რომან გოცირიძე – “ივანიშვილი საკუთარი გუნდის წევრებსაც არ ინდობს”

რომან გოცირიძე - "ივანიშვილი საკუთარი გუნდის წევრებსაც არ ინდობს"ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.
– ბატონო რომან, “ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ ქმედებებს. რა ჩაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა?
– ის რეპრესიები, რაც ხელისუფლებამ ბოლო 2 თვის განმავლობაში განახორციელა, თავისუფლად ეყოფა საკვებად 2 კარგ მსუქან დიქტატორს რამდენიმე წლის განმავლობაში.
რომელი ერთი ჩამოვთვალოთ, რაც მოხდა 20 ივნისის შემდეგ – ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, მისთვის შინაპატიმრობის მისჯა, რუსთავი 2-ის დახურვა, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა და ქვეყნიდან გაუსვლელობის გადაწყვეტილების მიღება, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისათვის ანგარიშების გაყინვა, ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება, ანაკლიის პროექტის ფაქტობრივი დასამარება. ასევე ტვ პირველის საკითხი.
– ტვ პირველს რატომ ერჩიან?
– მათი მიზანია ამ ტელევიზიის დამფუძნებლებზე ზეწოლა და საბოლოოდ ამ ტელევიზიის ან გაჩერება ან მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.
– რა გზას დაადგა ივანიშვილი? რა არის მისი მიზანი?
– ივანიშვილი ფაქტობრივად გადასულია წინასაარჩევნოდ ტოტალურ რეპრესიებზე. ის ფიქრობს, რომ რადგან გასდის, ასე გააგრძელებს. ის ფიქრობს, ქუჩაში არავინ გამოდის, ტელევიზიები გაჩუმებულია, უცხოეთიდან თითს კი მიქნევენ, მაგრამ თითი ვისთვის არ დაუქნევიათ.
ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ყოველთვის, როდესაც რაღაც ზღვარს გადადის ქვეყნის ავტორიტარი მმართველი, როდესაც ის კარგავს რეალობის შეგრძნებას, როდესაც ძალადობრივი გზით სურს ძალაუფლების შენარჩუნება, ერთ მშვენიერ დღეს ხალხი იფეთქებს!
ყველას კარგად გვახსოვს თვალცრემლიანი ივანიშვილის განცხადება, ოღონდაც ახლა ჩემი კანდიდიატი სალომე ზურაბიშვილი გაიყვანეთ და მერე ნახავთ, 1 წელიწადში როგორ ლამაზ ცხოვრებას მოგიწყობთო. მთავრდება ის 1 წელიწადი, 2-3 თვე დარჩა იმ ვადამდე, ქვეყანაში სიტუაცია რომ უნდა გაუმჯობესებულიყო და კი არ გაუმჯობესდა, გაუარესდა.
გარდა იმისა, რომ მან რეპრესიები მოუწყო პოლიტიკურ ოპოზიციას, ასევე მედიას და ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის ობიექტი გახდა მრავალი ადამიანი, ოდნავი განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო დასაჯა საკუთარი გუნდის წევრებიც.
– ანუ არავის ინდობს, ვინც მის წინააღმდეგ მიდის?
– არავის, არც საკუთარი გუნდის წევრებს. ჩვენ ვნახეთ, როგორ გაყარა უმრავლესობიდან დეპუტატები, ეს პროცესი კვლავაც გრძელდება და ბოლო დღეებია, მიადგა ბიძინა გეგიძესაც, რომლის მიმართაც პრეტენზიები აქვს ის, რომ თურმე ის 2014 წელს მუშაობდა საქართველოს ფოსტაში და იმ დროინდელ საკითხებზე ედავებიან. თუ 2014-ში მასზე ეჭვები ჰქონდათ, 2016-ში როგორ მოხვდა “ქართული ოცნების” სიაში?!
– მაშინ რა ხდება?
– ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი და ნებისმიერ ადამიანს, ყოველთვის მოუძებნიან რეალურ ან გამოგონილ ცოდვას.
ივანიშვილის პრინციპი არის ასეთი – საკუთარი მომხრე, როგორი დამნაშავეც უნდა იყოს, არის სასარგებლო იდიოტი, ხოლო ვინც მისი წინააღმდეგია, ის არის მტერი.
