მანჯგალაძის 31-ში სახლი აფეთქებას გადაურჩა

მანჯგალაძის 31-ში სახლი აფეთქებას გადაურჩა“თბილისი ენერჯის” ცხელ ხაზზე გაზის სუნთან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა, ადგილზე მისულ ჯგუფს კი ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში ჩართული გაზქურა დახვდა, რომელიც არ ენთო, მაგრამ აირი გამოედინებოდა.
მომხდართან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს:

“კომპანია „თბილისის ენერჯის“ ცხელ ხაზზე ნაძალადევის რაიონიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ მანჯგალაძის ქუჩის #31-ში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა.

კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა და სპეციალისტებმა ადგილზე მისვლისთანავე კორპუსის ყველა ბინა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჭები და გაზგაყვანილობა სპეციალური ლაზერული აპარატით შეამოწმეს.

ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სპეციალურმა აპარატმა გაზის ძლიერი კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინა დაკეტილი იყო. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა ადგილზე საპატრულო, სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟები გამოიძახეს. დაკეტილი ბინის გაღება და განიავება მათი დახმარებით მოხერხდა.

სპეციალისტებმა ბინის შემოწმებისას გაზის ორი ჩახსნილი რეზინის მილი აღმოაჩინეს, რომელიც არცერთ დანადგარზე არ იყო მიერთებული. ბინაში არსებული გაზქურის ონკანი კი ღია მდგომარეობაში იყო.

მეზობლების განცხადებით, აღნიშნული ბინა მეპატრონეებს გაქირავებული ჰქონდათ და მდგმურებმა საცხოვრებელი ფართი წინა ღამეს დაცალეს.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს მეტი ყურადღებისკენ და მეტი პასუხისმგებლობისკენ.

გახსოვდეთ, რომ თქვენს დაუდევრობას შესაძლოა, ადამიანების სიცოცხლე შეეწიროს.

განსაკუთრებით მოვუწოდებთ პასუხისმგებლობისკენ გაქირავებული და დაგირავებული ბინების მფლობელებსა და დამქირავებლებს. სტატისტიკური მონაცემებით, უბედური შემთხვევების დიდი წილი სწორედ ასეთ ბინებზე მოდის.”

პირველი