“ოცნების” მინისტრები ხაზარაძის პარტიაში აპირებენ გადასვლას – პირველი მერცხალი შეიძლება გიორგი ქობულია იყოს

"ოცნების" მინისტრები ხაზარაძის პარტიაში აპირებენ გადასვლას - პირველი მერცხალი შეიძლება გიორგი ქობულია იყოსშორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა
მართალია, ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ხაზარაძე შეძლებისდაგვარად გაანეიტრალა, მაგრამ ის მის მთავარ თავის ტკივილად რჩება.
ამერიკელების მიერ მხარდაჭერილ ბიზნესმენს პარტია ჯერ არ შეუქმნია, მაგრამ რეგიონებში “ოცნების” წევრების ნაწილი მასთან აპირებს გადაბარგებას.
ამის შესახებ მმართველ გუნდშიც შესანიშნავად იციან და ამიტომაც არის, მამუკა ხაზარაძეს რომ თავს რისხვას ატეხენ. მიზეზები სხვაც აქვთ, მაგრამ ეს ერთ-ერთი უმთავრესია.
პარტიის რიგითი წევრების გარდა, ხაზარაძის ანუ მდიდრების პარტიაში შეიძლება “ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნებიც აღმოჩნდნენ.
გიორგი კვირიკაშვილის და აწიოკებული ბანკირის თანამშრომლობის შესახებ ყველასთვის არის ცნობილი. მათ პოლიტიკური ძმობა ერთმანეთს ჯერ კიდევ გასულ წელს შეჰფიცეს.
ბანკირის პოლიტიკური ძმადნაფიცი თავადაც აპირებდა პარტიის შექმნას და მდიდრების გაერთიანებაში შეიძლება არ შევიდეს.
“ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ მდიდრების პარტიაში შეიძლება ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულიაც ვიხილოთ.
ეს უკანასკნელი ეკონომიკის მინისტრად გასული წლის ზაფხილში დანიშნეს. ის უშუალოდ მამუკა ბახტაძემ ჩამოიყვანა მოსკოვიდან. რამდენიმე თვის წინ იმავე ბახტაძემ მოსთხოვა ქობულიას, პოსტი შენი ნებით დატოვეო. პრემიერმა ასეთი ბრძანება ივანიშვილისგან მიიღო.
ქობულია თავიდან გაჯიუტდა და პრემიერს უთხრა, თუ მაგარი ხარ, მომხსენიო. იმან ფეხი მოუქნია. ზოგიერთი წყარო ამბობს, ამოარტყა კიდევაცო. ასე იყო თუ ისე, ქობულია წავიდა. “ოცნების” კულუარებიდან გამოსული ინფორმაციით, მას ხაზარაძესთან ვიხილავთ. ფული არც მას აკლია და მდიდრების პარტიაში ამაყად შევა.
მდიდრების პარტიაში “ოცნების” კიდევ რამდენიმე მინისტრი შეიძლება ვიხილოთ, მათ შორის მოქმედი მინისტრებიც.
მმართველი პარტიის კულუარებში ძალიან აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ივანიშვილი მთელი მთავრობის გაშვებას აპირებს.
აქამდე ის მხოლოდ პრემიერის და რამდენიმე მინისტრის შეცვლას აპირებდა, მაგრამ ბოლო დროს გაუფასურებულმა ლარმა და ხელისუფლების რეიტინგის ვარდნამ “ოცნების” ლიდერს სხვა გადაწყვეტილება მიაღებინა.
სახელისუფლებო კულუარებში ამბობენ, რომ მან მთავრობას კატეგორიულად მოსთხოვა სიტუაციის გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ყველას სახლში გაშვებით დაემუქრა.
მათ შორის მაია ცქიტიშვილსაც, რომელიც მისი ნდობით აღჭურვილ პირად ითვლება და ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მომავალ პრემიერადაც მოიაზრებდნენ.
როგორც “ოცნებაში” ამბობენ, მთავარი მეოცნებე ისეა გაცეცხლებული, შესაძლოა, მის მარჯვენა ხელს, გიორგი გახარიასაც კი შეელიოს.
ჯერ ისევ მოქმედ მთავრობაში რამდენიმე ოფიციალური მილიონერი მინისტრი გვყავს. ამდენად, ისინი მდიდრების პარტიის კრიტერიუმს კარგად დააკამყოფილებენ.
ერთი პარტიიდან მეორე პარტიაში გადახტომა ჩვენში ჩვეულებრივი ამბავია და ერი არც ამათ დაუძრახავს, თუ “ოცნებიდან” გამოყრის შემდეგ ახალ ქოლგას მოძებნიან.
მოსალოდნელ სამთავრობო წმენდაზე უკვე სერიოზულად საუბრობენ მმართველ პარტიაში. შესაბამისად, ვიღაცებს მინისტრის პოსტების დაკავების სურვილმა შეუღიტინა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილი მთავრობაში არცერთი შეღიტინებულის შეყვანას არ აპირებს. განსაკუთრებით იმათ უყურებს ალმაცერად, ვისაც მაღალი თანამდებობა უკვე ეკავა.
და კიდევ, დიდი სამთავრობო წმენდის პარალელურად მმართველ გუნდში დიდ დაჭერებსაც ელოდებიან. “ოცნების” კულუარებში ამბობენ, რომ მთავარი მეოცნებე კორუმპირებულების აწიოკებას გეგმავს და ბევრ მათგანს შეიძლება სულ კაპიკ-კაპიკ მოუწიოს უკან მოპარული ფულის მოტანა.
ამ გზით ივანიშვილი დაცემული რეიტინგის ამაღლებას შეეცდება. თან წინ საპარლამენტო არჩევნებია, სადაც მას აშშ-ს მხარდაჭერილი მდიდრების პარტია დიდ წინააღმდეგობას გაუწევს.