ნიკოლოზ მჟავანაძე – “ბაქო დავითგარეჯისთვის მებრძოლი ქართველების დაჭერას ითხოვს”

ნიკოლოზ მჟავანაძე - "ბაქო დავითგარეჯისთვის მებრძოლი ქართველების დაჭერას ითხოვს"შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა
რა მოსთხოვეს საქართველოს ელჩს აზერბაიჯანში, რატომ არ რეაგირებს ხელისუფლება ქართული მიწების ოკუპაციაზე, რა უნდა გააკეთოს საპატრიარქომ? – ამ თემებზე “ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.
ნიკოლოზ მჟავანაძე:
– მოვითხოვ, რომ დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნას საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა. მათ აუცილებლად უნდა გააკეთონ განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დავითგარეჯში. ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს.
– საპატრიარქოსგან რატომ ითხოვთ განმარტებას? ამაზე განცხადებებს საერო ხელისუფლება უნდა აკეთებდეს.
– რამდენიმე თვის წინ, როდესაც დავითგარეჯში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, ქართველი ხალხი სამართლიანად აღშფოთდა. გარეჯში უამრავი მსვლელობა მოეწყო და იქ ათასობით ადამიანი ჩავიდა.
ამას შედეგად მოჰყვა საპატრიარქოს განცხადება. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ აზერბაიჯანთან სიტუაციის დაძაბვა კარგი არ იქნება, ამიტომ უნდა გავჩერდეთ და დაველოდოთ, თუ რას გადაწყვეტს სპეციალური კომისია.
ამ განცხადების მერე ყველას, ვინც გარეჯის საკითხზე ვაქტიურობდით, ხელ-ფეხი შეგვეკრა. რაღაც რომ მოგვემოქმედებინა, ისე გამოვიდოდა, რომ საპატრიარქოს წინააღმდეგ მივდიოდით.
მე “ობიექტივზე” გადაცემა მიმყავს. იქ ამ თემას დიდ დროს ვუთმობდი და ამის გამო ბევრი საყვედური მივიღე. ვიღაც-ვიღაცები მეუბნებოდნენ, ამ თემაზე საუბარს რომ აგრძელებ, ვითომ პატრიარქზე მეტად გიყვარს დავითგარეჯიო. ისიც კი დამაბრალეს, ეკლესიის ნების წინააღმდეგ მიდიხარო. იგივე უთხრეს სხვებსაც. ხალხიც ადგა და გაჩერდა.
ამით ისარგებლა ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ, რომელსაც რატომღაც მეგობარს ვეძახით, გადმოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე, დაიკავეს ჩიჩხიტურის კომპლექსი, სადაც სასულიერო პირებსაც აღარ უშვებენ. მომლოცველებზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია.
კელიებიდან გამოყარეს ხატები, რაზეც სამართლიანად აღშფოთდა ჩვენი საზოგადოება. იქ უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ავიდა და აზერბაიჯანელებს დაატოვებინეს იქაურობა.
ცოტა ხანში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ იმ ხალხის დაჭერა მოითხოვა, ვინც ოკუპანტები გაყარა ქართული მიწიდან.
– რა უფლებით მოითხოვა აზერბაიჯანმა ამ ადამიანების დასჯა?
– ეს მოთხოვნა ისევ ძალაშია და ისე არიან გათავხედებული, კიდევ და კიდევ ითხოვენ ქართველების დაპატიმრებას.
წესით და რიგით, ჩვენ უნდა მოგვეთხოვა იმ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების დასჯა, რომლებმაც ჩვენი სიწმინდეები შეურაცხყვეს.
აბა გავბედოთ და აზერბაიჯანულ მეჩეთში შევიდეთ და მათი სიწმინდეები შევბღალოთ. გვაპატიებს ამას ვინმე? ერთი ამბავი ატყდება.
აქედან გამომდინარე, საპატრიარქომ აუცილებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ამ თემაზე რამე განცხადება გააკეთოს.
კომისიის ლოდინი სიკეთეს არ მოგვიტანს. წლებია, ეს კომისია მუშაობს, მაგრამ ვერაფერი ვერ გადაწყვიტა.
ჩვენი დუმილის წყალობით მოექცა ბერთუბანი მათ კონტროლქვეშ. ისიც მოღალატეობრივ პოლიტიკად მიმაჩნია, დღეს ბერთუბანს არავინ რომ აღარ ახსენებს.
საკმაოდ ვერაგ პოლიტიკას ახორციელებს ჩვენი მეზობელი სახელმწიფო. ჯერ დაიკავეს ბერთუბანი. ამაზე ჩვენ გავჩუმდით – მეგობარ სახელმწიფოს ხომ არ ვაწყენინებდით.
