“მიხეილ კალანდია პოლიტიკური დაკვეთითაა დაკავებული” – ადვოკატი თოდუა სახალხო დამცველს მიმართავს

"მიხეილ კალანდია პოლიტიკური დაკვეთითაა დაკავებული" - ადვოკატი თოდუა სახალხო დამცველს მიმართავსხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატი სახალხო დამცველს საჩივრით მიმართავს.

როგორც ადვოკატი ზურაბ თოდუა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, მას საკუთარი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევენ.

„მიხეილ კალანდიას საქმეში 16 აგვისტოს ჩავერთე, შევისწავლე საქმის მასალები მთლიანად და ვაცხადებ, რომ იგი არის საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების პოლიტიკური დაკვეთის შედეგად დაკავებული და მის მიმართ ეს საქმე არის შეთითხნილი.

არ მეძლევა საშუალება იმისა, რომ სრულყოფილად განვახორციელო ჩემი პროფესიული მოვალეობა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, რადგან გლდანის მერვე საპყრობილის ადმინისტრაცია არ მაძლევს საშუალებას, შევხვდე კალანდიას ისეთ ოთახში, სადაც არ არის მოსასმენი აპარატურა დამონტაჟებული და მეპატიჟებიან მიშას დროს გაკეთებულ სპეციალურ ოთახებში, სადაც ტრადიციულად შეჰყავდათ პოლიტპატიმრები.

მაშინაც დადასტურდა, რომ ამ ოთახებში იყო მოსამენი აპარატურები დამონტაჟებული. ამასთან დაკავშირებით მივმართავ დღეს სახალხო დამცველს და ვთხოვ ჩაერთოს საქმეში“, – აცხადებს თოდუა.

ადვოკატის თქმით, 12 სექტემბერს, განახლებულ სხდომაზე, სასამართლო პროცესების ნაწილობრივ გასაჯაროებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

„ პროცესები არის სრულიად დახურული. აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ნაწილობრივ მაინც, რადგან ირღვევა პირდაპირ კონვენციის მთელი რიგი მუხლები, შეჯიბრებითობის, მაღალი საჯარო ინტერესების პრინციპები.

საჯარო იყო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები, მით უფრო, რომ მაშინ საქმეში მონაწილე ყველა პირი იყო არასრულწლოვანი. მართალია, ინიციალებით მოიხსენიებდნენ თოთოეულ მაგანს, მაგრამ ახლა აუცილებელია სხდომა გასაჯაროვდეს ნაწილობრივ, სრულწლოვანი მოწმეების ნაწილში, ხოლო არასრულწლოვნების მონაწილეობის პროცესი დაიხუროს.

ახლა უკვე ბევრი მათგანი არის სრულწლოვანი და მათ ნაწილში სხდომები უნდა გასაჯაროვდეს“, – აღნიშნა ადვოკატმა.