ლევან ჩაჩუა – “თუ დაჭაობებულ ველზე ისევ “ოცნება” და ნაციონალები იყიყინებენ, ჩვენ ქუჩაში გამოვალთ”

ლევან ჩაჩუა - "თუ დაჭაობებულ ველზე ისევ "ოცნება" და ნაციონალები იყიყინებენ, ჩვენ ქუჩაში გამოვალთ"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
რა ცვლილებები მოაქვს ქვეყანაში მიმდინარე მჩქეფარე მოვლენებს? ამის თაობაზე “ახალი თაობა” ესაუბრა მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერ ლევან ჩაჩუას.
ლევან ჩაჩუა:
– ამ ზაფხულს არ იგრძნობა, რომ მკვდარი სეზონია. ბევრი რამე ხდება, მაგრამ ამით ბევრი არაფერი იცვლება. პოლიტიკაში ძველი გასვრილი სახეები იბრძვიან გავლენებისათვის. როცა რჩება ძველი მანკიერი სისტემა, შესაკრებთა გადანაცვლება აზრს კარგავს. მაგალითად, ტელევიზიებში დაწყებული მოძრაობებით არანაირი ძვრები არ იქნება. მერე რა, რომ თითქმის გაჩერებულია რუსთავი 2. ნიკა გვარამია თავის ხალხთან ერთად მალე გამოჩნდება სხვაგან, მთავარ არხზე. ამუშავდება რუსთავი 2 და ჩვენ, ერთის მაგივრად, ორი ერთმანეთის მაგვარი ტელეკომპანია გვექნება.
– ფიქრობთ, რომ ხალვაშის რუსთავი 2 ძველის ტრადიციებს გააგრძელებს?
– მეტ-ნაკლებად გააგრძელებს. ხალვაშისგან ეროვნული, ქრისტიანული და შემეცნებითი გადაცემების მომზადებას და გაშვებას არ ველი. ამას არც სხვა არხები გააკეთებენ, რომლებიც წინასაარჩევნოდ სოკოებივით მომრავლდებიან.
ხელისუფლებისაგან ახალი გაუსვრელი პატრიოტული ძალებისათვის ხელშეწყობაც არ იგრძნობა .ამიტომაა, რომ ქვეყანაში ძირმომპალი სისტემა არ ჯანსაღდება და აქამდე ვერ მიავაღწიეთ მიზანს, რისთვისაც იბრძოდნენ 9 აპრილის მონაწილეები, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირები.
ორი ძირითადი გამოწვევა გვაქვს: რუსული მცოცავი ოკუპაცია, რომელიც ნატოს წვრთნებს ემთხვევა ხოლმე და სულიერი ოკუპაცია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება და ოდიოზური ოპოზიცია ახორციელებენ.
– “ქართულ ოცნებას” იმის პრეტენზია აქვს, რომ სისტემას ცვლის. ჯერ ერთი, ქვეყანა გადადის საპარლამენტო მმართველობაზე. გარდა ამისა, ხელისუფლების ინიციატივით, 2020 წლის არჩევნები პროპორციულად ნულოვანი ბარიერით გაიმართება.
– მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაც დადებითი მოვლენაა და ნულოვანი ბარიერიც იქნებოდა შანსი ახალი ძალებისათვის. ეს იქნება კარგი იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები არ გაყალბდება.
– გაყალბების საშიშროება არსებობს?
– რასაკვირველია, არსებობს. თუ არ დაიხვეწა საარჩევნო სიები, თუ საარჩევნო კომისიები არ დაკომპლექტდა უპარტიო სანდო პიროვნებებით, თუ ხმების დათვლა კამერების წინ, ლაივში არ მოხდა, შეიძლება მასშტაბური გაყალბება მოხდეს. წარმოიდგინეთ, რა იქნება, თუ მომავალ პარლამენტშიც წამოსხდებიან ძველი პოლიტიკოსები, რომლებსაც ხალხი დასანახად ვერ იტანს. ეს პოლიტიკოსები გასვრილი არიან ყველანაირ სიბინძურეში, ეროვნული ხელისუფლების ჩამოგდებით დაწყებული, კორუფციაში მონაწილეობით, ტერიტორიების დაკარგვითა და მოსახლეობის ხოცვა-წამებით დამთავრებული.
