტყაობაზე, შეურაცხყოფაზე, ცილისწამებასა და დეზინფორმაციაზე. სხვა მხრივ სიტყვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს. სხვანაირად, გავრცელებულ აღვირახსნილობას ვერ მოვუვლით.
– ამგვარი გზავნილები “ქართული ოცნებიდანაც” წამოსულა.
– დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” რეგულაციებს არ დააწესებს. იმას, თუ რას იტყვის “ოცნება” ნაციონალებზე და მათ ტელევიზიებზე ან პირიქით, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. რეალობაში, ქოცები და ნაცები ერთმანეთს არ უპირისპირდებიან. ეს ერთნაირი ძალებია. მათ ერთმანეთში გავლენებზე აქვთ ჭიდაობა.
– წინასაარჩევნოდ, “ოცნება” აყენებს ინიციატივას, რომლითაც, საარჩევნო კლიპის დროის 25%-ზე მეტი არ უნდა იყოს ანტირეკლამა. იკრძალება ასევე სიძულვილის ენის გამოყენება. ეს არ არის შეზღუდვა?
– როცა ამაზე ლაპარაკობენ ნაცები, ეს დამაჯერებელი არ არის. ქოცები და ნაცები ერთმანეთს ასულდგულებენ. ოცნება” ნაცმოძრაობას არ შეავიწროვებს, არც ნაცები დაესხმებიან თავს “ოცნებას”. ერთის ჩამოშლა მეორეს დაანგრევს.
ამ ინიციატივაში, რასაკვირველია, არის შეზღუდვა. მმართველი პარტია იღებს ზომებს, რომ ნამდვილმა ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება რაც შეიძლება ნაკლებად აკრიტიკოს.
– “ოცნება” და ნაცმოძრაობა ერთმანეთს 2008 წლის ომის თემაზეც დაეძგერნენ.
– “ოცნების” ლიდერების ვითომ თავდასხმები ნაცმოძრაობაზე და ნაცების პასუხები ამ მტკივნეულ ომზე შოუს დაემსგავსა.
– შოუს რატომ დაემსგავსა?
– ეს ყალბი განცხადებებია. ირაკლი ღარიბაშვილი რომ გამოდის და ომთან ერთად კოაბიტაციასაც ახსენებს, სასაცილო არ არის?! “ქართული ოცნების” კოაბიტაცია ნაციონალურ მოძრაობასთან ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო. მე, როგორც სააკაშვილის რეჟიმის სინდისის პატიმარმა, კარგად ვიცი, რა ხდებოდა მაშინდელ პროკურატურაში. ღარიბაშვილის პერიოდში პროკურატურაში გადასასინჯად შეტანილი იყო 30.000 სისხლის სამართლის საქმე. ისინი ეხებოდა სააკაშვილის დროს ჩადენილ დანაშაულებს. ყველა ეს საქმე მაშინ თაროზე შემოიდო.
– ღარიბაშვილის შემდეგ ხომ გადაიხედა ზოგიერთი საქმე?
– გადაიხედა მხოლოდ იმ ბიზნესმენების საქმეები, რომლებიც ივანიშვილს დაუწვნენ. მარტო ამ კატეგორიის დაზარალებულების მიმართ აღდგა სამართლიანობა. 2008 წლის ომზე კინკლაობა უსინდისობაა როგორც “ქართული ოცნების”, ისე ნაცმოძრაობისა და მისი ნაწილების მხრიდან.
2008 წლის 8 აგვისტოს გორში ვიმყოფებოდი. საქმის კურსში ვარ, რაც ხდებოდა. დარწმუნებით ვამბობ, რომ სააკაშვილის ჩინოსნები თავიანთი ოჯახებითა და ოქროულობით ბაქოსა და ერევანში იყვნენ გახიზნულები. ყოველ აგვისტოს ეს ხალხი უნამუსოდ მიდის მაშინ დაღუპული ბიჭების საფლავებზე. ამ თემაზე “ოცნებაც” და ნაციონალებიც ერთ სპექტაკლს დგამენ.
– ეს ორმხრივი თამაშები მომავალ პარლამენტში უნდა დამთავრდეს.
– თქვენი, ალბათ, გულისხმობთ იმას, რომ მომავალი არჩევნები პროპორციული წესით ბუნებრივი ბარიერით გაიმართება. ერთი შეხედვით, ეს კარგია, მაგრამ ამაში დიდი ეშმაკობა იმალება.
ცესკოს დაკომპლექტების პრინციპი და საარჩევნო სიები არ იცვლება. ყველა საარჩევნო კომისია უნდა დაკომპლექტდეს არა ე.წ. კვალიფიციური პარტიებით, არამედ, საზოგადოების სანდო წარმომადგენლებით. 2012 წელს “ქართული ოცნება” არსებულ საარჩევნო სიებს “კაციტაძის გაბერილ სიებს” ეძახდა. იმის შემდეგ საქართველო ბევრმა ადამიანმა დატოვა, ბევრი გარდაიცვალა, საარჩევნო სიები კი უფრო ყალბი გახდა. თუ ეს არ გამოსწორდა, პროპორციული არჩევნები რას მოიტანს?!
– მომავალ პარლამენტში მაინც მეტი ძალა იქნება წარმოდგენილი.
– მანდატების დაახლოებით 85%-ს დააკომპლექტებენ ქოცები, ნაცები და მათი სატელიტები. დანარჩენ ადგილებს დაუთმობენ იმ ცრუ ეროვნულ-პატრიოტულ ძალებს, რომლებსაც ივანიშვილი აკონტროლებს.
– საარჩევნო კომისიების სამართლიანად დაკომპლექტებას და საარჩევნო სიების გასწორებას მოითხოვთ?
– რასაკვირველია, ასევე – არჩევნებზე ხმების “ლაივში” დათვლას. თუ საზოგადოებას არ უნდა, რომ მოღალატე და სახელგატეხილი ძალების ხელში დარჩეს, უნდა იაქტიუროს.
“ქართული იდეა” ამ მოთხოვნებს დააყენებს. თუ ამ მხრივ გარდატეხა არ მოხდა, ეროვნულ ინტერესებს მომავალი არ უწერია.
საზოგადოების პრესინგი ბევრს ნიშნავს. ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს.