მამუკა ტუსკაძე – “თავდაცვის სამინისტროში ტენდერებზე სასწაულები ხდება”

მამუკა ტუსკაძე - "თავდაცვის სამინისტროში ტენდერებზე სასწაულები ხდება"გულიკო ბალაძე, ახალი თაობა
რატომ იშლება სახელმწიფო შესყიდვებზე გამოცხადებული ტენდერები? როგორ ხდება პირდაპირი შესყიდვები? ამ თემაზე “ახალ თაობას” პარტია “სოციალური სამართლიანობისთვის” დამფუძნებელი და უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე ესაუბრა.
მამუკა ტუსკაძე:
– სახელმწიფო შესყიდვები კონკურენტულ გარემოში უნდა ტარდებოდეს. დღესაც ისეთივე მდგომარეობაა, რაც იყო 7 წლის წინ. კვლავ არის სახელმწიფო შესყიდვების პირობებზე მორგება. სახელმწიფო შესყიდვებში ჩართული არ არის მხოლოდ სააგენტო, რომელიც მარეგულირებელია. 64 მერია და 74 გამგეობაა. ყველას თავისი შესყიდვების სამსახური აქვს. სოციალური მომსახურების სააგენტოებს, სამინისტროებს, სიპებს. საქართველოში 4 ათასზე მეტი სახელმწიფო შემსყიდველია რეგისტრირებული, რომელიც ტენდერს აცხადებს. 4 ათასივე არის წურბელა. ისინი მორგებულ ტენდერებს ატარებენ.
– მორგებული რას ნიშნავს?
– წინასწარი შეთანხმებით მოქმედებენ. იციან, კონკრეტულ კომპანიას რა რესურსი აქვთ, ისეთ პირობებს წერენ, რომელიც აქვს კომპანიას, რომლის გამარჯვებაც უნდათ. ზუსტად აქ არის კორუფცია. ტენდერის გამომცხადებელმა ზუსტად იცის, რომელი კომპანია მიიღებს მონაწილეობას და ვისი გამარჯვებაც უნდა, ზუსტად იმ კრიტერიუმებს და პირობებს უწერს, რაც ამ კომპანიას აქვს.
– სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დანაშაული რა არის?
– სააგენტო ყველას აკონტროლებს, თანამშრომლებს ლიცენზიებსაც სააგენტო აძლევს. ასევე სააგენტო არის დამადასტურებელი ორგანიზაცია, პირდაპირი და გადაუდებელი აუცილებლობის შესყიდვების დროს. გახსენით საიტი და ნახეთ, პირდაპირი შესყიდვების რამდენად მაღალი პროცენტია.
– რამდენი პროცენტია?
– პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვები 50%-ზე მეტია მაშინ, როდესაც ზუსტად ვიცით, რომ ვთქვათ, 28 აგვისტოს არის მარიამობა და თუ გამგეობას ფული აქვს გამოყოფილი ამ თარიღისთვის დასახარჯად, ტენდერი ადრე უნდა გამოაცხადოს. გამოაცხადე ტენდერი 15 იანვარს, 28 აგვისტოსთვის ესა და ეს მჭირდებაო, 20 აგვისტოს რომ აცხადებ. აქ არის კატასტროფული მდგომარეობა.
– შეგნებულად აგვიანებენ ტენდერების გამოცხადებას?
– დიახ, ტენდერებს შეგნებულად დაგვიანებით აცხადებენ. ამაზე დავების სახელმწიფო სააგენტომ რეაგირება უნდა მოახდინოს. მან სახელმწიფო შემსყიდველებს ინსტრუქცია უნდა მისცეს, რომ ტენდერი ადრე გამოაცხადონ.
როდესაც ახალი წელი 1 იანვარს მოდის, შენ კი 25 დეკემბერს აცხადებ ლამპიონების განათებაზე ტენდერს, თან იცი, რომ 5 დღეში ამას ვერ გააკეთებ, შემდეგ იძულებული გახდები, კონკრეტულ კომპანიას მისცე, რადგან იცი, რომ მას ჩამოტანილი აქვს. ამიტომ საახალწლო საჭიროებებისთვის ტენდერი მაისში უნდა გამოაცხადო.
თავდაცვის სამინისტროში ტენდერებთან დაკავშირებით სასწაულები ხდება. სახელმწიფომ წელსაც სამხედრო ფორმების შესასყიდად თანხები გამოყო იმ დროს, როდესაც აუცილებელი და დროული იყო ფორმის გამოცვლა. სანამ გამოცხადდა ტენდერი, სანამ გასაჩივრდა და განხილვები მოეწყო, ჯარისკაცი ფეხშიშველა დარჩა.
რა ვქნათ, ჯარისკაცს ფეხშიშველს ხომ ვერ დავტოვებთ. ამიტომ შემსყიდველმა, მაგალითად, თავდაცვის სამინისტრომ მიმართა ლევან რაზმაძის კანტორას და უთხრა, რა ვქნა, ტენდერის გამოცხადებას ვერ ვასწრებ, 20 მილიონის ფეხსაცმელი “სანდიკომ” პირდაპირ მომყიდოსო.
– “სანდიკომ” რატომ?
– იმიტომ, რომ ლევან რაზმაძისაა.
– კონკრეტულად, თვითონ ლევან რაზმაძისაა?
– მისი ძმაკაცისაა, რომელიც სხვა ფირმაში “პადელნიკად” ჰყავს ლევან რაზმაძეს.
– თავდაცვის სამინისტროც შეთანხმებულია ამ პირებთან?
– რა თქმა უნდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფროსი ლევან რაზმაძე რისკის ქვეშ არის. რაზმაძე რომ უწერს ხელს, პირდაპირი შესყიდვის წესით იყიდეო, არ იცის, რა ხდება?
