მირიან მირიანაშვილი – “ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილს რუსთავი 2-ს ახლა სიამოვნებით მისცემდა”

მირიან მირიანაშვილი - "ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილს რუსთავი 2-ს ახლა სიამოვნებით მისცემდა"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
საქართველოს ტელესივრცეში მიმდინარე მოვლენებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერ მირიან მირიანაშვილს.
– ოპონენტები ხელისუფლებას სატელევიზიო მედიის მონოპოლიზების მცდელობაში ადანაშაულებენ. თქვენი აზრით, რა ხდება ამ სფეროში?
– სატელევიზიო მედია დამოუკიდებელი არც აქამდე ყოფილა. ერთი ძალის მხრიდან მონოპოლიზება კი არ გამოვა, რაც არ უნდა უნდოდეს ეს ვინმეს. მომავალი წლის გაზაფხულიდან საქართველოში სატესტო რეჟიმით მაუწყებლობას იწყებს ევრონიუსი. ევრონიუსი მიუკერძოებლად მიაწვდის საქართველოს ამბებს მსოფლიოს და საქართველოს საზოგადოებას. ეს იმდენად წონიანი მედიარესურსია, რომ მას სხვები კონკურენციას ვერ გაუწევენ. ტელევიზიების მონოპოლიზებაც გამოირიცხება.
უცნაურად გამოიყურება რუსთავი 2-ში განვითარებული მოვლენები. მის მფლობელ ხალვაშს ისე აერია კარტები, რომ ფაქტობრივად სახვეწრად გაუხდა საქმე. ლამის იყვიროს, ოქრუაშვილთან გაფორმებულ დოკუმენტზე ჩემი ხელმოწერაა და ჩემი ტელეკომპანია არ არის, ოქრუაშვილმა წაიღოსო. აქამდე ოქრუაშვილიც გაერკვეოდა სიტუაციაში და ალბათ, მასაც აღარ უნდა რუსთავი 2-ის მეპატრონეობა.
– ტელეკომპანია მიმზიდველი აღარ არის?
– როგორ იქნება მიმზიდველი 70 მილიონიანი დავალიანების მქონე ტელევიზია! საქართველოში დიდი არხები თავს ვერ ინახავენ. ისინი დოტაციურები არიან. როგორ უნდა ააწყოს ხალვაშმა რუსთავი 2-ის მუშაობა პასიური აქტივების, დანახარჯების და კოლექტივის გაფანტვის პირობებში?!
გავა თვეები. მოახლოვდება არჩევნები და ეს ტელევიზია, ალბათ, პოლიტიკურ ფუნქციასაც ვერ შეასრულებს. იმათ, ვინც ეს კომბინაცია მოიფიქრეს, ხალვაში და ოქრუაშვილი გაწირეს. აუცილებელი იყო გამოსავლის პოვნა დავალიანების პირობებში. ვიღაც უნდა დაზარალებულიყო. კომბინაციის ავტორებმა ასეთებად შეარჩიეს ხალვაში და ოქრუაშვილი. გეგმის მიხედვით, ან ერთს აჰკიდებდნენ ამ ტვირთს, ან – მეორეს.
– ვინ მოიფიქრა ეს კომბინაცია?
– ქართულ სატელევიზიო მედიას 2002 წლიდან რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე სურკოვი და მისი პოლიტტექნოლოგები აკონტროლებენ. წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკური პლატფორმის ცვალებადობა და დისპოზიცია მის გარეშე ხდებოდეს. ეს ხორციელდება ამ სურკოვის პირადი ორგანიზებით, ან თანხმობით.
– ამ გეგმით, საჭირო გახდა ნიკა გვარამიას გადასვლა ახალ არხზე?
– რასაკვირველია. ნიკა გვარამია უმტკივნეულოდ მოაშორეს უზარმაზარი დავალიანების მქონე კომპანიას, გადაიყვანეს ახალ ტელევიზიაში. ამისთვის მაშინვე გამოიძებნა ფული, საოფისე ფართი. მას აქვს გუნდის გადაყვანის საშუალება. ხალვაშს შერჩა პასიური აქტივები და პრობლემები. იგი მოტყუებულად გრძნობს თავს. ხალვაში საჯაროდ არაფერს ამბობს, არაოფიციალურ საუბრებში კი საყვედურებს გამოთქვამს. საზოგადოებამ იცის, რომ იგი რუსთავი 2-ისათვის ხანგრძლივ სამართლებრივ ბრძოლაში ივანიშვილთან შეთანხმებით ჩაება.
– ადრე აღნიშნეთ, რომ სააკაშვილი პოლიტიკურად გარდაიცვალა და მას ვერც ერთი ტელევიზია ვეღარ უშველის. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა?
