ნინია კაკაბაძე – „მთავარ არხს გაუჭირდება იმ რეიტინგის მოპოვება, რაც რუსთავი 2-ს ჰქონდა”

ნინია კაკაბაძე - „მთავარ არხს გაუჭირდება იმ რეიტინგის მოპოვება, რაც რუსთავი 2-ს ჰქონდა”იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

ტვ პირველის დამფუძნებლის ვატო წერეთლის მამას ავთანდილ წერეთელს სასამართლომ 500 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც არხის მიმართ პირდაპირ ზეწოლად არის აღქმული. რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად კი ირაკლი იმნაიშვილი ინიშნება, რომელიც გავლენიანი ბრიტანული მედიასაშუალების ბიბისის მოქმედი ჟურნალისტია.

აღნიშნული საკითხებისა და მედიაში მიმდინარე პროცესების შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, პუბლიცისტი ნინია კაკაბაძე საუბრობს:

_ ირაკლი იმნაიშვილი ინიშნება რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსად. არის მოლოდინი, რომ ის გაატარებს ივანიშვილის პოლიტიკას, თუმცა მეორე მხრივ ის პროფესიონალია და ზურგს უმაგრებს ბიბისის გამოცდილება. ეს რაღაცნაირად თუ იქნება გამაბათილებელი და ამიტომ ხომ აარჩიეს ის?

_ არ ვიცი სიმართლე რომ გითხრათ, ჯერჯერობით გამიჭირდება შეფასება. მოვისმინე რომ მზადდება რაღაცა დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული თანამშრომლის სარედაქციო დამოუკიდებლობას და ცენზურისგან დაცულობას. დაველოდები რა შინაარსის იქნება ეს დოკუმენტი. ირაკლი იმნაიშვილი ნამდვილად პროფესიონალია და მასზე ნამდვილად ცუდს ვერაფერს ვერ ვიტყვი. პირიქით, ვიცით, რომ ის არის ბიბისის მოქმედი ჟურნალისტი.

მას აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება და რა თქმა უნდა ამ საკითხს აქვს მეორე მხარეც. მხედველობაში მაქვს ის, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელად არ დაინიშნებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც ამ ხელისუფლების მიმართ მწვავედ კრიტიკულია. ამიტომ, გამიჭირდება სიღრმისეული შეფასება. სიმართლე გითხრათ მე ირაკლის ბოლოდროინდელ პოზიციებს არ ვიცნობ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ვინაიდან ის არ ცხოვრობდა საქართველოში და რამდენადაც ვიცი, არც აკეთებდა შეფასებებს. ამიტომ, წინასწარ რამის თქმა გამიჭირდება.

_ მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ტელევიზია არა მარტო ხელისუფლების მიმართ უნდა იყოს კრიტიკული, არამედ ოპოზიციის გავლენისგანაც თავისუფალი უნდა იყოს და ამ კონტექსტში ახსენა წინა რეჟიმი. ეს რას გეუბნებათ?

_ ის, რომ ხელისუფლებისგანაც და ნებისმიერი პოლიტიკური ძალისგან უნდა იყოს ჟურნალისტი თავისუფალი, ეს რა თქმა უნდა ასეა და ამაში ყველანაირად ვეთანხმები. ცხადია ყველაზე კარგია მედია, რომელიც არ ატარებს არცერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებს. კი ბატონო, ვიცით, რომ რუსთავი 2 არ იყო ის ტელევიზია, რომელიც არ ატარებდა ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებს.

წინა რეჟიმში ალბათ იგულისხმა ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობა. კი, მისი მმართველობის დროს ნამდვილად იყო რეჟიმი გარკვეულწილად და მედიაში ეს განსაკუთრებულად ჩანდა. კარგი იქნება მანაც უფრო გახსნილად და ვრცლად ისაუბროს, რომელ გამონათქვამში რას გულისხმობს. სამწუხაროდ, რეჟიმი დღესაც გვაქვს, არანაკლები, ვიდრე ეს იყო ნაციონალური მოძრაობის პირობებში.

_ რა პროცესებს ელოდებით მედიაში. მზადებაა და მთავარი არხი იქნება სექტემბრიდან ეთერში და რას ელოდებით ამ არხისგან?

_ თუკი ეს არხი გაიხსნება და მისი ხელმძღვანელი იქნება ნიკა გვარამია, როგორც ეს დაანონსებულია, მაშინც ცხადია ველოდები რომ ის იქნება ძალიან მწვავედ კრიტიკული დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. იქნება ისეთივე ტელევიზია, როგორიც იყო რუსთავი 2.

_ რუსთავი 2 წლების განმავლობაში ქმნიდა იმას, რომ ამ დონემდე ასულიყო. მოიპოვებს იგივე გავლენას მთავარი არხი?

_ გაუჭირდება. ტელევიზიაში დაუწერელი კანონი არსებობს, რომ უნდა მაუწყებლობდე რამდენიმე წელი და ბრენდად უნდა ჩამოყალიბდე იმისათვის, რომ ადამიანებს გაუჩინო ჩვევა, რომ შენ არხზე გადმორთონ და შენ შემოგხედონ. ცხადია, რომ ნებისმიერ ახალ არხს, როგორი ვარსკვლავებითაც არ უნდა იყოს ის სავსე გაუჭირდება იგივე რეიტინგის მოპოვება, როგორიც ეს რუსთავი 2-ს ჰქონდა. მაგრამ, ეს პრობლემა დაუძლეველი არ არის. ამას დრო სჭირდება და ყველაფერი შესაძლებელია.