– ლევან რაზმაძე მიუთითებს, “სანდიკოსგან” შეისყიდეო?
– არ მიუთითებს, მაგრამ ლევან რაზმაძემ იცის, რომ “სანდიკოსგან” უნდა შეისყიდოს.
– სხვა ფირმას არ აქვს ის საქონელი, რასაც “სანდიკოსაგან” ყიდულობს?
– აქვს, მაგრამ ლევან რაზმაძე იმიტომ უწერს ხელს პირდაპირ შესყიდვაზე, რომ იცის, ვისგან იყიდის. ეს სქემა დიდი ხანია მოქმედებს. აქ უკვე ხარისხზე კი არა, ფასზეა საუბარი. იაფად მაძლევსო და “სანდიკოსგან!” იმიტომ ვყიდულობო.
– თავდაცვის სამინისტრო შეგნებულად აგვიანებს ტენდერის გამოცხადებას?
– არა მარტო თავდაცვის სამინისტრო იქცევა ასე, არამედ, მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროც. შესაძენი იყო სასწრაფო დახმარების მანქანები. იქამდე გააჯანჯლეს ტენდერის გამოცხადება, სანამ პირდაპირი შესყიდვის წესით არ მისცეს კომპანიას.
– ეს სერგეენკოს დროს იყო?
– დიახ. სასწრაფოს მანქანები გამოიწერეს, მერე ტენდერი გამოაცხადეს. ტენდერი ჩაიშალა დავების გამო, რადგან ბაზარზე სულ 6-7 კომპანიაა, რომელსაც მანქანები შემოჰყავს. აქედან ხუთი კომპანია ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილისაა, ერთი კი – გაჩეჩილაძეების, “სიტროენი”. ამ წვალებაში გავიდა დრო და ბოლოს “იბერია ავტოჰაუსს” მისცეს მანქანების ჩამოყვანის უფლება.
– “იბერია ავტოჰაუსი” ვისია?
– ხეჩიკაშვილის. მიწისძვრა ხომ არ იყო და სასწრაფო დახმარების მანქანა ხომ არ დაანგრია, ხომ იცი, რომ მანქანა ფუჭდება, გააკეთე. ან ჩამოწერამდე 1 კვირით ადრე რომ აცხადებ ტენდერს, რამდენიმე თვით ადრე გამოაცხადე და მან მოიგოს, ვინც უკეთეს მანქანას ჩამოიყვანს, რატომ გინდა მაინცდამაინც იმან ჩამოიყვანოს? იმიტომ, რომ ის კორუფციაშია ჩართული.
– ხეჩიკაშვილის კომპანიას რომ მისცეს მანქანის ჩამოყვანის უფლება, კორუფცია რაში გამოიხატა? ან ვინც დაუშვა, მანქანები პირდაპირი წესით შეესყიდათ, რაიმე სარგებელი აქვს?
– ამის მტკიცებულება – დოკუმენტი არ მაქვს, მაგრამ დაუკვირდით, ყველაფერი მიდის იქით, ან მოხალისე დებილია, ვთქვათ, სერგეენკოს სამსახური და ამხელა ფულს აკეთებინებს ვიღაცას, თვითონ კი არაფერს იღებს. ისიც დანაშაულია თუ დებილია, თუ ფული აიღო, უფრო მეტი დანაშაულია.
– რატომ არ აირჩიეს გაჩეჩილაძეების კომპანია და რატომ აირჩიეს ხეჩიკაშვილის?
– პირდაპირი მიყიდვის დროს ხეჩიკაშვილმა უფრო იაფად მისცა.
– გაჩეჩილაძეებს რომ ეთქვათ, უფრო იაფად ჩამოვიყვანთო, მაშინ?
– მაშინ პირდაპირი მიყიდვას არ დაუშვებდნენ, ტენდერს გამოაცხადებდენ და იქ წააგებინებდნენ. წააგებინეს კიდევაც.
– კვირიკაშვილს რომ მიმართეს და არ დაეხმარა?
– მაშინ სხვა რამეზე იყო. თავდაცვასა და ჯანდაცვაში ასეთი მდგომარეობაა.
– არ შეიძლება, მხარეების მიხედვით იყოს სამსახურები და მათ აძლევდნენ შეკვეთებს და ტენდერებს ის აცხადებდეს?
– მე ეს წინადადება მქონდა. შარშანწინ ლევან რაზმაძესაც ველაპარაკე, რომ პროექტი გაგვეკეთებინა, ერთი თავკომბალა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შეგვექმნა და ის 4.400 წურბელა გაგვეშვა, მაგრამ უარი თქვა.
– შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს ეს საკითხი როგორ რეგულირდებოდა?
– სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობა პირველად შევარდნაძის დროს შეიქმნა. სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური ერქვა. მისი ხელმძღვანელი იმ დროს ტახირ არველაძე იყო. დაიბარებდა 3 კაცს და ვინც მისაღები იყო, მისგან ყიდულობდა. ამას ერქვა ტენდერი. კორუფცია ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო. ტენდერი იყო ძმაკაცობა.
სააკაშვილის დროს შეიქმნა სააგენტო და ზუსტად იგივე ხდებოდა, რაც შევარდნაძის დროს. სააკაშვილმა კორუფცია კი არ მოსპო, არამედ უფრო გაიზარდა.
კაცს 50 ათასიანი ტენდერი რომ მისცეს, უკან მოატანინეს 100 ათასი. ძალადობა იყო. ეს ოქრუაშვილმა აღიარა კიდევაც.
ამიტომ სააკაშვილის დროს ტენდერებში მონაწილეობა შეწყვიტეს.