რობერტ კენედის მკვლელი სირჰან სირჰანი ციხეში დაჭრეს

რობერტ კენედის მკვლელი სირჰან სირჰანი ციხეში დაჭრესამერიკელი სენატორის და პრეზიდენტობის კანდიდატის რობერტ კენედის მკვლელი 75 წლის სირჰან სირჰანი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, კალიფორნიის ციხეში დანით დაჭრეს.

ეს 30 აგვისტოს, სან დიეგოს ციხის ეზოში, 2:30-ზე მოხდა. სირჰანი ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

პირი, რომელმაც სირჰანი დაჭრა, იზოლატორშია მოთავსებული.

რობერტ კენედი ჯონ კენედის მთავრობაში 1961 წელს აშშ-ის იუსტიციის მინისტრი გახდა. 1964 წელს, ძმის მკვლელობის შემდეგ, გადადგა და ამავე წელს აშშ-ის სენატის წევრად აირჩიეს.

ის 1968 წლის 5 ივნისს მოკლეს. მკვლელობა ლოს ანჯელესში, ამბასადორ ოტელში მოხდა, სადაც რობერტ კენედი მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავდა. ამ დროს მას მიუახლოვდა სირჰან სირჰანი და 22 კალიბრიანი რევოლვერით სასიკვდილოდ დაჭრა.

სირჰანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ 3 წლის შემდეგ განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.

რობერტ კენედის მკვლელი სირჰან სირჰანი ციხეში დაჭრეს