ქეთი კამკამიძე – “მან გააკავა ჩემი მეუღლე და სხვები ურტყამდნენ, ეს ერაყელი მოაშორე აქედანო” – რა მოხდა სამტრედიაში

ქეთი კამკამიძე - "მან გააკავა ჩემი მეუღლე და სხვები ურტყამდნენ, ეს ერაყელი მოაშორე აქედანო" - რა მოხდა სამტრედიაშიმოქალაქე ქეთი კამკამიძის ინფორმაციით, სამტრედიაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები მის მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც კამკამიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, შემთხვევა ქვეითთა გადასასვლელზე მოხდა.

“დილით გადავდიოდით ზებრა გადასასვლელზე. მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა ტალახი შემოგვაყარა. გამოვთქვი აღფოთება, ავტომობილი მობრუნდა, გადმოვიდნენ მთვრალი კაცები, დამიწყეს ლანძღვა და გადმოვიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. მივარდნენ და ცემა დაუწყეს ჩემს მეუღლეს, მეუბნებოდნენ, ეს ერაყელი მოაშორე აქედანო. საჭესთან იჯდა სასულიერო პირი, როდესაც ის მანქანიდან გადმოვიდა, გვეგონა, გააშველებდა, მაგრამ მან გააკავა ჩემი მეუღლე და სხვები ურტყამდნენ. ისეთი ამბავი იყო, მაგისტრალი გადაიკეტა და პატრული გამოვიძახეთ”, -განაცხადა ქეთი კამკამიძემ.

მისი თქმით, დილით მომხდარ ამბავზე სამედიცინო ექსპერტიზა ახლა ჩაუტარდათ.

“დილით მოხდა ეს ამბავი და მხოლოდ ახლა ჩატარდა ექსპერტიზა, სიწითლე და ჩალურჯება რომ გავიდა. გამოძიებას მივაწოდე დეტალური ინფორმაცია, სახელები და გვარები, მანქანის ნომერი და ამ დრომდე დაკავებული კი არა, დაკითხვაზეც არ ჰყავთ გამოძახებული. რას ელოდებიან, არ ვიცი. პირიქით, სამართალდამცველები ირონიულად იქცევიან” -განაცხადა ქეთი კამკამიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, მდინარეობს გამოკითხვები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. მათი თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.