მეგობარმა აზერბაიჯანმა ბერთუბანს ჩიჩხიტურიც მიაყოლა. ამაზეც გავჩუმდით, სტრატეგიულ პარტნიორს ხომ არ ვაწყენინებდით.
ბაქო მიხვდა, რომ ჩვენ არაფერზე ხმის ამომღებები არ ვიყავით და უდაბნოც დაიკავა. ქართული საზოგადოება ისევ დუმს.
ძალიან დიდ პატივს ვცემ საპატრიარქოს და პატრიარქსაც, ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ არასწორ ინფორმაციას აწვდიან. და ისინიც იძულებული არიან, ერს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.
– ასეთი რა ინფორმაცია მიაწოდეს, რომ პირდაპირ გვეუბნებიან, დავითგარეჯის ოკუპაციაზე ხმა არ ამოიღოთო.
– ალბათ ეუბნებიან, რომ ჩვენ თუ პროტესტს გამოვთქვამთ, აზერბაიჯანი ომს დაგვიწყებს. საპატრიარქო ამიტომაც ერიდება სიტუაციის ესკალაციას.
მინდა ყველას ვუთხრა, რომ არანაირი ომი არ დაიწყება. ანდა რომც იყოს ომის საფრთხე, ტერიტორიების ოკუპაცია არ უნდა გავაპაროტესტოთ? თუ მარტო რუსული ოკუპაცია ყნდა დავგმოთ.
გეუბნებით, არანაირი ომი არ იქნება. აზერბაიჯანს საქართველოსთან ომის დაწყება არაფერში აწყობს. ეს ქვეყანა ისედაც ომშია და დამატებითი კონფლიქტი არაფერში სჭირდება.
სომხეთი და აზერბაიჯანი დღემდე საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან. დღე ისე არ გავა, კონფლიქტის ზონაში ან ხომეხი ჯარისჯაცი არ დაიღუპოს, ან აზერბაიჯანელი.
ამის გარდა, ბაქოს დაეძაბა სიტუაცია ირანთან. მთლად დალაგებულად საქმე არც რუსეთის ფედერაციასთან აქვს.
– რუსებთან რას ვეღარ იყოფენ?
– რუსეთი ყველანაირად უშლის ხელს აზერბაიჯანული ენერგომატარებლების ევროპაში გასვლას. მოსკოვი ბაქოს ამ ბაზარზე კონკურენტად თვლის.
ენერგომატარებლებზე გამახსენდა, ვიღაცები იმასაც კი ამბობენ, გარეჯზე თუ გავამწვავებთ, აზერბაიჯანი გაზს აღარ მოგვაწვდისო. აღარ მოგვაწვდის და ნუღარ მოგვაწვდის, ისევ თავად დაზარალდებიან. მაინტერესებს, რომელ ბაზარზე გაასაღებენ თავიანთ გაზს.
იმის მოხმენითაც დავიღალე, რომ თურმე აზერბაიჯანმა პატივი დაგვდო და ჩვენს ტერიტორიაზე გაატარა თავისი ნავთობი. პატივი კი არ დაგვდეს, სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდათ. რუსეთი ამ ნავთობსადენს არ გაატარებინებდა, ვერც სომხეთზე გაატარებდნენ მილსადენს. დარჩა საქართველო და ამ ტერიტორიაზე გაატარეს ნავთობსადენი.
ძალიან საეჭვოდ მეჩვენება გარეჯის თემაზე ზოგიერთის მოულოდნელი გაჩუმება, არადა, ცოტა ხნის წინ ბოლო ხმაზე ყვიროდნენ, გარეჯი ჩვენიაო. ეტყობა, აზერბაიჯანმა ამისთვის ფული არ დაინანა.
– რას ნიშნავს ფული არ დაინანა?
– იმას, რომ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი იყიდეს.
– რას ნიშნავს იყიდეს?
– იმას ნიშნავს, რომ იყიდეს. დიდი ხანია, პოლიტიკა სავაჭრო საგნად არის ქცეული. ყველა გაჩუმდა. ვინც ამ თემაზე კიდევ ლაპარაკობს, იმათ ემუქრებიან.
– ვინ ემუქრება?
– ვინ და ქართველები. გარეჯის და საინგილოს თემაზე ბევრს ვსაუბრობ. ამის გამო რამდენჯერმე დამემუქრნენ. სამართალდამცავებს განცხადებითაც კი მივმართე, მაგრამ რეაგირება არ არის – დღემდე არ არის ეს საქმე გამოძიებული.
მუქარის გარდა, იყო რაღაც ფულადი შეთავაზებაც, რაც პროვოკაციად ჩავთვალე და იმ ადამიანთან საუბარი შევწყვიტე.
