მამუკა გამყრელიძე – “გვარამიას ულტიმატუმმა რუსთავი 2 დაანგრია”

მამუკა გამყრელიძე - "გვარამიას ულტიმატუმმა რუსთავი 2 დაანგრია"ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს
მამუკა გამყრელიძე:
– როდესაც ხდება ავტოკრატიული რეჟიმის გამყარება და გაძლიერება, ერთადერთი სცენარი არის მაქსიმალურად მოჭერა ქანჩების. თუ ბიზნესს ესხმიან თავს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ შეეცდებიან, დაფინანსების სხვადასხვა წყაროები შეუზღუდონ ოპოზიციურ ძალებს, მათ შორის ოპოზიციურ ტელევიზიებს.
– ხაზარაძე-ჯაფარიძის შემდეგ ავთანდილ წერეთელს წარუდგინეს ბრალი. საუბარია, რომ რუსთავი 2-ის მოგუდვის შემდეგ ტვ პირველის წაღებაც უნდათ.
– რა თქმა უნდა, ასეა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ მივალთ რაღაც გარკვეულ წერტილამდე, როცა იწყება უკვე კორეული რეჟიმი და ასე შემდეგ.
– ქანჩების ასე მოჭერით, ორთქლის დახშობით, მედიის გაჩუმებით საპირისპირო შედეგს არ მიიღებენ?
– ორთქლის სარქველის ფუნქციას დღეს ასრულებს სოციალური ქსელი. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც საშუალო ფენისკენ მიისწრაფოდა და რომელიც სოციალურად ყველაზე საშიშია ხელისუფლებისთვის, ეს ფენა მთლიანად არის სოციალურ ქსელებში და იქ უშვებს ამ ორთქლს. მათთვის არ არის პირველი მნიშვნელობის, რომ მაინცდამაინც ტელევიზია ჰქონდეთ.
ტელევიზია უნდათ უფრო იმ თაობებს, რომლებიც ვერ მოიხმარენ სოციალურ ქსელებს. შესაბამისად, ეს გულის მოოხების მომენტი ამ “საშიში” ფენისთვის არის ფეისბუქი და ის იქვე ჩაკლავს საკუთარ ამბოხს.
– რუსთავი 2-ს რაც დამართეს, ყველამ ვნახეთ.
– რუსთავი 2-ს დამართა ორივე მხარემ. ძალიან არ მესიამოვნა, რომ გვარამიამ ულტიმატუმის სახით წაუყენა იქ მყოფებს, რომ გინდა თუ არა წამოდით. შესაძლებელი იყო, რომ იქ რაღაცა ნაწილი დარჩენილიყო. ახალ ტელევიზიას ასე უცებ ვერ გაუშვებ, რაღაც პერიოდი გჭირდება, რომ აამუშავო. სიმართლის თქმას და ხარისხიანი პროდუქტის გაკეთებას ამ ხალხს ვერ აუკრძალავდნენ. მოეცადათ, ემუშავათ 2-3 თვე და თუ ამ არხსაც იმედად გადააქცევდნენ, შემდეგ წასულიყვნენ. ამ ულტიმატუმმა კი უბრალოდ დაანგრია რუსთავი 2!
– რამდენად გაუძლებს ამ ზეწოლას ტვ პირველი? თუ ისიც რუსთავი 2-ის ბედს გაიზიარებს?
– თავიდან უფრო რბილი მომენტი იქნება ტვ პირველთან მიმართებაში და შეეცდებიან მოლაპარაკებას, იმიტომ რომ ტვ პირველი არ იყო ისეთი მძაფრი ტელევიზია, როგორიც რუსთავი 2. მას უფრო დაბალანსებული ეთერი ჰქონდა.
– ავთანდილ წერეთელს ბრალი წაუყენეს და საუბარია, რომ სწორედ ტელევიზიით ევაჭრებიან. რამდენად გამოძვრება ამ საქმიდან?
– ვერ გამოძვრება ვერანაირად. ან მოუწევს რაღაც-რაღაცეებზე დათანხმება, ან მოუწევს საერთოდ წასვლა, დღეს ძნელია ამის თქმა. ყოველ შემთხვევაში, კარგს არაფერს ველოდები.
საქართველოში დამყარდა ავტოკრატიული რეჟიმი და ახლა ეს თემა როგორც გინდა, ისე ატრიალეთ. სიმართლე ეს არის! დღეს არავინ არ არის დაცული იმისგან, რომ არ დაიჭერენ. ყველა საფრთხის ქვეშ არის.
– შიშის დანერგვა დაიწყეს საზოგადოებაში? იმის, რაც სააკაშვილის დროს იყო?
