პოროშენკოს წინააღმდეგ საქმე აღძრეს

პოროშენკოს წინააღმდეგ საქმე აღძრესუკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო ადამიანთა ჯგუფის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეს იძიებს. როგორც უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, შესაძლოა, ამ დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორი იყოს ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.

გამოცემისვე ინფორმაციით, საქმე 2018 წელს მალდივის კუნძულებზე საშობაო არდადეგების გატარებას ეხება. პოროშენკოსთან ერთად კერძო თვითმფრინავით კიდევ შვიდმა პირმა იმოგზაურა. გამოძიების ბიუროს ეჭვი აქვს, რომ ამ ადამიანებმა საზღვარი ყალბი დოკუმენტებით გადალახეს და ეს სასაზღვრო და საბაჟო ორგანოებმა დაუშვეს. შესაბამისად, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

სახელმწიფო გამოძიებას პროექტ „სქემის“ ჟურნალისტური კვლევა უძღოდა წინ. მათი გამოთვლით, პრეზიდენტის ამ შვებულებაზე 500 ათასი დოლარი დაიხარჯა.

პრეზიდენტის პრესსამსახურმა თავის დროზე განაცხადა, რომ პოროშენკო ახალ წელს შეხვდა სახლში, რამდენიმე დღე გაატარა ივანო-ფრანკოვსკის ოლქში და კერძო ვიზიტით იმყოფებოდა მალდივის კუნძულებზე. თვითონ პეტრო პოროშენკომ კი განაცხადა, რომ მალდივის კუნძულებზე მოგზაურობისას საზღვარი გადალახა საკუთარი პასპორტით, შესაბამისი რეგისტრაციით საზღვარზე, სატრანსპორტო და სასტუმროს ხარჯები კი თვითონ გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი საქმე არ არის, რომელშიც ექსპრეზიდენტი პოროშენკო მოწმის თუ ეჭვმიტანილის სტატუსით მონაწილეობს. რამდენიმე დღის წინ მან აშშ-საც სთხოვა დახმარება უკანონო სამართლებრივი დევნისგან დასაცავად.

იპნ