რას ვერ იყოფენ გახარია და კალაძე

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა
მმართველ პარტიაში დალაგებული სიტუაცია არც ადრე იყო, მაგრამ ბოლო დროს იქ მაგრად აირია მონასტერი. არჩევნების მოახლოებასთან ერთად სიტუცია კიდევ უფრო დაიძაბება. ეს ბუნებრივი პროცესია – ასეთ დროს ყველა პარტიაში იძაბებიან.
“ქართულ ოცნებაში” კი ნამეტანი ადრე მოუწიათ დაძაბვა. აქ არჩევნებზე მეტად იმის ეშინიათ, თუ რას იზამს საშემოდგომოდ ბიძინა ივანიშვილი.
როგორც ამბობენ, სექტემბრიდან ქვეყნის არაფორმალური მმართველი პარტიის გასუფთავებას იწყებს. პარტიაში ელოდებიან, რომ რამდენიმე ხმაურიანი დაჭერის მომსწრენი გავხდებით.
დაჭერების პარალელურად მთავრობიდან რამდენიმე მაღალჩინოსანი წავა. წავლენ ისინი, ვის მიმართაც ხალხს განსაკუთრებული აგრესია აქვს.
ამ კრიტერიუმებით რომ ემოქმედა, მას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჯერ კიდევ ივნისში უნდა გაეშვა. ივნისიდან მოყოლებული, რუსთაველის გამზირზე ხალსი მის გადადგომას ითხოვს.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ ივანიშვილი შს მინისტრს მანამდე არ შეელევა, სანამ ის მისიას არ შეასრულებს. მისი მისია კი ასეთია – “ოცნებაშიც” და “ოცნებისთვისაც” პოლიტიკური ველი უნდა მოასუფთაოს.
რაღაც დოზით შს მინისტრმა ეს მოახერხს. მან თბილისის მერის, კახა კალაძის განეიტრალებაც კი მოახერხა.
როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, შს მინისტრმა იმდენი მოახერხა, რომ პარტიაში თბილისის მერის გავლენები შეამცირა. გახარიას სახელს უკავშირდება სპეცსამსახურებიდან კალაძის კადრების გაშვება.
მათ გარეშე თბილისის მერს ძალიან გაუჭირდება. “ოცნებაში” გვიყვებიან, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანი თბილისის მერს მმართველი პარტიის წევრების და მინისტრების საქმიანობაზე ყველა ინფორმაციას აწვდიდა.
ინფორმირებული კალაძე თავისას იოლად აღწევდა. გახარიას წყალობით, თბილისის მერამდე ბევრი აღარაფერი აღწევს. და მის ხმასაც ნაკლებად ითვალისწინებენ.
– კახა კალაძეს ბევრი ებრძოდა “ოცნებაში”, მაგრამ მხოლოდ გახარიამ შეძლო მისი განეიტრალება. დღეს მას მგონი მარტო ივლიანე წულაია ემორჩილება, ისიც იქეთ პრესავს მერს. შს მინისტრმა თბილისის მერის სკამს თითქმის ყველა ფეხი მოახერხა და ადრე თუ გვიან ეს სკამი წაიქცევა, – ამბობს ჩვენი წყარო.
მინისტრსა და მერს შორის უთანხმოება გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. ბასიანში ჩატარებულ სპეცოპერაციას დიდი აქცია მოჰყვა. სადაც ახალგაზრდები მთავარი პოლიციელის გადადგომას ითხოვდნენ. იმ აქციაზე გახარიას კალაძესთან დაკავშირებული ახალგაზრდებიც გმობდნენ.
ეს ამბავი გახარიამ გადააგორა, აქციაზე მივიდა და გამოსვლა ბოდიშით დაიწყო. 20 ივნისის შემდეგ, მას ბოდიში აღარ უშველის. 20 სექტემბერს თბილისში მისი გადადგომის მოთხოვნით დიდი აქციის გამართვა იგეგმება. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ამ აქციის დროს მერმა მინისტრს შეიძლება სამაგიერო გადაუხადოს.
თუ მანამდე ივანიშვილმა მთელი მთავრობა არ დაიფრინა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი