მამუკა ბახტაძეს მაია ცქიტიშვილი შეცვლის?

მამუკა ბახტაძეს მაია ცქიტიშვილი შეცვლის?შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა
მცხუნვარე პოლიტიკური ზაფხულით გადაღლილი “ქართული ოცნება” შემოდგომაზე სამთავრობო კარუსელის დატრიალებას აპირებს. “ახალ თაობას” ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რომ, მინისტრების გარდა, რამდენიმე გუბერნატორიც შეიცვლება.
ჩვენი წყაროს ინფორმაციითვე, საკადრო ცვლილებებზე შს მინისტრი გიორგი გახარია იზრუნებს, თუმცა პრემიერი სხვა გახდება.
სამთავრობო კულუარებიდან გამოსული ინფორმაციის თანახმად, პრემიერის თანამდებობას მაია ცქიტიშვილი დაიკავებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია.
“ოცნებაში” ამბობენ, რომ ის მამუკა ბახტაძის მსგავსი მორჩილი პრემიერი არ იქნება და უფრო თავისუფლად იმოქმედებს. მმართველ გუნდში უკვე ახლავეა გარკვეული, რომ ის ძალოვან უწყებებს ვერ შეეხება. ეს ფრონტი გასაკონტროლებლად კვლავ გიორგი გახარიას დარჩება, რომლის გადაყენებასაც ბიძინა ივანიშვილი ცოცხალი თავით არ თანხმდება.
გახარია ძალოვანებს, პროკურატურის ჩათვლით, გააკონტროლებს. მის კონტროლს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო არ დაექვემდებარება. “ოცნებასთან” დაახლოებული წყარო ამბობს, რომ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ს მხარდაჭერით სარგებლობს და მას ვერავინ შეეხება.
რამდენიმე ცვლილება განხორციელდება ეკონომიკურ გუნდში. სამთავრობო კულუარებში ღიად ამბობენ, რომ თანამდებობას დატოვებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. პოსტიდან წასვლამ შეიძლება ფინანსთა მინისტრსაც მოუწიოს.
ვინ დაიკავებს ამ თანამდებობებს, ჯერ ცნობილი არაა. არც ის არის გარკვეული, თუ ვინ გახდება ინფრასტრუქტურის მინისტრი. ცქიტიშვილის გაპრემიერების შემთხვევაში ეს პოსტიც ვაკანტური იქნება.
რაც შეეხება ჯერ ისევ მოქმედ პრემიერს, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ის სასწავლებლად წავა საზღვარგარეთ. ჩვენთან ეს მიღებული პრაქტიკაა – ჯერ უმაღლესი თანამდებობებს იკავებენ და მერე მიდიან სასწავლებლად.
შეიცვლება რამდენიმე გუბერნატორიც. შესაცვლელ გუბერნატორთა სიაშია ალექსანდრე მოწერელიაც. რომელიც ამ მხარეში რწმუნებულად გასულ წელს დაინიშნა და ის გიორგი გახარიას კადრად ითვლება.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ ეს ცვლილება გახარიას კურთხევით ხორციელდება.
სამთავრობო ცვლილებების პარალელურად “ოცნებაში” ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის შემობრუნებასაც ელოდებიან. მის მოსალოდნელ გააქტიურებაზე “ახალი თაობა” ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წერდა.
მაშინ მმართველ პარტიაში გვითხრეს, რომ მან ბიძინა ივანიშვილთან სიტუაცია დაალაგა და მისი ნებართვით ქმნიდა პარტიას. მის სავარაუდო პოლიტპარტნიორად მამუკა ხაზარაძე მიიჩნევა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც ბოლო დროს ხაზარაძეს თავს გადახდა, კვირიკაშვილის და ივანიშვილის შერიგება წარმოუდგენელი იქნება.
ამის მიუხედავად, “ოცნების” ლიდერი ყოფილ პრემიერს იოლად ვეღარ მოერევა. ის დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობს. დასავლეთთან კი ივანიშვილს ისედაც გაურთულდა ურთიერთობა და დაუკრეფავში გადასვლას მოერიდება.