– სააკაშვილი პოლიტიკურად მკვდარია. რუსეთის პოლიტტექნოლოგები მუშაობენ სააკაშვილისა და მისი ჯგუფის გვარამიასა და მისი ჯგუფით ჩანაცვლებაზე. მათ იციან, რომ სააკაშვილი ვეღარ დაბრუნდება პოლიტიკურ ოლიმპზე. რუსეთმა ის შეიძლება მხოლოდ პროვოკაციისთვის გამოიყენოს.
– აქტიურია ნაციონალური მოძრაობა.
– ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე სურკოვის პოლიტტექნოლოგები იმედს კიდევ ამყარებენ. მათ გეგმაშია საქართველოში ლგბტ-პირების უფლებებზე ორიენტირებული პარტიის დაარსება. განიხილება ორი ვარიანტი – ან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ან ორგანიზაციაა, რომელსაც გვარამია და მისი გუნდი ჩაუდგებიან სათავეში. თუ ამ მიზნისთვის ნაციონალური მოძრაობა შეირჩა, დასჭირდებათ მის აქტივში ამ თემასთან ასოცირებული რამდენიმე პირის შეყვანა.
– რატომ არის რუსეთი ფოკუსირებული საქართველოში ლგბტ-პარტიის შექმნაზე?
– დასავლეთის დისკრედიტაციის მიზნით. ამ პარტიას დაარქმევენ პროდასავლურს, ისევე, როგორც საქართველოში ბევრ სხვა პარტიას უგონებენ ამ ცრუ სახელს. საქართველო, გარდა სხვა ამოცანებისა, რუსეთს იმისთვისაც სჭირდება, რომ საქართველოს მაგალითზე საკუთარ მოსახლეობას გაუწიოს პროპაგანდა.
რუსული იდეოლოგია იმ თვალსაზრისით, რომ დასავლეთი რყვნის და ათახსირებს, გაძლიერდება. საქართველოს და მის ლგბტ-პარტიას მიეძღვნება გადაცემების მთელი სერიალები. საქართველო გახდება ისეთივე მთავარი პრობლემა, როგორიც უკრაინაა. რუსეთის მთელი მედია დიდი ხნის განმავლობაში უკრაინაზეა გადართული. დასავლეთის დისკრედიტაცია საქართველოს ვითომ გარყვნის მაგალითზე იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა 2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. პუტინი ამ არჩევნებში თვითონ თუ არ იყრის კენჭს, თავის გარემოცვიდან დააყენებს კანდიდატს.
– გამოდის, რომ ლგბტ-თემა რუსეთის მონდომებით აქაც არ ჩამოვა დღის წესრიგიდან?
– მოქმედებები მომავალი წლის აპრილიდან გააქტიურდება. რუსეთში პოლიტიკური პროცესები ყოველთვის აპრილში იწყება და აქტიურდება. გვარამიას “მთავარი არხი” მანამდე დაიქოქება, მისი საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა კი სწორედ აპრილიდანაა მოსალოდნელი.
– რუსეთი 2020 წლის არჩევნებშიც ჩაერევა?
– მოველი, რომ რუსეთი 2020 წლის ჩვენი საპარლამენტო არჩევნების დროს კორექტულობას და თავშეკავებას გამოიჩენს. სექტემბერში რუსეთში იმართება ადგილობრივი არჩევნები. თუ რუსეთი დასავლეთის ხელშეწყობით ამ არჩევნებს მშვიდ ვითარებაში ჩაატარებს, მაშინ პუტინი დათმობებზე წავა. შესაძლოა, ეს დათმობა საქართველოს არჩევნებს შეეხოს.
რუსეთში დაწყებული საპროტესტო მოძრაობის ინსპირატორად კრემლი ამერიკას თვლის. თუ პუტინს ადგილობრივი არჩევნების დროს მშვიდი სიტუაცია ექნება, ის საქართველოს არჩევნებშის დირიჟირებას თავს დაანებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნები ნაკლებად გაყალბდება და მეტად იქნება დამოკიდებული ამომრჩევლების ნებაზე.
რუსთავი 2-ის გარშემო მომხდარი და მიმდინარე მოვლენები მოექცა დასავლეთის გავლენის ცენტრების ფოკუსში. დასავლეთში არავის სჯერა, რომ ანტიპუტინური გამოხდომებით გამორჩეული რუსთავი 2 რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლია. დასავლეთის ცენტრებში დარწმუნებული არიან, რომ ბიძინა ივანიშვილი დაკავშირებულია რუსთავი 2-თან. ეს ივანიშვილისთვის პოლიტიკური პასივია. ის, რაც მომგებიანია გვარამიასთვის, 10-ჯერ წამგებიანი ხდება ივანიშვილისათვის. ამიტომ, გაუგებარია, რისთვის უღირს მას ასეთი კავშირი.