ლუკა კალანდია – “მიხეილ კალანდიას პროცესი ღია უნდა იყოს”

ლუკა კალანდია - "მიხეილ კალანდიას პროცესი ღია უნდა იყოს"ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები სასამართლო პროცესების გახსნას ითხოვენ.

როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ განუცხადა, პროცესები არა დახურულ კარს მიღმა, არამედ საჯაროდ უნდა ჩატარდეს და საზოგადოებამ ნახოს, რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას.

„გასულ სხდომაზე აღკვეთი არ შეუცვალეს, არც ველოდებოდით შეცვლას, ისედაც უდანაშაულოდ არის დაჭერილი. ისე არ გააკეთებენ, გარეთ გამოუშვან. ამ თამაშში არ ჩაებმებიან, რაც გადაწყვიტეს, ბოლომდე უნდათ იმის გაკეთება. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, პროცესები გავხსნათ, დღეს ვაყენებთ შუამდგომლობას იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესები ღია იყოს და საზოგადოებამ თვითონ ნახოს, ვინ არის დამნაშავე. საზოგადოებამ უნდა მოისმინოს თითოეული მოწმის ჩვენება და ნახოს რა მტკიცებულებები აქვს ბრალდებას, დახურულ კარს მიღმა არაფერი იქნება და ყველას შეეძლება თვითონ დარწმუნდეს, ვინაა დამნაშავე და ვინ – უდანაშაულო”, – განაცხადა კალანდიამ.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

იპნ