დაკავებების ახალი სერია – ამჯერად ხელისუფლების სამიზნე ბიზნესია. „კურიერის“ ინფორმაცით, დაკავებულია ბენზინგასამართი სადგურების ქსელის „ფრეგოს“ მფლობელი.
ბიზნესმენი გიორგი თოფჩიშვილი უკვე გლდანის ციხეშია გადაყვანილი. მისი გარემოცვა კურიერს კონფიდენციალურობის დაცვას სთხოვს და რამდენიმე დეტალს უყვება. გზავნილში, რომელიც ბიზნესმენ თოფჩიშვილის ახლობლებმა „კურიერს“ გამოუგზავნეს, ვკითხულოთ – „ციხეში ამოლპობით ემუქრებიან“.
გიორგი თოფჩიშვილი და ვლადიმერ ყველაშვილი უკვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. საქალაქო სასამართლომ ორი დღის წინ მათ პატიმრობა შეუფარდა. მათ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მომზადებას ედავებიან.
„კურიერის“ გადამღები ჯგუფი „ფრეგოს“ ოფისში იმყოფებოდა. ოფისის წარმომადგენლების თქმით, თოფჩიშვილსა და ყველაშვილს არ იცნობენ. რეესტრის მონაცემებით კი, „ფრეგო „ჯგუფის“ დამფუძნებელი ნამდვილად არის, „შპს ფრეგოს“ 100%-იანი წილების მფლობელია თოფჩიშვილის მეუღლე ნინო გიორგობიანი.
კომპანიის წილები ამ დროისთვის დაყადაღებულია.
„საუბარია „ფრეგოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, თოფჩიშვილზე და ყველაშვილზე, რომლებიც ფინანსური დანაშაულის გამო არიან დაჭერილები, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ბატონი რამიშვილი, რომელიც მანამდე მუშაობდა რკინიგზაში, ანუ ბახტაძე იყო ხელმძღვანელი, ის არის უჩა მამაცაშვილის კადრი, ასევე მუშაობდა „არემჯი გოლდში“, ის პირადად ატერორებს ამ ადამიანებს და სთხოვს 5 მილიონ დოლარს თავისუფლებისთვის და ეუბნება, რომ თუ ამ 5 მილიონ დოლარს არ გადაიხდიან, ისინი ვერასდროს ვერ ეღირსებიან საპატიმროს დატოვებას.
ამიტომ მნიშვნელოვანია ახლა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდნენ ამ საქმით. ასევე მოვუწოდებ საგამოძიებო უწყებებს, დაინტერესდნენ ამ საქმით. ეს კონკრეტული ორი ადამიანი, რომელიც დღეს იმყოფება პატიმრობაში, რეალურად დანაშაულთან გვაქვს საქმე თუ უჩა მამაცაშვილს მოუნდა, დამატებით მილიონები აახიონ კონკრეტულ ბიზნესს,“ – განაცხადა “კურიერთან” ლევან ხაბეიშვილმა.