– “ქართული ოცნება” ჩაატარებს წმენდას თავის რიგებში?
– “ოცნების” რიგებში წმენდაზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ზოგს ჰგონია, რომ ივანიშვილი ვითომ ტრადიციული ღირებულებების დამცველებს დააწინაურებს. მჯერა, რომ ამისი სურვილი აქვს. მმართველმა პარტიამ, ოდიოზურმა ოპოზიციამ და მათმა უცხოელმა ბოსებმა იციან, რომ საქართველოში არის მოთხოვნა ეროვნულ პატრიოტულ ძალებზე. მთავარი ისაა, რომ “ოცნებას” ტრადიციული ღირებულებებით მანიპულაცია არ გამოუვა.
– რატომ არ გამოუვა? ხალხი დაბრძენდა?
– ხალხმა გამოცდილება მიიღო და ასეთი ვირეშმაკობებით არ შეცდება. რამდენიმე თვის წინ ჩვენმა საზოგადოებამ თავისი სიმწიფე უკვე გამოამჟღავნა. ივანიშვილის ხელშეწყობით აღორძინდა “დაიცავი საქართველო”. ფილარმონიაში შეკრებაზე ამ ხალხს ომახიანი გამოსვლები ჰქონდა, მაგრამ საზოგადოება ვერ აიყოლია. ხალხი “დაიცავი საქართველომ” გააღიზიანა.
იგივე ბედი ელის იმ ჯგუფსაც, რომელსაც ივანიშვილი საზოგადოებას ფასეულობების დამცველებად მომავალში “გადმოუგდებს”. თუ ეს როლი ღარიბაშვილს უნდა მისცენ, ეს კიდევ უფრო სასაცილო იქნება.
– რატომ?
– ანტიდისკრიმინაციული კანონი წინა მოწვევის პარლამენტმა ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მიიღო. მას ამ კანონის წინააღმდეგ ერთი სიტყვა არ წამოსცდენია. ნაციონალებზე ხისტ განცხადებებს აკეთებს იმ დროს, როცა “ოცნების” კოაბიტაცია სააკაშვილის რეჟიმთან მის დროს დაიწყო. მაშინდელ პროკურატურაში გადასასინჯად შეტანილი 30.000 საქმე ხელუხლებლად დარჩა თაროებზე. რანაირად არის ღარიბაშვილი ტრადიციული ღირებულებების დამცველი, როცა უბინძურეს ფესტივალ “კაზანტიპთან” მისი ცოლისძმები იყვნენ დაკავშირებული? საზოგადოებას ეს ყველაფერი ახსოვს.
– სხვადასხვა პოლიტიკოსი აანონსებს ან პროგნოზირებს საპროტესტო გამოსვლებს შემოდგომაზე. თქვენც ელით გამოსვლებს?
– ვფიქრობ, რომ პატარ-პატარა სოციალური გამოსვლებია მოსალოდნელი. იმდენად გაუსაძლისი სიტუაცია შეიქმნა ლარის გაუფასურებისა და ფასების მომატების გამო, რომ პროტესტი ხშირად მესმის. შეიძლება, პროტესტი ქუჩებშიც გადმოვიდეს. თუ ხალხს სხვა თემებიც დაუგროვდა, არ არის გამორიცხული საპროტესტო მოძრაობის აგორება.
ადამიანებს ისიც აშფოთებთ, რომ პოლიტიკაში არ არიან მათი და ქვეყნის ინტერესების დამცველები. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ვარ და ქვეყანაში არასტაბილურობა არ მინდა. ამასთან, თუ დაჭაობებული პოლიტიკური ჭაობი არ დაიწმინდა, არაფერი გვეშველება. ამისათვის ხელისუფლებამ კარი უნდა გაუხსნას ახალ ჟანსაღ ეროვნულ ძალებს. თუ ხელისუფლება ახალ გაუსვრელ ძალებს აქტიურობის საშულებას არ მოგვცემს, ცუდად დაამთავრებს.
თუ დაჭაობებულ ველზე ისევ “ოცნება” და ნაციონალები იყიყინებენ თავის სატელიტიანებად და საარჩევნო გარემოს არ გააჯანსაღებენ, მაშინ საპროტესტოდ ქუჩაში “ქართული იდეაც” გამოვა და ხალხს შეუერთდება.