“ნოდარ გამყრელიძემ დედა მოკლა, რაშიც მამა, ომარ გამყრელიძე, დაეხმარა” – რა მოხდა ყანდაურაში

"ნოდარ გამყრელიძემ დედა მოკლა, რაშიც მამა, ომარ გამყრელიძე, დაეხმარა" - რა მოხდა ყანდაურაშითელავის რაიონულ სასამართლოში ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე არსებით განხილვა იწყება. ამჯერად, სასამართლო 85 წლის ომარ გამყრელიძის საქმეს განზრახ მკვლელობაში შესაძლო დახმარებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით განიხილავს.

„პრაიმტაიმმა“ მოიპოვა ბრალის დადგენილება, რითიც ირკვევა, რომ პროკურატურა უშუალოდ მკვლელობას არა ომარ გამყრელიძეს, არამედ მის ვაჟს, ნოდარ გამყრელიძეს ედავება, ისიც მხოლოდ ერთ ადამიანთან მიმართებაში.

„ნოდარ გამყრელიძეს, გამოძიებით დაუდგენელი მოტივით, კონფლიქტი ჰქონდა თავის დედასთან, ელიზა გამყრელიძესთან, რის გამოც, შურისძიების მოტივით, გადაწყვიტა ელიზა გამყრელიძის განზრახ მკვლელობა. ომარ გამყრელიძემ, ელიზა გამყრელიძის განზრახ მკვლელობაში დახმარების მიზნით, ნოდარ გამყრელიძეს გადასცა გეკო 23 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ომარ გამყრელიძე თავის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა“.

ბრალის დადგენილების მიხედვით, იკვეთება, რომ ომარ გამყრელიძეს, გამოძიება, მხოლოდ ერთი ადამიანის მკვლელობაში დახმარებას ედავება.

ომარ გამყრელიძის ადვოკატი, გილერ ენდელაძე „პრაიმტაიმთან“ განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი, კიდევ ოთხი ადამიანის მკვლელობაში დაეხმარა ვინმეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჯერ მკვლელი არ დაუდგენიათ და ეს ვის დაეხმარა? ქვეყანას აცნობეს, ოთხი პირი მოკლაო და აღმოჩნდა, რომ ერთის მკვლელობაში დახმარებას ედავებიან. გარდა ამისა, ვინც მკვლელი ჰგონიათ, იმას თურმე დანაშაული უმოტივოდ ჩაუდენია და იმასაც, მხოლოდ დედა მოუკლავს“, – ამბობს ენდელაძე.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, მხოლოდ ერთი ადამიანის მკვლელობას ედავებიან. ესეც ძალიან რთული დასამტკიცებელი იქნება“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ნოდარ გამყრელიძის ადვოკატი გიორგი ქართლელიშვილი.

„პრაიმტაიმის“ მიერ მოპოვებულ საქმის მასალებში ელიზა გამყრელიძესთან ერთად მოკლული კიდევ ოთხი პირის შესახებ არაფერია ნათქვამი. ექსპერტიზით, მხოლოდ მათი გარდაცვალების მიზეზი, დრო და ადგილია დადგენილი.

„სამწუხარო პრაქტიკაა, როცა საზოგადოებამ იცის ერთი და სინამდვილე არის მეორე. ვიცოდით, თითქოს ხუთივე ერთმა ადამიანმა მოკლა, თან ქონებრივი დავის მოტივით. აღმოჩნდა, რომ კონფლიქტის მოტივი დადგენილიც არ არის“, – განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა, ლია ხუროშვილმა.

შეგახსენებთ, მკვლელობა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში 2 მაისს მოხდა. შემთხვევის დროს, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, მოკლეს ოთხი და დაჭრეს ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში, თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, გარდაიცვალა.

საქმის არსებითი განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში ხვალ, 13 საათზე დაიწყება.

პრაიმ ტაიმი

ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე 22 წლის სტუდენტი ომარიკო გამყრელიძეა დაკავებული – გამოძიებას მამამისზე, ნოდარ გამყრელიძეზე გასვლა სურს