– სააკაშვილის დროს ცოტა სხვანაირად აღიქმებოდა ეს შიში. იქ შიში იყო კანონის დარღვევასთან დაკავშირებით. ახლა კი ხმას ამოიღებ და დაგიჭერენ! ეს ცოტა განსხვავებული შიშია.
შიშის დანერგვა სისულელეა, ეს არაფერს არ იძლევა. აქ ყველზე მძიმე მომენტი ის არის, რომ იმ შიშის დამნერგავებს დიდი ფული არ უწყობდათ ხელს და ახლა ამ საფრთხობელებს ძალიან დიდი ფული აქვთ. შესაბამისად, აქვთ უფრო მეტი საშუალებაც. ამას ემატება ერის დაღლილობა, მოსახლეობის ნაწილს ეს ვითარება აწყობს, რადგან უკვე შეგუებულია და უფრო მარტივად გრძნობს თავს ამ საბჭოურ, რუსულ გარემოში.
– სექტემბრიდან არის გააქტიურების მოლოდინი. ხაზარაძეც აიმედებს საზოგადოებს, რომ არ გაჩერდება და ბოლომდე იბრძოლებს. რისი მოლოდინი გაქვთ მამუკა ხაზარაძისგან?
– აი, რა ვქნა, თუ გინდათ მომკალით და არაფრის მოლოდინი ხაზარაძისგან არ მაქვს. ადამიანი გამოფხიზლდა მხოლოდ მაშინ, როდესაც მის ქონებას შეეხო საქმე და თურმე მანამდე თავისუფლები ვიყავით და ლაღად ვსუნთქავდით.
დიდწილად მაგის დამსახურებაც არის ის, რომ ჩვენ მივიღეთ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი! არ არის ასე?! როგორ ვენდო ასეთ ადამიანს?! რატომ უნდა დავიჯერო ეკა ბესელიასი, ან მამუკა ხაზარაძის გამოფხიზლება და სახეცვლილება?! კარგით რა, მართლა სულელები ხომ არ ვართ?!
რასაკვირველია, მთავარ მტერთან საბრძოლველად ყველა ძალა უნდა გამოიყენო, უარი არავის უნდა უთხრა, რომ შენ განზე გადექი, არ გენდობი, მაგრამ ლიდერად მამუკა ხაზარაძეს არ განვიხილავ არანაირად.
– ხელისუფლება ცდილობს, საკადრო ცვლილებით გადაფაროს ყველა ნეგატივი. ახალი სამთავრობო კარუსელი შეცვლის რამეს?
– მაპატიეთ ასეთი უხამსი შედარებისთვის, მაგრამ როდესაც ბორდელში შემოსავალი არ შემოდის, საწოლებს კი არ გადააადგილებენ, არამედ როსკიპებს ცვლიან. ძალიან შეეფერება ეს შედარება ამ სიტუაციას. რა აზრი აქვს მათ გადაადგილებას, ერთი საწოლის მეორე საწოლით?!
აქ საუბარია იმაზე, რომ მთლიანად უნდა შეიცვალოს ეს სისტემა. უძრაობაშია სისტემა, ვერ ახერხებს ქვეყნის ამოყვანას ამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან. დღეს ყველაფერი არის ერთი ადამიანის ხელში! რამდენჯერ შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ?!
– ყველა პროცესის უკან ივანიშვილი დგას?
– აბსოლუტურად ყველაფრის უკან! დღეს ჩვენი მთავარი მტერი არის ის მახინჯი რეჟიმი, რომელიც ივანიშვილმა შექმნა. ეს სისტემა აუცილებლდ უნდა შეიცვალოს.
– ხედავთ ძალას, ვინც ამ სისტემას მოერევა, ვინც დაანგრევს?
– ძალა არის ერთადერთი, ეს არის გაერთიანებული ოპოზიცია, ოღონდ მე არ ვგულისხმობ მარტო იმ გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც ახლა არსებობს. ყველა ოპოზიციური ძალა უნდა გაერთიანეს. სხვა გამოსავალი არ არის.
ის, რასაც ივანიშვილი გვთავაზობს, ეს დაქუცმაცება, სათითაოდ გასვლა არჩევნებზე, ნულპროცენტიანი ბარიერი არის სატყუარა იმისთვის, რომ გაერთიანება არ მოხდეს ოპოზიციური ძალების.
თუ ოპოზიცია მონდომებულია, რომ შეცვალოს ხელისუფლება, მაშინ გაერთიანდება. ის, ვინც ამაზე უარს იტყვის და ცალკე წავა, მე არ ვიტყვი, რომ ის მაინცდამაინც ივანიშვილის ხელის ბიჭია, მაგრამ ეს ხალხი, ნებსით თუ უნებლიეთ, ივანიშვილის თამაშს ითამაშებს!