_ საზოგადოების ნაწილმა ნიკა გვარამია დაადანაშაულა, რომ ჟურნალისტებზე ახდენდა ზეგავლენას და ამიტომ დატოვეს მათ რუსთავი 2-იო. თქვენ დაინახეთ ასეთი რამე იმ პროცესებში, რაც არხზე ვითარდებოდა?

_ ბულინგი უწოდეს, რაც მე არ დამინახავს. იყო რაღაცა სინდისზე თუ მორალზე მითითებები, თუმცა არა მგონია ეს ბულინგი ყოფილიყო და არ მგონია, რომ ამას ემორჩილებოდეს ადამიანი და ისეთ გადაწყვეტილებას იღებდეს რაც მას არ სურს და უნდა სხვა. თუნდაც ეს უნდოდეს ნიკა გვარამიას ან სხვა თანამშრომელს. მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ ნიკა გვარამიას სიტყვებიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება მიიღეს ბიძინა ივანიშვილის, ქიბარ ხალვაშის და პაატა სალიას ქმედებებიდან გამომდინარე. ის თუ რა ფორმითაც გაათავისუფლეს მათ ის 5 ჟურნალისტი, რომლებიც მათ გაუშვეს არხიდან. აქედან გამომდინარე, მათ არ დატოვეს იმის იმედი, რომ ეს არხი იქნებოდა დამოუკიდებელი და მისი სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება.

_ მიმდინარეობს შეტევა ტვ პირველზეც. მისი ხელძღვანელის დაბარება დაკითხვაზე, შემდეგ მამამისისთვის ბრალის წარდგენა და სასამართლოს გადაწყვეტილება ამაზე მიანიშნებს. უკავშირდება თუ არა ეს იმას, რომ არხმა შეცვალოს პოლიტიკა?

_ გვინდა თუ არ გვინდა, ეს ასეა რომ უკავშირდება. ამას შეიძლება დაშინების ფუნქცია ჰქონდეს, შესაძლებელია მინიშნება იყოს, რომ არხს გააკოტრებენ და მის მფლობელებს დააპატიმრებენ. ამ ხელისუფლებისგან არაფერი აღარ არის გასაკვირი, პირველ რიგში კი ბიძინა ივანიშვილისგან. სწორედ მას ექვემდაბერებიან ყველანი. რთულია რაღაცების განჭვრეტა, იმიტომ რაღაცებზე რაზეც ვფიქრობდი, რომ ვერ გაბედავდნენ, გაბედეს. ასე, რომ არ არის გამორიცხული დააპატიმრონ კიდეც. ყველა ღონეს იხმარენ იმისათვის, რომ ტვ პირველიც გააუვნებელყონ.

მაგრამ, გულის სიღრმეში ვფიქრობ, რომ ამ საფრთხეს გადავურჩეთ და სხვანაირად მოხდეს ყველაფერი. თუნდაც იმიტომ, რომ ტვ პირველს დღეს არ აქვს ის გავლენა, რაც ჰქონდა რუსთავი 2-ს. დაახლოებით 4-5%-ია მისი რეიტინგი, მაშინ როდესაც რუსთავი 2-ის რეიტინგის 25-30%-ია. ვფიქრობ, რომ ერთი ჭკვიანი მრჩეველი მაინც ეყოლება გვერდით ხელისუფლებას და ასე პირდაპირ არ გადაუშვებს თავით ხევში. ეს წელი საერთოდ გადამწყვეტია და ვნახოთ როგორ განვითარდება პროცესები. დაველოდოთ პროცესების განვითარებას, მიჭირს პროგნოზების გაკეთებას, თუ აშკარად არ ჩანს ყველაფერი. შესაძლებელია, რომ ეს ქმედებები, რასაც ისინი ტვ პირველის მისამართით ახორციელებენ, გამაფრთხილებელი და შემაშინებელი იყოს, რომ ცოტა დარბილდით და ცოტა მოდუნდითო.

_ სხვა მედიასაშუალებებისთვისაც გამაფრთხილებელი სიგნალი ხომ არ არის, რომ მათზეც არ მიიტანონ შეტევა და ტოტალური კონტროლი არ დაიწყოს ყველა მედიასაშუალების?

_ რა თქმა უნდა. ასეთი შემთხვევები, როდესაც ერთს აფრთხილებ, ეს მოქმედებს სხვებზეც. ამას აქვს ეფექტი ყველაზე, ეს ყოველთვის ასე იყო. თუნდაც მაშინ, როდესაც მიტინგზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ეს მხოლოდ იმ ადამიანების დაშინება და დასჯა არ არის, რომელთა ბრალეულობაც არ მტკიცდება. ამის მთავარი მიზანი სხვა ადამიანების დაშინებაა. ზუსტად ასეთივე მეთოდები გამოიყენება ტელევიზიებთან მიმართებითაც. თუ აშინებენ ერთს, აშინებენ სხვებსაც, მაგრამ დღევანდელი ტელევიზიების ძირითადი ნაწილი მათი გავლენის ქვეშ არის და ბევრი აღარ დარჩათ შესაშინებელი.