თუ შენ ხელისუფლების მომხრე ხარ, შეგიძლია, ასობით მილიონები მოიპარო ბიუჯეტიდან, შენ გერგება ყველაზე მსუყე ლუკმა სახელმწიფო ტენდერებიდან, ამავე დროს ყველა ბიზნესში კარი ღია გექნება, მათ შორის გექნება საგადასახადო შეღავათები. გადასახადების არგადახდაც კი გეპატიება.
– ამასაც პატიობენ საკუთარ მომხრეებს?
– სწორედ რომ ასეა. ის, რაც ახლა მოხდა იგივე რუსთავი 2-თან დაკავშირებით, წარმოუდგენელია, რომ ოდნავი პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებს ჩაედინა.
რუსთავი 2 გადასახადებს არ იხდიდა იმის გამო, რომ ანგარიშები დაყადაღებული ჰქონდა, ქონება დაყადაღებული ქონდა, ამიტომ მას სახელმწიფოს ზეწოლის შედეგად წარმოექმნა პრობლემა. ამ ფონზე სრულიად გაუგონარია კომპანიამ განაცხადოს, მხედველობაში მაქვს იმედის ჰოლდინგი, რომ მან არ გადაიხადა 26 მილიონი ლარი იმის გამო, რომ კონკურენტი რუსთავი 2 არ იხდიდა.
ეს არის აბსურდი! ან საიდან იცოდა მაშინ, რომ რუსთავი 2 არ იხდიდა?!
მის ამ განცხადებას კი ძალიან მშვიდად იღებს ხელისუფლება. თუ ასეა, მაშინ რატომ უნდა გადაიხადოს გადასახადი ტელეკომპანია კავკასიამ, ან ტვ პირველმა?! ეს ხომ ბიზნესია, ეს ხომ კონკურენციაა?! ბაზარზე ყველა ერთმანეთის კონკურენტია – თუ სხვა ბიზნესი იხდის, რატომ არ იხდის ეს?!
– იმიტომ, რომ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება?
– ზუსტად ასეა. ქვეყანაში მეფობს კორუფცია, განუკითხაობა და ფაქტობრივად არ არსებობს არავითარი შანსი რაიმე ეკონომიკური წინსვლისა.
– ამდენ პრობლემაზე საუბრობთ და ამ ფონზე რატომ არის ჩუმად ოპოზიცია?
– ოპოზიციას აქვს დღის წესრიგი და ნამდვილად არ ვაპირებთ, ხელებჩამოშვებული ვიდგეთ, ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიურები, ვიქნებით ქუჩაშიც, პარლამენტშიც, მედიაშიც. რაც უნდა ჩაახშონ, მაინც არსებობს დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, ახალიც შეიქმნება და ჩვენ ხალხს სათქმელს ყოველთვის ვეტყვით.
მიუხედავად იმისა, რომ ამ წინასაარჩევნო პერიოდში ივანიშვილი აძლიერებს რეპრესიებს ოპოზიციაზე, ოპოზიცია გაორმაგებული ძალებით იმუშავებს. როდემდე გაგრძელდება ასე? კარგი გამოთქმა გვაქვს ქართველებს – აივსო მოთმინების ფიალა. მოთმინების ფიალა როცა აივსება, ამას ვეღარაფერი გააჩერებს. სიტუაცია უკვე აქეთკენ მიდის, სულ რამდენიმე წვეთი ჭირდება, რომ ეს ფიალა აივსოს, გადმოვიდეს და წალეკოს ეს ხელისუფლება.
მოვლენების განვითარების ეს სცენარი ჩვენ არ გვინდა, რადგან ეს იქნება ძალიან მძიმე ქვეყნისთვის. ამიტომ სანამ დროა, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს ივანიშვილი, დაფიქრდეს იმაზე, რომ საქართველოში ძალაუფლების უზურპაცია არავის გაუვა!
თუ მან არ შეწყვიტა ეს რეპრესიები, ის დაამთავრებს ძალიან ცუდად. დღეს ადამიანების განწყობა აჩვენებს ერთ რამეს, რომ ეს ხელისუფლება აუცილებლად უნდა წავიდეს და წავა კიდეც ამ შემოდგომაზე!