ეტყობა, ვიღაცებს აშინებენ, ვიღაცებს ფულს აძლევენ და დავითგარეჯის თემაზე არავინ აღარ საუბრობს. სამწუხაროდ, ბევრი იყიდება ფულზე. საქართველოში სერგო ორჯონიკიძეები დაილია თუ რა.
უკვე დროა, ამ ოკუპაციას წმინდა სინოდმა დაარქვას თავის სახელი და ხელისუფლებამაც ღიად იმოქმედოს.
ხელისუფლებამ უნდა გვითხრას, თუ თავად არაფერი შეუძლია, ავდგებით და დახმარებას საერთაშორისო თანამეგობრობას ვთხოვთ. ამერიკა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესზე აფიქსირებს პოზიციას და დავითგარეჯზეც თქვან რამე. ან იქნებ მაინცდამაინც რუსეთი უნდა დაგვესხას თავს, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ და შეშფოთდნენ.
– ამერიკა რაზე უნდა შეშფოთდეს? ლამისაა, ჩვენ თავად დავუკრათ ტაში გარეჯის ოკუპაციას.
– ჩვენც უნდა შევშფოთდეთ და ჩვენი პროტესტი ყველა დონეზე დავაფიქსიროთ. იმის ძახილი, რომ კომისიის მუშაობას უნდა დაველოდოთ, მოწინააღმდეგის წისქვილზე დაასხამხ წყალს.
ამ კომისიას რამის გაკეთება რომ შეეძლოს, აქამდე გააკეთებდა. 20 წელზე მეტია, ეს კომისია მუშაობს, მაგრამ დღემდე არაფერი არ არის დადგენილი. 28 წელია, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და დღემდე არ გვაქვს დადგენილი საზღვრები.
კომისიის მუშაობას თუ ველოდებით, მაშინ თბილისმა მოთხოვნა წაუყენოს ბაქოს, რომ მუშაობის დასრულებამდე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დატოვონ ის ტერიტორია. რა უფლებით დგანან ისინი ჩვენს ტერიტორიაზე იარაღით?
ყველაზე მეტად მზარავს ამ შინაური მტრების ყურება. ეს ნაძირალა ექსპერტები და არასამთავრობოები საერთოდ ყელში ამოვიდნენ. იმდენად სულგაყიდულები არიან, რომ პირდაპირ მოგვიწოდებენ – აზერბაიჯანთან დათმობაზე უნდა წავიდეთ და გავჩერდეთო.
რანაიარად გავჩერდე, მითხარით? იარაღით არიან შევარდნილი ჩვენს სალოცავებში. ჩვენ რომ იგივე გავაკეთოთ, ხომ გამოგვიცხადეს საღვთო ომი და ამაში მათ ჩვენი მოღალატე არასამთავრობოებიც დაეხმარებიან.
საქართველოს ხელისუფლების ასეთი პოლიტიკა რომ არა, აზერბაიჯანი იმ ქართველების დაჭერას არ მოითხოვდა, რომლებმაც დავითგარეჯიდან ოკუპანტები გაყარეს.
– ამას უკვე მეორედ ამბობთ და სად მოითხოვეს, ან ვის მოსთხოვეს?
– აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ჩვენი ელჩი და პირდაპირ მოსთხოვეს ქართველი აქტივისტების დაკავება. ამას რამდენიმე აზერბაიჯანელი გენერალი ითხოვდა.
ოფიციალურ თბილისის ეს მოთხოვნა ჯერ არ შეუსრულებია და, იმედია, არც შეასრულებენ. ოკუპაციის გაპროტესტებისთვის ადამიანებს არ უნდა იჭერდნენ.
ხალხსაც მივმართავ, მაინტერესებს, როდემდე შეხვდებიან ოკუპაციას მშვიდად, მაინცდამაინც თბილისამდე უნდა ჩამოვიდნენ? ასე თუ გაგრძელდა, თბილისსაც წაიღებენ და ამაზე ხმის ამომღები არავინ იქნება.
– თბილისი რა მოტივითღა უნდა წაიღონ?
– რა მოტივითაც გარეჯი წაიღეს. ერთმა მათმა დეპუტატმა უკვე თქვა, თბილისი ძველი აზერბაიჯანული ქალაქიაო. ბევრმა ეს ბოდვად ჩათვალა და გაიცინა, მაგრამ სასაცილო აქ არაფერია. თავიდან იმაზეც ვიცინოდით, გარეჯზე რომ იძახდნენ, ალბანური წარმოშობის ძეგლიაო.
ჩვენ ჩვენს სიმაღლეზე რომ ვმდგარიყავით, ამას არავინ გაგვიბედავდა. საუკუნეების განმავლობაში საქართველო კავკასიის ლიდერი იყო, ახლა კავკასიის ბორდელად ვიქეცით. და მაგიტომაც გვექცევიან ბორდელში დასაქმებულებივით.